საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის ერთობლივი განცხადებები მედიისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2020-09-29

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:


პრემიერ-მინისტრო გახარია, ძვირფასო გიორგი, დიდი სიხარულით მოგესალმებით ნატოს სათავო ოფისში. მე დიდად ვაფასებ მჭიდრო და მტკიცე პარტნიორობას საქართველოსა და ნატოს შორის. ასევე სიხარულით მივესალმები ნატოს სათავო ოფისში საგარეო საქმეთა მინისტრს, რადგან ეს ასახავს ჩვენი პარტნიორობის პოლიტიკურ მნიშვნელობას.

საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელსაც მრავალმხრივი წვლილი შეაქვს ალიანსის საერთო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატოს საწვრთნელ მისიაში ქართველ მებრძოლთა მონაწილეობის მეშვეობით. ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ იმით, რასაც ვაკეთებთ ერთად და თქვენც უნდა იამაყოთ თქვენი წვლილით ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში და ნატოს მისიებსა და ოპერაციებში.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ნატოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. წელს მოკავშირეები შეთანხმდნენ ნატო-საქართველოს პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საჰაერო მიმოსვლის შესახებ მეტი ოდენობის რადარების მონაცემების გაზიარებას, ჰიბრიდულ საფრთხეებზე თანამშრომლობას და შავი ზღვის რეგიონში ერთობლივი წვრთნების ჩატარებას.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის აღიარებაზე და გაიყვანოს თავისი ჯარები.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს რეფორმების გზაზე. თქვენმა ქვეყანამ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე. მოგიწოდებთ, განაგრძოთ ნატოსთან დაახლოებისთვის არსებული ყველა შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება და მოემზადოთ წევრობისთვის. ჩვენ გვაქვს საქართველოს იმედი, რომ ოქტომბერში დანიშნული არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის.

პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ ნატოში სტუმრობისთვის. მადლობა ნატოს სათავო ოფისში ჩემთან შეხვედრისთვის და ალიანსის მიმართ პირადი ერთგულებისთვის. ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უზრუნველყოფს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და დაცულობას.

კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია:


ბატონო გენერალურო მდივანო, უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მასპინძლობისთვის და ძალიან ნაყოფიერი შეხვედრისთვის. პირადად ჩემთვის ეს იყო ძალიან არსებითი საუბარი.

გენერალურ მდივანთან მეტად ნაყოფიერი შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი, მათ შორის ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დინამიური ხასიათი, მაღალი დონის შეხვედრების დიდი რაოდენობა და 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების წარმატებით ჩატარება.

აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმოადგენს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილების შენარჩუნება, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნატოს სრულფასოვანი წევრობისთვის მომზადებაში.

ჩვენ ხაზი გავუსვით საქართველოს მზადყოფნას მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ხაზი გავუსვით პრაქტიკული მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით და შავი ზღვის უსაფრთხოება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი თანამშრომლობისთვის.

ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის ვიწრო პარადიგმის კონტექსტში და აღვნიშნეთ ჩვენი როლის მნიშვნელობა უფრო ფართო  - შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ნატოს მიერ ღია კარის პოლიტიკის გაგრძელება.

ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მადლობას მოვახსენებ ბატონ გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს მხარდაჭერისთვის.

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმები.

კიდევ ერთხელ, მადლობას მოვახსენებ ბატონ გენერალურ მდივანს ჩვენი მასპინძლობისთვის და ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.


კითხვა-პასუხი:


ტელეკომპანია „იმედი" - დილა მშვიდობისა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ბრიუსელში, ნატოს სათავო ოფისში. ბატონო გენერალურო მდივანო, ძალიან სასიხარულოა თქვენი ნახვა, რადგან პანდემია ამის საშუალებას აღარ გვაძლევს. როგორ აფასებთ საქართველოს პროგრესს ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე? ასევე, რა შესაძლებლობებს ხედავთ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით? თქვენ ახსენეთ შავი ზღვა. თქვენი აზრით, რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს ამ მიმართულებით? ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ამ საკითხს, მაგრამ სასურველია, რაც შეიძლება მეტი მოვისმინოთ თქვენგან. ბატონო პრემიერ-მინისტრო, რა გზავნილი ჩამოუტანეთ ნატოს? გმადლობთ.

იენს სტოლტენბერგი - გმადლობთ. პირველ რიგში, მე მაღალ შეფასებას ვაძლევ საქართველოს იმ პროგრესისთვის, რომელსაც მან მიაღწია ბოლო წლებში რეფორმების გატარების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ასევე სადაზვერვო ინფორმაციაზე, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული ზედამხედველობის განმტკიცების, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის გაღრმავების და ბევრი მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით. განსაკუთრებით აღვნიშნავ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაგრძელების და უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული ზედამხედველობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ყველა ამ მიმართულებით საქართველომ მიაღწია და განაგრძობს წინსვლას. ჩვენ მივესალმებით ამას და მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს კონცენტრირება რეფორმების გატარებაზე, რაც ასევე აღვნიშნეთ ჩვენი შეხვედრის დროს.

სასიხარულოა, რომ ნატოს და საქართველოს თანამშრომლობა დღეს აქამდე არნახულ ნიშნულზეა. როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, დღეს საქართველოში მეტი ნატოა და ამავე დროს, ნატოში მეტი საქართველოა - უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე. ჩვენი თანამშრომლობა ნაბიჯ-ნაბიჯ სულ უფრო იზრდება.

ბოლო დროს ჩვენ მეტ ყურადღებას ვუთმობთ შავი ზღვის რეგიონს და საზღვაო პოტენციალის განვითარებას, ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასა და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, ასევე სანაპირო დაცვის მხარდაჭერის და ნატოს ხომალდების მიერ სხვადასხვა პორტში შესვლის გზით.

დღევანდელი შეხვედრის დროს ჩვენ ასევე აღვნიშნეთ შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის.

შესაბამისად, მე მივესალმები ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ ამ მიმართულებით.

ამჟამად განვიხილავთ ჩვენს თანამშრომლობაში დამატებითი კომპონენტების შეტანის საკითხს, რაც მოიცავს საჰაერო მიმოსვლის მონაცემებს. იგულისხმება საჰაერო რადარების ინფორმაციის გაზიარების გაუმჯობესება, რაც სასიკეთო იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის - რეგიონში, სადაც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალები აქტიურად იკიდებენ ფეხს.

გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის მხრივ. შავი ზღვის რეგიონში ჩვენ ასევე ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს - მაგალითად, „ღირსეული პარტნიორი".

როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ ახლა ვთანამშრომლობთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გადახალისებაზე.

ასე რომ, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ უფრო აქტიურად ვთანამშრომლობთ და დიდ მადლობას მოვახსენებთ საქართველოს ავღანეთში საწვრთნელ მისიასთან დაკავშირებული ძალისხმევისთვის. წლების განმავლობაში საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს ამ მისიაში შეტანილი წვლილის მხრივ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას ავღანეთში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეს არის სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერის საუკეთესო გზა. ვიმეორებ, ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს პროგრესს. იმედის თვალით შევყურებთ ჩვენი პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას და წინსვლას შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

გიორგი გახარია - შევთანხმდით, რომ ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური თანამშრომლობა. პრაქტიკულ დონეზე ეს გულისხმობს წვრთნებს და ამ მხრივ 2019 წელი განსაკუთრებით გამოირჩევა. ამავე დროს, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა რეფორმების გაგრძელება რიგი მიმართულებებით. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს ახალი როლის, ახალი ფუნქციის იდენტიფიცირება. ჩვენ ვუყურებთ შავი ზღვის უსაფრთხოებას, როგორც შესაძლებლობების ფანჯარას საქართველოსთვის ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.

ამავე დროს, საქართველოში მოახლოვდა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ეს იქნება შემდგომი ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. ეს ასევე იქნება შემდგომი ნაბიჯი ნატოსთან პოლიტიკურ განზომილებაში თანამშრომლობის გაღრმავების გზაზე.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური