საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო ამოსაბეჭდი ვერსია

2020-09-07

.

1-ელ ოქტომბრამდე, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში განახლება, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში, გადაიდება. 15 სექტემბრიდან სწავლა განახლდება დისტანციურ რეჟიმში; 15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, კერძოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, რომლებთანაც მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი, მოეთხოვებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხის წარმოდგენა; 15 სექტემბრიდან - სავალდებულო კარანტინის ვადა მცირდება 8 დღემდე, ნაცვლად 12 დღისა, რაც ნიშნავს იმას, რომ კარანტინში მყოფ პირს მე-8 დღეს ჩაუტარდება ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი მე-9 დღეს დატოვებს კარანტინს და მე-12 დღეს სავალდებულოდ გამოცხადდება შესაბამის დაწესებულებაში PCR ტესტის განმეორებით ჩასატარებლად; დახურულ სივრცეში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ გამართვასთან დაკავშირებით ადმინისტრირება მკაცრდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებზე მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო, სასწავლო პროცესის განახლება კი მობილობის კიდევ უფრო მაღალ ზრდას გამოიწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, ხოლო საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში - 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდას მოველოდით და ამისთვის როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი მზად არის. მთავარია, რომ ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი მობილობის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს, ჩვენ დღეს გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 34 ახალი შემთხვევაა, საიდანაც 32-ის წყარო დადგენილია, მათგან 20 შემთხვევა კი ბათუმს უკავშირდება. შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, რომელიც კვირაში ერთხელ ტარდებოდა, ამიერიდან კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება.

გარდა ამისა, საქართველოში შემომსვლელ იმ ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, რომლებთანაც მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი და ამ დრომდე ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, 15 სექტემბრიდან მოეთხოვებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხის წარმოდგენა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს აუცილებელია მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების უფრო ეფექტურად მართვისთვის.

„ეს აუცილებელია, რათა ჩვენ, ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებთან ერთად, დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეების და მათ შორის, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა და უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს ეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ და რომლებთანაც მოქმედებდა ნაცვალგების პრინციპი. მათ ჩვენი მხრიდან უწესდებათ PCR ტესტის მოთხოვნა 15 სექტემბრიდან, რადგან ადამიანებს, რომლებსაც უკვე ბილეთი აქვთ შეძენილი და მოემგზავრებიან საქართველოში,  დამატებითი დისკომფორტი არ შევუქმნათ", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება სავალდებულო კარანტინს, 15 სექტემბრიდან კარანტინი 12 დღის ნაცვლად 8 დღეს გაგრძელდება, საკარანტინო სივრცეს მოქალაქეები, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მე-9 დღეს დატოვებენ, თუმცა მათ ექნებათ ვალდებულება, მე-12 დღეს კიდევ ერთხელ ჩაიტარონ ტესტირება.

„ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად და რაც მთავარია, ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს და სოციალურ ცხოვრებას", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

„აშკარა მაგალითი გვაჩვენა აჭარის რეგიონმა, სადაც, ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ქორწილები ჩატარდა და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო. ამიტომ, დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით უკიდურესად გამკაცრდება. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცის პირობებში შედარებით მსუბუქი მოთხოვნები იქნება,"- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეის მდგომარეობით, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისია, რათა კიდევ უფრო ეფექტურად იმართოს ვირუსის გავრცელება.

„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. ცალკე აღებული საქართველო გლობალურ პანდემიას სრულად, რა თქმა უნდა, ვერ დაამარცხებს. ჩვენ უნდა შევძლოთ, ვითარება ვმართოთ ეფექტურად და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, შესაბამისი რაოდენობის PCR ტესტების ჩატარების შესაძლებლობა გვქონდეს და რისკები შევამციროთ, რასაც წარმატებით ვაკეთებთ. მინდა, ყველა დავაწყნარო, დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკაც, ახლა ქვეყნის მასშტაბით სასწავლო წელსაც დავიწყებთ და მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, არანაირი რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის არ იქნება. ჩვენ ამას ვმართავთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა განცხადების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, ჩაიკეტება თუ არა ბათუმი, პრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს საკარანტინო სივრცეების უსიმპტომო პაციენტების მკურნალობისთვის გამოყენების თაობაზე. გიორგი გახარიას განცხადებით, 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის, სასტუმროებშიც გაგრძელდეს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ყველაფერი კლინიკური ჯგუფის მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით განხორციელდება.

„ეს შესაძლებელია, ასეთი გეგმა გვაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ მათ უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ და ეს ყველაფერი მათი პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია და შეთანხმებულია, როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან.

„არანაირი პრობლემა, ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით, ხმის მიცემის პროცესს, არ ექნება. ყველაფერი დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით ჩატარდება", -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვერავინ და ვერაფერი ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს და ვერავინ და ვერაფერი დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას, რა გახდა სავალდებულო კარანტინის 12-დან 8 დღემდე შემცირების საფუძველი და აღნიშნა, რომ ბოლო კვლევების თანახმად, ვირუსის ძალაც და გადაცემის რისკებიც მე-8 დღიდან მნიშვნელოვნად მცირდება, რაც იძლევა შესაძლებლობას, ადამიანს მე-8 დღეს ჩაუტარდეს ტესტი და თუ ინფიცირება არ დაუფიქსირდა, კარანტინის ზონა დატოვოს, თუმცა 100%-იანი გარანტიისთვის მე-12 დღეს მას სავალდებულო ტესტირება კიდევ ერთხელ ჩაუტარდება.



მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური