საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - ინფიცირების 6 შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა არ არის ცნობილი, მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ ამოსაბეჭდი ვერსია

2020-06-11

..

დღეს, 11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს, ერთი შეხედვით, არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ 6 შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა, დღეის მდგომარეობით, არ არის ცნობილი და ამ 4 ინფიცირების შემთხვევიდან რომლის წყაროსაც, დღეის მდგომარეობით, ვერ ვადგენთ 3 გახლავთ თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გახსნა ეკონომიკა და მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ნაკლები შეზღუდვებით იცხოვრონ ყოველდღიურად, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია და ეს კარგი მაგალითია იმის, თუ რა შეიძლება მოხდეს. უნდა გვესმოდეს რომ 4 ახალი შემთხვევა რომლის წყაროც დღეს დაუდგენელია დიდი რისკის შემცველია. ეს ფაქტობრივად არის 4 ახალი კლასტერი, რომელზეც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის, ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც საგანგაშოა. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, რომ ის მიღწევა, რაც გაგვაჩნია არ დავკარგოთ. ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში როგორ ხდება მეორედ ეპიდემიოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ მინდა, თითოეულ უწყებას, მოქალაქეს მოუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ გლობალური კრიზისი, გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, სამედიცინო თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება კრიზისს მარტო, ამიტომ გვმართებს ურთიერთთანადგომა,"- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ყოველდღიურად კავშირზეა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან.

„რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დავალება მიღებული იმისთვის, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს," -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ეს, პირველ რიგში, იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. მისივე თქმით, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან. 

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. მე პირადად, ყოველდღიურად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე, როგორც კოლეგები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა მინისტრები და ჩვენ უკვე მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენს მეზობლებს. აქ, ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია, ყურადღება შიდა ტურიზმზე გაამახვილა. მისი თქმით, შიდა ტურიზმის გახსნა ტურისტულ სექტორს აძლევს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად აღდგეს, მაგრამ თითოეულ ბიზნესოპერატორს და მოქალაქეს მართებს სიფრთხილე.

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა ელოდება ამ მიმართულებით შესაბამის გადაწყვეტილებებს და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მწვანე ზონების თაობაზე ორმხრივი შეთანხმებების ამოქმედების ეტაპობრიობასთან დაკავშირებით.

"ორშაბათიდან, 15 ივნისიდან ჩვენ ვხსნით შიდა ტურიზმს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ეს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით დასვენების და უფრო მეტი მოგზაურობის შესაძლებლობას. ასევე, ტურისტულ სექტორს აძლევს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად აღდგეს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს, ბიზნესოპერატორს, თითოეულ მოქალაქეს მართებს სიფრთხილე. მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით ევროკავშირშიც არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება, ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ველოდებით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ მწვანე ზონების თაობაზე ორმხრვი შეთანხმებების ამოქმედების ეტაპობრიობას, რომელზეც საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები აქტიურად მუშაობენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ივლისიდან პენსიის გაზრდასა და ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე გაამახვილა.

„მინდა შევეხო ანტიკრიზისულ ბიუჯეტს, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ, ყველა ეკონომიკურმა უწყებამ სისტემურად იმუშავა. ეს არის მართლაც სერიოზული ნაშრომი, რომელშიც გადაზღვეულია, როგორც ქვეყნაში შესაძლო ინფიცირების მეორე ტალღა ასევე, ყველა ის სოციალური რისკი, რომელიც წლის ბოლომდე შეიძლება შეგხვდეს, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის პარამეტრებით ქვეყანამ შეინარჩუნა პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გამოცხადებული იყო წლის დასაწყისიდან.

„მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს, განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ბიუჯეტის პარამეტრებით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გვქონდა გამოცხადებული წლის დასაწყისიდან. რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იყო აბსოლუტურად სხვა. ამ შენარჩუნებული მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს 70 წელს ზემოთ პირველი ივლისიდან გაეზრდებათ პენსია 30 ლარით, მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს, გარდა ამისა მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი. გარდა ამისა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ ის დაზღვევის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად, ყოველწლიურად, პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა იქნება დაკავშირებული, როგორც ინფლაციასთან ასევე, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არის შექმნილი და დაფიქსირებული ქვედა ჩამკეტები. არც ერთ შემთხვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც, თითოეული ჩვენი პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეუძლია გარანტირებულად შესთავაზოს პენსიონერებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ყველამ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა", - განაცხადა პრემიერმა. 

მისივე თქმით, წელს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დამატებით 58 სოფელს მიენიჭა და დღეის მდგომარეობით, 1800 დასახლებულ პუნქტს ასეთი სტატუსი აქვს.

„რადგან აღვნიშნეთ მაღალმთიან სტატუსის მატარებელ რეგიონებში განსაკუთრებული პენსიის ზრდა, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ წელს დამატებით 58 სოფელს მივანიჭეთ ეს სტატუსი და დღეის მდგომარეობით 1800 დასახლებულ აქვს ესეთი სტატუსი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას უკავშირდება ბევრი  მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

„მინდა ქეთევან ციხელაშვილს გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის. თითქმის 4 წელია უკვე ის საქართველოს მთავრობაში მოღვაწეობს. მას უკავშირდება ბევრი ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც არის სერიოზული, წინგადადგმული ნაბიჯი, მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ ნორმალური პირობები და აღვადგინოთ სამოქალაქო ხიდები სხვადასხვა მიმართულებით, ეკონომიკის, ბიზნესის, სოციალური და კულტურული მიმართულებით. ამაში ქალბატონ ქეთევანს სერიოზული წვლილი მიუძღვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ქეთევან ციხელაშვილი საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. რაც შეეხება მის შემცვლელს, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.

„გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ ფრონტზე და დარწმუნებული ვარ, რომ მისი კვალიფიკაცია, ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება ხელს შეუწყობს, ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გააღრმავოს და მაღალ დონეზე აიყვანოს ევროპის მიმართულებით, ჩვენი დიპლომატიური მიღწევები. თუ ვინ შეცვლის ქალბატონ ქეთევანს, ამ ძალზედ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ამის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით შევატყობინებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური