საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2020 წლის სხდომები

2020 წლის 13 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-13

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა.

დღის წესრიგი

რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მთავრობა 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს. ადგილზე პირველადი საჭიროების სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა.

„სამწუხაროდ, რაჭაში გვქონდა საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია. მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა საკმაოდ სწრაფად აღდგა. ასევე, ყველა სოფელს მიეწოდება, დღეის მდგომარეობით, როგორც წყალი, ისე ელექტროენერგია. თუმცა კაპიტალური სარემონტო სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და ჩვენ ვმსჯელობთ ამ კაპიტალური სამშენებლო სამუშაოებისთვის, განსაკუთრებით საგზაო მიმართულებით, დამატებითი თანხების გამოყოფაზე", - აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირება განხორციელდება, რათა, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ დარჩეს.

სუბსიდიის ოდენობა 10 თეთრით განისაზღვრება, რის შედეგადაც ფასი არასტანდარტულ ვაშლზე ფერმერებისთვის არანაკლებ 22 თეთრისა იქნება.

„ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში ჩვენ სექტორულად ვეხმარებით სხვადასხვა დარგს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას. ამის ძირითადი მიზანია, ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ დარჩეს. ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეებისთვის. მთავრობა ასუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას წელს და შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, იქნება ვაშლის მოსავლის დაბინავება. წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ. საბოლოოდ, ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არა ნაკლებ 22 თეთრისა. ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებით 10 თეთრის ოდენობით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ, გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს ავტომობილების განბაჟების ვადის 2021 წლის მარტამდე გადავადება დაავალა.

საუბარია 30 მილიონ ლარზე მეტ შეღავათზე, რომელიც 24 000 ავტომფლობელს შეეხება.


მთავრობის მეთაურის თქმით, ავტოიმპორტიორების მხრიდან შესაბამისი მიმართვა რამდენჯერმე იყო და მთავრობამ აღნიშნული ნაბიჯი ერთხელ უკვე გადადგა.

„კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, უკვე ფაქტია, იქნება გრძელვადიანი. ჩვენ რამდენჯერმე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა განბაჟებასთან დაკავშირებით. ეს ნაბიჯი ჩვენ ერთხელ უკვე გადავდგით და გადავავადეთ. ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ განბაჟების გადასახადი კიდევ გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, განბაჟების გადავადება ნიშნავს იმას, რომ საურავების დარიცხვაც არ მოხდება.

„ეს შეეხება დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს და ეს არის დაახლოებით 30 მილიონზე მეტი გადასახადის გადავადების შეღავათი. ეს აუცილებელია, რამეთუ ჩვენს ავტოინპორტიორებს მივეხმაროთ და ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური