საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია ფერმერებს - სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ, ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-06-10

...

ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ, ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში, შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან  შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არ არის მარტივი,  მაგრამ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს.

„ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, თუ რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება ქვეყანას ემსახურო, განსაკუთრებით აქ. ეს მაღალფარდოვანი სიტყვები არ არის. ბოლო დღეების განმავლობაში, ისეთი წუწუნი მესმის ისეთი ჯანიანი ბიჭების ქალაქში, რომ ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მოგვეხმარეთ და ა.შ. რეალურად, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, ჯანით და ენერგიით სავსე, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ყოველთვის შეძლებს, საქმე გააკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი. 6 თვის წინ ვიყავით ვაშლის ბაღებში, რომელიც საუკეთესოდ არის გაკეთებული. იქაც ვისხედით, ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, ბევრ რაღაცაზე შევთანხმდით. საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რაშიც ქვეყანას უწევს ცხოვრება. ყველანაირი წუწუნის და ვინმეზე გადაბრალების გარეშე და ეს კაცი, ისევე როგორც თქვენ, არის ამისი მაგალითი. მართლა რთული პერიოდია. ზოგჯერ რთულია ადამიანს აუხსნა, რომ ეპიდემია ძალიან დიდი რისკია, ასეთ ამინდში, ასეთ რეგიონში, უამრავი სხვა გამოწვევა გვაქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის სახუმარო საქმე. ახლა თუ რაღაცას ვაკეთებთ და შედეგი გვაქვს, გვაქვს ერთობლივი მუშაობით და ასე უნდა გავაგრძელოთ. რაც უფრო გავუფრთხილდებით ერთმანეთს და დავიცავთ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ეკონომიკა და პირველ რიგში, სოფლის მეურნეობა ნელ-ნელა გამოვაცოცხლოთ. ყველამ ნახა, რომ როგორც კი კრიზისი დაიწყო, სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუწია პროდუქტებზე მარაგების გაკეთება, იმიტომ, რომ მეზობლებმა და ყველა იმ ქვეყანამ, საიდანაც პროდუქტს ვყიდულობდით გადაკეტეს და თქვეს, რომ ექსპორტი დამთავრდა. ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ, ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს. ეს არ არის მარტივი, მიწები ძალიან დაქუცმაცებულია, ზოგან წყლის პრობლემაა, ზოგან ცოდნის პრობლემაა, მაგრამ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს, ეს ვერ მოხდება ერთ დღეში, მაგრამ გიორგი არის ამის კარგი მაგალით, როგორ შეიძლება, რომ ამ წარმატებულ მოდელზე, ახალგაზრდებმა გააკეთონ ისე, როგორც ეს კაცი, ეფექტურად, შედეგიანად აკეთებს საქმეს და შედეგიც სახეზეა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით,  პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანაა, რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას, მაქსიმალურად სამართლიანად გადაუნაწილოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჭირდება.

„სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომლის დახმარებაც აუცილებელია ეკონომიკურადაც და რა თქმა უნდა, ფერმერს ახლა სჭირდება დახმარება იმიტომ, რომ თავი შევინახოთ, შევინარჩუნოთ და ერთ წელიწადში, როდესაც ყველაფერი ეს აღდგება, ფორმა არ დავკარგოთ და ვიყოთ ისევ მზად," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რატომ არის სოფლის მეურნეობა  მეორე დარგი, რომელსაც მთავრობა უნდა მიხმარებოდა. მისივე თქმით, ამას ჰქონდა მარტივი ახსნა.

„ტურიზმის გასაგებია, პირველი დარტყმა ტურიზმმა მიიღო. მეორე დარტყმა სოფლის მეურნეობამ მიიღო იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობას რაც ჰქონდა დაგეგმილი, მოეყვანა  ვაშლი, თხილი, ყურძენი, ღვინო, კიტრი, პომიდორი -  ეს ყველაფერი იყო იმ ტურიზმზეც გათვლილი, რომელიც ვერ ჩამოვიდა. სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტი დაახლოებით 300 000 000 არის. მესმის, რომ კიდევ უფრო მეტია საჭირო, მაგრამ, მთავრობის და ნორმალური, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანა ძალიან მარტივია. ის რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას, სუსტი ეკონომიკით, მაქსიმალურად სამართლიანად გადაუნაწილოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება. მესმის, რომ 300 000 000 კი არა, შეიძლება 600 000 000 გვჭირდებოდეს და ამასაც ავითვისებთ. დღეს, ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და რამაც ყველას უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ თავი შევინახოთ, მუშაობა გავაგრძელოთ და მოვემზადოთ იმ უკეთესი პერიოდებისთვის, რომელიც ნამდვილად დადგება. ამ დახმარებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველ რიგში, მაქსიმალურად დავიწყეთ ეს პროცესი და საწვავის გაიაფება დიდი თემაა ძალიან და ესეც ვერ იქნება ერთ დღეში, მაგრამ ეტაპობრივად ყველა უნდა მიეჩვიოს, ქვეყანაში ყველა ბიზნესის წარმომადგენელი, რომ სოფლის მეურნეობას პირველ რიგში სახელმწიფო უნდა მიეხმაროს ასე ჰორიზონტალურად ყველას, საწვავის მაქსიმალურად გაიაფების ნაწილში ისევე, როგორც ეს ვაუჩერიზაცია ჰექტარ მიწაზე კარგი თემაა. ეს კარგად უნდა გამოვიყენოთ. 27 000-მა ფერმერმა გამოიყენა უკვე ეს, ისევე, როგორც ამ აგრო დიზელითაც სარგებლობენ. ესეთი მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იქნება. ძალიან კარგად მახსოვს, ვაშლის ბაღებში რომ ვისხედით, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, წვეთოვანს რომ მიფინანსებთ, ჭაბურღილით დამიფინანსეთო და ეს გავაკეთეთ. იქიდან 2-3 იდეა წამოვიღეთ და ის წვეთოვანი გავაკეთეთ სწრაფად. ადამიანს, რომელსაც გვერდზე სარწყავი არ აქვს და ბაღები აქვს გაშენებული, რათ უნდა იმას წვეთოვნის დაფინანსება, თუ ჭაბურღილი არ დაუფინანსეს, საიდან უნდა მოიტანოს წყალი. ერთმა ჭკვიანმა ფერმერმა ეს გვითხრა, გავუკეთეთ და დავუფინანსეთ. ეს გვინდა ახლა თქვენგანაც. სხვა ყველაფერი იქნება წუწუნი - ვაიმე მომეხმარეთ, რა ვქნა, ვაიმე ტურისტი როდის ჩამოვა, ეს ყველაფერი როდის გამოსწორდება და სახელმწიფო, გამიუქმე ყველა გადასახადი, არაფრის გადახდა არ მინდა და ა.შ.", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, დაეხმაროს ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება, ჯანმრთელ, განათლებულ, ნასწავლ ადამიანს კი უნდა შეუქმნას პირობები, რომ იგი, პირველ რიგში, თავის თავს და მერე სხვებსაც მიეხმაროს.

„სახელმწიფო ვალდებულია და სოციალური პასუხისმგებლობა აქვს იმაზე, რომ პირველ რიგში დაეხმაროს სოციალურად დაუცველს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც პირველ რიგში დახმარება სჭირდება. ჯანმრთელ, განათლებულ, ნასწავლ ადამიანს, რა თქმა უნდა, უნდა შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ იგი, პირველ რიგში, თავის თავს მიეხმაროს, ოჯახს შემოსავალი შეუქმნას და მერე სხვებსაც მიეხმაროს," - აღნიშნა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრისას.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამის ძალიან კარგი მაგალითია გიორგი მჭედელიშვილი - ნიქოზის სანერგე მეურნეობის მფლობელი.

„ეს არის სწორი მიდგომა და ამის ძალიან კარგი მაგალითია გიორგი. მადლობა ყველას აქ მოსვლისთვის და როგორც გორის ვაშლის ბაღებიდან წამოვიღეთ ერთი-ორი კარგი იდეა და გავაკეთეთ, მითხარით რაღაც ისეთი, რასაც წავალ და რაც შესაძლებელი იქნება გავაკეთებ. ეგ არის და ეგ. აქ კიდევ ლოკალურად, თუ რაღაც დახმარება გჭირდებათ იმისთვის, რომ ეს სეზონი გადავატაროთ და 2021 წელს უფრო ძლიერად შევხვდეთ ეკონომიკურად, ამისთვისაც შემიძლია რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, ეფექტური და რეალისტური და არა ისეთი, რომ გამიუქმეთ გადასახადები - მარტივია ასე ყველაფრის მოთხოვნა. რეალურად, უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ეს წელი, წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება," - განაცხადა პრემიერმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა,  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეპიდემიას მართავს, მაინც დიდი რისკების ქვეშაა და მნიშვნელოვანია მუდმივი სკრინინგი ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენის მიზნით.

„მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ. ვმართავთ ეპიდემიას ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ, თუ ახლა სწორად არ დავალაგეთ და ეფექტურად და სწრაფად არ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის სწრაფი გამოვლენა, ე.ი. ტესტირების გაკეთების სწრაფი მექანიზმები უნდა იყოს ქვეყანაში, უნდა იყოს მუდმივი სკრინინგი, მუდმივი ტესტირება უნდა ხდებოდეს მაღალი რისკის შემცველი წერტილების, რათა ინფიცირება გამოვლინდეს სწრაფად. შემდგომ ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ სწრაფად უმკურნალოს ადამიანს და დაუბრუნოს თავის სამუშაო ადგილს, ეკონომიკას, ფერმერი - ბაღში, მუშა - ქარხანაში, მეცნიერი - ინსტიტუტში, მოსწავლე - სკოლაში და საჯარო მოხელე იმისთვის, რომ ხალხს ემსახუროს. ეს ყველაფერი უნდა მოვასწროთ 4-5 თვეში, რადგან არავინ იცი რა იქნება. სერიოზული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენზე მეტ ფულს ხარჯავენ მეცნიერებაში, ხან ამბობენ - იქნება მეორე ტალღა, ხან კი ამბობენ, რომ არ იქნება. ხან ამბობენ - 5 თვეში იქნება ვაქცინა, ხან ამბობენ, რომ 2 წელი კიდევ არ იქნება. გაურკვევლობაა, დიდი გაურკვევლობა, ამ კრიზისის ყველაზე დიდი მახასიათებელი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ვერც ერთ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს.

„ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება შემდგომ ქვეყანას იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება, ამიტომ, როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად,  გონივრული, ფრთხილი, დაბალანსებული ნაბიჯები არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ფრთხილად და გონივრულად გავიაროთ სამშვიდობოს ყველამ. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია საქართველო, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად, უსაფრთხოდ, ადამიანზე ზრუნვით  სძლევს ამ გამოწვევას. ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ და არ უნდა გამოვეკიდოთ რაღაც მაღალი რისკის შემცველ იდეებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მიღწეული იყო შეთანხმება, საქართველოში ისრაელთან ტურისტების შემოყვანაზე, თუმცა ერთი კვირის წინ იქ ეპიდემიოლოგიური  სიტუაცია გაუარესდა.

 „ბოლომდე გვაქვს მიყვანილი ისრაელთან შეთანხმება ტურისტების ისრაელიდან შემოყვანაზე. პირადად ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და შეთანხმებული ვიყავით, რომ პირველი რეისები უნდა გაგვეშვა. 1 ივლისი დავთქვით საერთაშორისო ტურისტების გასახსნელად. ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. ზუსტად ერთი კვირის წინ ეპიდემიოლოგიური  სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გადაჰყავთ კარანტინში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა შიდა ტურიზმის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოში იმოგზაურონ.

„რა თქმა უნდა შიდა ტურიზმი - 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, საქართველოში იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია. ახლა გვაქვს ამის შესაძლებლობა და მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვაჩვენოთ და შემდგომ უკეთესად მოვემზადოთ, რომ კიდევ უფრო ეფექტურად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს", - განაცხადა პრემიერმა შიდა ქართლში, ადგილობრივ ფერმერებთან გამართული შეხვედრისას. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური