საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-12-03

  ..

მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელს, ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება ქვეყანა 1 წლის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ბიუჯეტი არის დაბალანსებული და მისი ძირითადი მიზნებია  პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, დახმარება ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა, ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის. 

„ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ სავალუტო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ და რომელიც არის წარმოდგენილი, დაბალანსებული ბიუჯეტი, ითვალისწინებს რა, ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, აუცილებელია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და აუცილებელია ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში. მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვაცხადეთ მოქალაქეებისა და ბიზნესის სოციალური მიზნობრივი მხარდაჭერის და ბიზნესის მხარდაჭერის მე-4 ტალღა, რომლის ძირითადი მოცულობა გახლავთ 1 მლრდ 420 მილიონი, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 მლნ, ხოლო დანარჩენი 1 მლრდ 140 მლნ გათვალისწინებულია 2021 წლისთვის. ამ ციფრების ძირითადი მიმართულება გახლავთ, პირველ რიგში, ჯანდაცვის მხარდაჭერა, რაც მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით განისაზღვრება 450 მლნ ლარით, რომლის ძირითადი ხარჯები გახლავთ კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია და ვაქცინაციისთვის მომზადება, ასევე ვაქცინების შესყიდვა და რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პრევენცია. მოქალაქეთა მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მლნ ლარი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მლნ ლარი,"- განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დღეიდან დაიწყო განაცხადების წარდგენა შემოსავლების სამსახურში. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებმაც, ვინც დროებით დაკარგეს შემოსავალი და თავად კომპანიებმაც (არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე), უნდა შეავსონ განაცხადი  დროულად, რათა მათ ახალ წლამდე მიიღონ დახმარება.

„დღეიდან, მოგეხსენებათ, ვიწყებთ აღრიცხვას მომართვიანობის ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარებისა იმ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ბოლო 2-თვიანი შეზღუდვების შედეგად დაკარგეს დროებით სამსახური და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის და ფინანსთა სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, რომ ეს დახმარება გაიცეს ახალ წლამდე, ხოლო მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, რომ მათ ეს დახმარება მიიღონ.  მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდის ლოდინი. ამასთან ერთად, განსაზღვრულია საკმაოდ სერიოზული თანხები დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობისთვის, ეს გახლავთ 103 მლნ ლარი, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, კრიზისის პირობებში იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და შესაბამისად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს ბიუჯეტი და ეს გახლავთ 4 მილიარდ ლარზე მეტი. ასევე, იზრდება განათლების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროების, ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის. 

ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე, გვექნება შესაძლებლობა, საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიებისა, ამ ბიუჯეტის ირგვლივ,"- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკზე და ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს პერიოდში, დღეში,   20 000 ტესტს მიაღწევს.

„ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმა, რამაც უნდა დაასტაბილუროს კოვიდის გავრცელების სისწრაფე ქვეყანაში. ჩვენ ამავდროულად ორთვიან გეგმასთან ერთად ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და უახლოეს პერიოდში მიაღწევს 20 000 ტესტს დღეში.  
ეს გახლავთ პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს ხარჯზე, გაიკეთონ ტესტი, ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაკეთდება. ეს არის იმის გარდა, რასაც კომერციული სექტორი გააკეთებს. ამ ნაბიჯს აქვს კონკრეტული მიზანი - შეზღუდვების ორ თვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რომ ჩვენ ინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ, მოვახდინოთ მათი იზოლაცია ან მკურნალობა, იმისთვის, რომ ორი თვის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში გვქონდეს შესაძლებლობა, სრულფასოვანი ცხოვრებით გავაგრძელოთ ცხოვრება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ-მინისტრმა კოვიდ 19-ზე საუბრისას აღნიშნა, რომ შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე. 

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის. ამ უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 

მისივე განცხადებით, ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერებისთვის ყველამ  უნდა დაიცვას კანონი და დაწესებული შეზღუდვები.

„ყველაფერთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 2 თვიანი გეგმა შეზღუდვების, ინტენსიფიკაცია ტესტირების, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენ, ეფექტურად, 2 თვეში შევაჩეროთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს არ შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ, როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად, დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები, რა თქმა უნდა, ეხება ყველას და მე მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ის წესები, რომელიც დადგენილია, როგორც მთავრობის, ეპიდემიოლოგების და ექიმების მხრიდან და რომელიც არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით. ეს არის პირველი მოთხოვნა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენ, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ მათი ჯანმრთელობა და ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე,   საგარეო საქმეთა მინისტრს, წარმატებული მონაწილეობა მიულოცა  და მადლობა გადაუხადა. მისივე შეფასებით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები იყო გაჟღერებული.

„რა თქმა უნდა, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ნატო-ს მყარი მხარდაჭერა „ღია კარის პოლიტიკის" გაგრძელების, რომელიც გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი თითოეული მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს, როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას და რა თქმა უნდა, მათ პრაქტიკული ნაბიჯებით და პრაქტიკული გეგმებით მხარი დაუჭირეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ეს ჩვენთვის, მოგეხსენებათ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის აღქმული სწორად ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისთვის და მათგან აქვს სრული მხარდაჭერა,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური