საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-12

დღეის მდომარეობით არანაირი პირობა, რომ სწავლა გადიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეის მონაცემებით, არც არჩევნების თარიღის ცვლილების მოცემულობა არ არსებობს.
 
„დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლის პროცესში მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის და საჭიროა ხელისუფლებისა და მოქალაქეების ერთობლივი მოქმედებები.
 
„ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც ჩანს, ვირუსი არსად გაქრება და ჩვენ ყველა, გლობალურად, მსოფლიო უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას; ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიის და სისწრაფის რისკების მართვა, რასაც მერწმუნეთ, ეფექტურად ვაკეთებთ, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა და ამის კეთებას ეფექტურად გავაგრძელებთ, თუმცა მარტო მთავრობის ძალისხმევა აქ საკმარისი არ არის, აქ აუცილებელია მთავრობის და მოქალაქის ერთობლივი ქმედებები და ის ნდობა, რომელიც ჩამოვაყალიბეთ ბოლო თვეების განმავლობაში და ერთად მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ დღეს საქართველოს ვირუსის მართვის წარმატებული ისტორია აქვს. ეს უნდა გავაგრძელოთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პატარა აფეთქებები დიდხანს იქნება, ვიდრე ვირუსი საბოლოოდ, გლობალურად არ დამარცხდება. შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვირუსი დაამარცხო, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილები და უაღრესად ყურადღებიანები, რათა ჩვენი, ჩვენი ოჯახის წევრების და თანამოქალაქეების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. არ დაგვავიწყდეს, ორ ფრონტზე ვიბრძვით - ჯანმრთელობა, ვირუსის გავრცელება და ეკონომიკური აღორძინება. შეუძლებელია რომელიმე ცალკეულ ფრონტზე გამარჯვება. ამიტომ, როდესაც ჩვენ იძულებული ვართ, შემზღუდავი ნაბიჯები გადავდგათ, მაგალითად ისეთი, როგორიც მესტიაში მოგვიწია, ეს განპირობებულია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაგრამ ასევე ეკონომიკაზე ზრუნვითაც, ამიტომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ეს ორი რამ ერთმანეთთან ძალიან არის დაკავშირებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების შესახებ.

პრემიერის თქმით, ამ ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება. გიორგი გახარიამ ევროპელ კოლეგებს ფინანსური მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კრიზისის ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ მუშაობა, მათ შორის, ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მაშინ ევროკავშირი, როგორც ნამდვილ პარტნიორებს შეეფერებათ, ისე დაგვიდგა გვერდით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარება. ამ დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება. ეს არის ამ დახმარების მიზნობრიობა და მინდა, კიდევ ერთხელ ოფიციალურად მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ დახმარების გაწევისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
მთავრობის მეთაურს მედიის წარმომადგენლებმა ასევე დაუსვეს კითხვა „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ათეულთან დაკავშირებით.

„ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის, ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. ამიტომ, პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას გიორგი შაქარაშვილის საქმეზე.

„ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე მსგავს კითხვებს გავეცი პასუხი. მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციებია, განსაკუთრებით, როდესაც ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველი - უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, მათ სჭირდებათ პირველ რიგში გვერდში დგომა. ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება სწრაფი, ეფექტური და სამართლიანი გამოძიება. გვერდში დგომის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ქმედება და ინსტრუმენტი არის გამოძიება და გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, ამით არის განპირობებული ყველაფერი და ასე გაგრძელდება ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური