საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - წარმატება, რომელიც პირველ ეტაპზე გვქონდა, აუცილებლად უნდა გავიმეოროთ და ამისთვის საჭიროა, სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად - მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-05

  ..

ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი, რომ დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რათა პროცესები რთული სამართავი არ გახდეს.

„ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი, რომ დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს. მეორეს მხრივ, ეს იწვევს იმას, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, სხვანაირად ეს ყველაფერი უკიდურესად რთული სამართავი იქნება ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის ფონზე პრობლემები არ შექმნილა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი შეუზღუდავია.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაწესებულებებმა უნდა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექცია და თანამშრომლების კონტროლი, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. ყველას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ნებისმიერ რესურსს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. შეზღუდვებს რომ თავი ავარიდოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები - პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის ნორმები და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით აჭარაში. ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩით სახლში, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რომ დარჩით სახლში, ახლა არის სწორი მომენტი ამისთვის. დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს ვალდებულებაა, პირველ რიგში სწრაფი ტესტირება, სწრაფი გამოვლენა, შემდგომ 112-ის და ცხელების ცენტრების სწრაფი ტრიაჟის სისტემა, შემდგომ კლინიკური ჯგუფის ახალი მიდგომა - ვმართოთ მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები 112-ით, ტელემედიცინით და ჯანდაცვის პირველადი სექტორით, შემდგომ - კარანტინის სივრცეები და მძიმე პაციენტები, რა თქმა უნდა, ჰოსპიტლებში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დაწყებიდან დაახლოებით 8 თვე გავიდა, ფაქტია, თანამედროვე მსოფლიომ ახალი ვერაფერი შესთავაზა მოსახლეობას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში - ისევ პირბადე, დისტანცია, დიდი რაოდენობის არასაჭირო სოციალური თავშეყრებისგან თავის არიდება და ა.შ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე მოქალაქეებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები.

„არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია. არ არის ასე, ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი. ის წარმატება, რომელიც ჩვენ პირველი ტალღისას და პირველ ეტაპზე გვქონდა, რომ გავიმეოროთ და აუცილებლად უნდა გავიმეოროთ, ამისთვის საჭიროა, რომ ამ სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად - მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა, ყველას ჰქონდეს გადანაწილებული შესაბამისი პასუხისმგებლობა და ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამას. რასაც ვხედავთ, ინფიცირებულების რაოდენობა მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც ჩანს, კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა დაუფიქრებლად რაღაც შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ. ამას არ ვაპირებთ, ასეთი აუცილებლობა და საჭიროება არ არსებობს, ვმართავთ პროცესს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური მართვის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ აქამდე გვქონდა, გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობაზე ვიფიქროთ," - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური