საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-07

წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ - არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები, არ დავხუროთ პოლიტიკური პროცესი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის გლობალური წესები, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ამ წესების დაცვის დისციპლინა არის იმის გარანტი, რომ ქვეყანა მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას.

„ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვაფიქსირებთ, რომ ვიმყოფებით ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, რაც ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ეტაპი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ფუნქცია იცოდეს ზუსტად - სახელმწიფომ, მოქალაქემ, ისევე, როგორც კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთო ჯამში - ბიზნესმა. მთავარი არის ის, რომ ამ ადაპტაციის ეტაპზე ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს უნდა ხდებოდეს გარკვეული წესებით და ეს წესები ძალიან მარტივია შესასრულებლად. ეს წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ - არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები, პოლიტიკური პროცესი და ამისთვის  გვჭირდება წესების დაცვა. ეს არის გლობალური წესები, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ამ თანაცხოვრების ხარისხი, წარმატება და ჩვენი დისციპლინა, რომლითაც ამ წესებს დავიცავთ, არის იმის გარანტი, რომ ჩვენ წყნარად, მშვიდად, ნორმალურად გავაგრძელებთ ცხოვრებას. აღვადგენთ ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს და მშვიდობიანად, ყველანაირი დაძაბულობის გარეშე ჩავატარებთ პოლიტიკურ პროცესებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვირუსის გამოჩენიდან დაახლოებით  7-8 თვე გავიდა და გამოწვევა იმდენად გლობალურია, რომ მსოფლიოში, ჯერჯერობით, პირბადის, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვის ელემენტარული წესების გარდა, ვირუსთან გამკლავების სხვა უფრო ქმედითი, ეფექტური ინსტრუმენტი ვერავინ მოიგონა.

პრემიერმა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას თავიდანვე თანმიმდევრული მიდგომა ჰქონდა. 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პირველი ეტაპის შემდეგ, რომელიც იყო შეკავების და რომელსაც თავისი მიზანი ჰქონდა, ამ მიზნებს წარმატებით მიაღწია და წარმატებულად შეფასდა მთელს მსოფლიოში, ჩვენ გადავედით ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე. აქ პირველია სწრაფი გამოვლენა, რომელსაც აქვს თავისი ინსტრუმენტები - ეს არის ეფექტური და მიზნობრივი ტესტირებების ხარისხის ზრდა. შემდეგია სწრაფი მკურნალობა, რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ კლინიკური ჯგუფის საშუალებით, კლინიკურ პროცესებში ცვლილებების და კლინიკური პროცესების მართვაში ცვლილებების შეტანით. მესამე კი არის ადამიანი ნორმალური, სწრაფი დაბრუნება ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც უფრო ეკონომიკური განზომილებაა", -  აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, თუ პანდემიის დასაწყისში საქართველოში ტარდებოდა 200 PCR-ტესტი, დღეს ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ კუთხით არსებული რესურსიც შეუზღუდავი არ არის და ეს პროცესი უნდა იყოს მიზნობრივი. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ტესტირების ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანია ექიმების ტესტირება, რათა ექიმებს შორის ინფიცირების ტალღების პრევენცია მოხდეს.

„მიზნობრივი ტესტირება ნიშნავს იმას, როდესაც ადამიანს უჩნდება პირველი სიმპტომები, რა თქმა უნდა, ის უნდა გაიტესტოს. რა არის სისტემური ტესტირება? სისტემური ტესტირება არის კონკრეტული სოციალური ჯგუფების ტესტირება მაგალითად ექიმების, მასწავლებლების, პოლიციელების, მძღოლების, ეს კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვანი, ცხოვრების მიმდინარეობის განმსაზღვრელი სექტორები არ გაჩერდეს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ის, რომ დღეს საქართველო, საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს 100 000 მოქალაქეზე, არის იმის გარანტი, რომ მსხვილი რისკები სოციალურ ჯგუფებში არ შეიქმნას.

„წესად უნდა მივიღოთ, რომ ინფიცირებულის კონტაქტები გადავიდეთ თვითიზოლაციაში და თუ რაიმე სიმპტომი არ გვაქვს, ვიყოთ ოჯახის ექიმის მართვაზე. ეს არის ის ცვლილება, რაც ჩვენ კლინიკური მართვის ნაწილშიც შევიტანეთ. სწრაფი გამოვლენის ეტაპი ნიშნავს მიზნობრივი ტესტირების ხარისხის გაზრდას და სისტემურ ტესტირებას. ეს არის ერთი ეტაპი, რომელიც უკვე დალაგებულია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, კლინიკურ მართვაში შეტანილია სერიოზული ცვლილებები, რომელიც სრულად თანხვედრაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან და ეს ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი, ან უსიმპტომო პაციენტების მართვა, პირველადი ჯანდაცვის რგოლების შესაბამისად, ბინაზე მოხდება. 

„იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ იზოლაციაში ყოფნის ელემენტარული წესების დაცვის შესაძლებლობა, ასეთი შემთხვევებისთვის შევქმენით კოვიდ-სასტუმროები, სადაც ისინი იზოლაციაში მოთავსდებიან და მათი მკურნალობა გაგრძელდება. როგორც კი აქ ჩნდება პირველი სიმპტომები, რა თქმა უნდა, ერთვება სწრაფი გამოვლენის პირველი ეტაპი - ტესტირება და ეს ადამიანი ექვემდებარება სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას. აქ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს, სამედიცინო სისტემის კრიტიკული და მძიმე პაციენტების მართვის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში, სრულად არის მზად იმისთვის, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტები სწორად მართოს. ამისთვის არის შექმნილი კლინიკური ჯგუფიც, ამისთვის ჩვენ უკვე შევქმენით რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სრულად მართავს ამ პროცესს", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მესამე ეტაპია ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფად დაბრუნება და ამ პროცესში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სახელმწიფოსა და ორგანიზაციებს, ისე თითოეულ მოქალაქეს. 

„ეტაპები გააზრებულად, თანმიმდევრულად სრულად არის სტრუქტურირებული. ჩვენ ვამბობთ, რომ პირველი ეტაპი არის სწრაფი გამოვლენა, ეს ეხება პირდაპირ მიზნობრივი ტესტირების ხარისხს, მეორე ეტაპია სწრაფი მკურნალობა, რომელიც ეხება კლინიკური მართვის პროცესის უფრო ეფექტურად მორგებას დღევანდელი ადაპტაციის ეტაპისთვის და მესამე ეტაპია ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფად დაბრუნება. აქ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წესების დაცვა. ჩვენ პირბადე უნდა გავიკეთოთ და სოციალური დისტანცია დავიცვათ პირველ რიგში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა და სამუშაო ადგილების აღდგენა სხვებთან შედარებით უფრო ეფექტური და სწრაფი იყოს, რასაც აქამდეც სხვებთან შედარებით ბევრად უკეთ ვაკეთებდით და რასაც ვაგრძელებთ. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე კომპონენტი გვემატება - პირველი არის საარჩევნო-პოლიტიკური პროცესი, რომელსაც არ და ვერ გავაჩერებთ. მიუხედავად ზოგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა, ეს არის ხელშეუხებელი პროცესი და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, პირბადით, დისტანციის დაცვით, არის პრიორიტეტი, რომლითაც საქართველომ მთელს მსოფლიოს უნდა ანახოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა, მთავრობა, მოქალაქე, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციები ზედმიწევნით იცავენ წესებს და აქვთ დისციპლინის მაღალი ხარისხი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებსაც - ეს არის თერმოსკრინინგი და შესაძლებლობის შესაბამისად, მაქსიმალურად დისტანციურად მუშაობა. 

„თუ რომელიმე თანამშრომელი არის ინფიცირებულის კონტაქტი, მას უნდა მივცეთ საშუალება და მოვუწოდოთ, გადავიდეს თვითიზოლაციაში, ეს არის ელემენტარული წესების დაცვა. საჭიროა სამუშაო ადგილზე დისტანციიის დაცვა, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება და ა.შ. რაც შეეხება მოქალაქეებს, მათი მხრიდან მარტივი წესებია დასაცავი, პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო - 8 თვე გავიდა პანდემიის დაწყებიდან და ვერავინ, ვერც ერთმა უძლიერესმა სისტემურმა სახელმწიფომ თავის მოქალაქეს ვერ შესთავაზა უფრო ეფექტური და ქმედითი წესები, მკურნალობის უფრო ეფექტური ხერხი ან თავდაცვის საშუალება, გარდა პირბადის ტარების, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური წესების დაცვისა. ამიტომ, იმ შემთხვევაში, როდესაც ელემენტარული სიმპტომები გვიჩნდება, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, მივმართოთ ოჯახის ექიმს, პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ან დავრეკოთ 112-ზე. ყველა დონეზე სრულად დატრენინგებული არიან შესაბამისი თანამშრომლები, როგორ უნდა მართონ ადამიანი, როდესაც მას გაუჩნდება სიმპტომები, რა შემთხვევაში უნდა იყოს ბინაზე მკურნალობა და რა შემთხვევაში ტესტირება და სტაციონარში გადაყვანა. ეს ყველაფერი მკაფიოდ დალაგებულია და მუშაობს. ჩვენი მოქალაქეებისადმი მოწოდებაა, დავიცვათ წესები, რომელსაც ჩვენი ექიმები გვთავაზობენ", - აღნიშნა პრემიერმა. 

რაც შეეხება მაღალი რისკის ჯგუფის მოქალაქეებს - ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, მთავრობის მეთაურის განცხადებით, მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იქნება როგორც სამედიცინო სექტორის მხრიდან, ასევე საჭიროა მათთან მიმართებაში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. 

„საბოლოო ჯამში, მოქალაქეების პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა; როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციების პასუხისმგებლობაა - მაღალი ხარისხის დისციპლინა. თითოეული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირადი პასუხისმგებლობა იქნება რამდენად ეფექტურად იმართება კოვიდის რისკები იმ პროტოკოლების შესაბამისად, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დამტკიცებული აქვს, ერთხელ უკვე დაგზავნილია ყველგან და კიდევ ერთხელ დავაგზავნით. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ის მოიცავს სწრაფ გამოვლენას, რაც ნიშნავს ტესტირების ეფექტურ და მიზნობრივ მართვას; სწრაფ მკურნალობას, რაც ნიშნავს კლინიკური პროცესის ეფექტურ მართვას და მესამე, რა თქმა უნდა, ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფ დაბრუნებას", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მთავრობის მეთაურის განმარტებით, დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყნად და სხვებთან შედარებით ეფექტურად მართავს პანდემიას ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, მაგრამ ესეც არ არის მთავარი განმსაზღვრელი. 

პრემიერის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რისკები არ შეექმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას, ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და საარჩევნო პროცესს. 

„ჩვენ შეიძლება, მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რომ არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ საარჩევნო პროცესი და ჩავატაროთ ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში საქართველოში", - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ-მინისტრმა განცხადების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. 

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური