საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების გადამზადებული სტუდენტები და მოხალისე ექიმები ერთვებიან ამოსაბეჭდი ვერსია

2020-11-06

  ..

კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების გადამზადებული სტუდენტები და მოხალისე ექიმები ერთვებიან, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

გარდა იმისა, რომ ვირუსთან ბრძოლის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების გადამზადებული უფროსკურსელები სხვადასხვა ფორმით უკვე ჩართული არიან, ასევე მაღალი ინტერესია მოხალისე სტუდენტების მხრიდან, რომლებიც როგორც ჯანდაცვის უწყებას, ისე განათლების სამინისტროს მიმართავენ. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინაციით, იქმნება მოხალისეთა ბაზა, რომელიც როგორც გადამზადებულ სტუდენტებს, ასევე პენსიონერ ექიმებს აერთიანებს. ისინი ნაწილდებიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული ინფიცირების შემთხვევების მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში მოქმედი ონლაინკლინიკების მეშვეობით. ასევე, დამატებით მიმდინარეობს ყველა იმ სხვა პროფილის ექიმების მობილიზება, რომლებიც შესაბამის უნარ-ჩვევებს ფლობენ და პაციენტების მართვა შეუძლიათ.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებას. ამისთვის აუცილებელია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია. აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება, არის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით. ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, გადავიდნენ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს პანდემიის კუთხით გლობალურად არსებული ვითარება, რომელიც უარესდება. გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 600 000-ს გადააჭარბა, ხოლო ჯამური რიცხვი 49 მილიონს აღემატება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აღინიშნა, რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის პირობებში, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენცია მსოფლიოში ყველა ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტია.

ამასთან, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, დედაქალაქის მერია დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს.

გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი რიგების მართვის მეშვეობით მოხდება, რათა შეძლებისდაგვარად შეეშალოს ხელი ვირუსის შესაძლო გავრცელებას.
ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებები "ვარკეთილის", "ახმეტელის თეატრის", "დიდუბისა" და "სადგურის მოედნის" მეტროსადგურებზე განხორციელდება.

გარდა ამისა, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტზე მსჯელობს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შენელებას უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 51 993 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 37 019 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 423 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3094 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 2 438 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 618 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური