საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ესაუბრა ამოსაბეჭდი ვერსია

..

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ჰოსპიტალური სექტორის რესურსის დაზოგვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ინფიცირების რაოდენობა მზარდია, აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებით შეფერხებები არ შეიქმნას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით მნიშვნელოვანია საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტების სასტუმროებში გადანაწილება და ამ ნაწილში, ყურადღება გამახვილდა უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობაზეც, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვების 2-თვიანი გეგმიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მობილობა საგრძნობლად შემცირდება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და მომდევნო პერიოდში სიტუაციის დასტაბილურებას.

კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ საწოლფონდთან, წინა შეხვედრის შემდეგ მოძიებულ დამატებით რესურსებთან და იმ რეზერვებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მობილიზდეს. ითქვა, რომ კვლავ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვაზე და ბოლო ერთ კვირაში გაიზარდა ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობაც.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს ინტენსიურად მართავს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური