საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2020 წლის სხდომები

2020 წლის 30 იანვრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-01-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.

დღის წესრიგი

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სამინისტროს მუშაობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი  ახალი სამუშაო ადგილებია.

„ბოლო ინიციატივა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 2 თვის წინ, ეს გახლავთ ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, განვითარდა ძალიან წარმატებულად. დღეის მდგომარეობით 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ როგორც ჩვენ დავპირდით ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ბიზნესს, ეს ნუსხა ყოველთვის იქნება მინიმუმ 100 ობიექტისგან შემდგარი. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს ნიშნავს დაჩქარებულ, ეფექტურ და სახელმწიფოსთვის შედეგიან პრივატიზებას. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის ახალი სამუშაო ადგილების, ახალი ინვესტიციების, ახალი ენერგიის ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა ყველა ის რესურსი, რომელიც არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში, ან საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული, იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში, მოხდეს მისი პრივატიზება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ კერძო სექტორი არის ეკონომიკის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

„მოგეხსენებათ, რომ კერძო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ისევე, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ამ ინიციატივასთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალიან კარგი, ახალი იდეა, რომელიც აძლიერებს ამ მიმართულებას. ეს გახლავთ იგივე მიდგომა სასარგებლო წიაღისეულის მიმართ, როგორც 100 დამატებითი საინვესტიციო პროექტის შეთავაზება ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, რომ ბუნებრივი რესურსების მართვა ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი. ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით დღეს სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე ძალიან სერიოზულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ასევე, ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის განკარგულებაზე, რომლის საფუძველზე, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა.

„ჩვენ მივიღეთ პირველ რიგში გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს დროებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დღეს შეგვეძლო გადაგვედგა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად,  შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას.

„ჯანდაცვის სამინისტრო არის ამ მიმართულებით მაკოორდინირებელი ორგანო, სხვა უწყებებიც და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ სრულად კოორდინირებული შესაბამისი ქმედებები ჰქონდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური