საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, 20 ივნისსა და რუსეთის მოქალაქის დაკავებაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ამოსაბეჭდი ვერსია

 2020-06-18

.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარე დონალდ ტუსკის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებულია, რომ ის დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება.

„სრულად ვეთანხმები, რომ უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. როგორც იცით საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. არაერთხელ მითქვამს, რომ საარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ისევე როგორც ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისა და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ სამართალ დარღვევებსა და დანაშაულებზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და სასამართლომ,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურს ასევე კითხვა დაუსვეს 20 ივნისთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას შეფასებით, ერთი წელი გავა ამის შემდგომ, ორი, თუ ბევრი, 20 ივნისს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა.

„20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება - ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, არ ისროდნენ, ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისი, ერთი წელი გავა ამის შემდგომ, ორი, თუ ბევრი, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა მაშინ და მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა და მათ ეს გააკეთეს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის მოქალაქის დაკავებაზე და აღნიშნა, რომ სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი, რათა ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც შიგნით არ მიეცეთ სპეკულირების შესაძლებლობა.

„საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უსწრაფეს ვადებში, უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ყველაფერი და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არავის მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე. რამდენიმე რამეა აქ მნიშვნელოვანი. პირველი - საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ აღკვეთა მძიმე დანაშაული, ეს ფაქტია. მეორე - საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს, ეს მათი პასუხისმგებლობაა და ყველაფერთან ერთად არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი და მესამე - კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უსწრაფეს ვადებში, უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არავის მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური