საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მედიის კითხვებს უპასუხა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-09-06

სასამართლოს რეფორმები ქვეყანაში მიმდინარეობს თანმიმდევრულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა თანხმდება, რომ სასამართლოს მიმართულებით, ქვეყანაში პროგრესია.

„სასამართლოს მიმართულებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. სასამართლოს რეფორმები ქვეყანაში მიმდინარეობს თანმიმდევრულად. იცით, რომ ახლა მე-4 ტალღისთვის ვემზადებით. ჩვენ, ამ მიმართულებით, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველა თანხმდება იმაზე, რომ სასამართლოს მიმართულებით ქვეყანაში პროგრესი არის. დღეს ეს პროგრესი აბსოლუტურად ნათელია, თუ ვადარებთ გუშინდელ დღეს. რა თქმა უნდა, ხვალ ეს პროგრესი იქნება კიდევ უფრო მეტი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ გამოძიებამ უნდა იზრუნოს, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი, მაგრამ პოზიციის დაფიქსირება ღიად შესაძლებელი იქნება მას შემდგომ, როდესაც ეს პროცესი დასრულდება.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიების პროცესში შესვლა არ არის კორექტული.

„საკმაოდ დეტალებზე მესაუბრებით. ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ ბოლო დღემდე შესაძლებლობა უნდა მივცეთ გამოძიებას, რომ დეტალურად გამოიძიოს. რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი, მაგრამ პოზიციის დაფიქსირება ღიად შესაძლებელი იქნება მას შემდგომ, როდესაც ეს პროცესი დასრულდება. ამიტომ ბევრჯერ დამატებითი მტკიცებულებები რა თქმა უნდა პროცესია და გამოჩნდება ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, მაგრამ ამით თვითონ გამოძიების პროცესში შესვლა არ არის კორექტული ამიტომ ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ," - განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე: „როგორ შეაფასებთ და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით?" მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა: „მობრძანდეს, მობრძანდეს".

გიორგი გახარიამ მედიასთან საუბრისას ყურადღება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დაუთმო.

ჩვენ თუ ვიცით წყარო, თუ ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ, თუ ვმართავთ ამ პროცესს, დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ, მითუმეტეს, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ ქვეყანა ეპიდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით სხვებზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია და თუ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა არის ისე, რომ არ დაზიანდეს მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა ქვეყანამ ეს უნდა გამოიყენოს.

"ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა ბოლო საბჭოს სხდომაზე მიიღეს დავალება, შემოგვთავაზონ დროში კარანტინის მენეჯმენტის რამდენიმე ვარიანტი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენ თუ ეპიდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით სხვებზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ და ეფექტურად ვახორციელებთ, მაშინ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა ეს უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ, ეს დავალება მათ მიიღეს, შემდეგი სხდომა გვექნება ორშაბათს ან ოთხშაბათს და მათგან მოვისმენთ, რა შედეგი აქვს იმ კვლევას, რომელიც უნდა ჩაეტარებინათ. მიზანი არის მარტივი - ჩვენ საზოგადოებასთან ერთად შევთანხმდით, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად საზღვრები უნდა გავხსნათ, ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად ეკონომიკა უნდა ამოძრავდეს, იმისთვის, რომ ჩვენ ვირუსი ეფექტურად უნდა ვმართოთ. ვერავინ, ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, ეს გლობალური პანდემიაა. ჩვენ ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვირუსის მართვა უნდა ვისწავლოთ, არ უნდა შეგვეშინდეს თუ მაგალითად, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა იქნება 20, 30, 40-ით. მაგრამ ჩვენ თუ ვიცით წყარო, თუ ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ, თუ ვმართავთ ამ პროცესს, დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ, მითუმეტეს, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა: „პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება არის კანონით დასჯადი ქმედება, რომელზეც, თუ ასეთი რამ მოხდა და ეს არ არის ვიღაცის თავში დაბადებული ფანტაზია, აღიძრება საქმე და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული."

მთავრობის მეთაურის განმარტებით, თუ მას გარკვეული მტკიცებულებები აქვს, ეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოში მიიტანოს.

„თუ ამაზე მეტი ინფორმაცია გააჩნია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, გარკვეულ მტკიცებულებებს, პირდაპირს ან ირიბს, რომ უკვე, საგამოძიებო უწყებებმა ქმედებები დაიწყონ, იმის მაგივრად, ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს, ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს. ინსტრუქცია გადაეცით", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური