საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ამოსაბეჭდი ვერსია

2020-06-05

...

საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება, შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება, - საქართველოს მთავრობის მეთაური, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც ახალი ტერმინალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

გიორგი გახარია პროექტის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და დეტალური ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელისგან მიიღო.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გამართული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, მსხვილი და მასშტაბური პროექტების განხორცილებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად, მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოებიც მიმდინარეობს. გარდა ამისა, პოლონური კომპანია Dimark group აეროპორტში თანამედროვე სისტემებს ამონტაჟებს, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების მიზანია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა და განვითარება, რაც საბოლოო ჯამში თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური