საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები, საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო ადაპტაცია, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება ამოსაბეჭდი ვერსია

2020-06-01

„დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება მას შემდგომ რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდა, ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები გახსნილია, ფაქტია, რომ ეს ქვეყანაში, ქალაქში იწვევს მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის. დღეს გვაქვს ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა, გუშინ გვქონდა 26, გუშინ წინ 9, ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება. ესაა გლობალური პანდემია. ვერც ერთი ქვეყანა, ცალკე აღებული ვერ დაამარცხებს ვირუსს. ეს არის გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი დროსა და სივრცეში. ბოლო ორი დღის განმავლობაში გაჩნდა ქვეყანაში ორი ახალი კლასტერი, ერთი თბილისში და ერთი - მარნეულში, სოფელ მარეთში. ჩვენი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, როგორც დროში სისწრაფე, ასევე გეოგრაფიულად სივრცეში, მაგრამ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა და მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ პირბადე, განსაკუთრებით, როცა ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაშინ როცა ვართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ ეს არ არის რაღაც ისეთი, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს არის ის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც მარტივია და შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა ეკონომიკა გახსნას და ადამიანებს მისცეს საშუალება, აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ Covid-19-მდე ჰქონდათ.

„ჩვენ იძულებულნი ვართ, რომ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და არ გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი ან ხელახალი დახურვის და გადაკეტვის, -  განაცხადა პრემიერმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავრობას გააზრებული აქვს ის სოციალური დახმარება, რომელსაც უწევს მოქალაქეებს, რომელთაც  შემოსავალი დაკარგეს.

„ეს სოციალური დახმარება  არ არის საკმარისი, ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეკონომიკა გავხსნათ და ადამიანებს მივცეთ საშუალება აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ Covid-19-მდე ჰქონდათ, შემოსავალი რომელიც მათ უნდა მიიტანონ ოჯახში და დაიბრუნონ ცხოვრების ის დონე, რომელიც ჰქონდათ წლის დასაწყისში. ეს არის ჩვენი ერთმანეთისადმი ვალდებულება. ამიტომ ის გეგმები, რომელიც მთავრობას გააჩნია, ეკონომიკის გახსნის, ტურიზმის გახსნის, ყველაფერი იქნება გაკეთებული უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად. სხვანაირად ჩვენ რისკის ქვეშ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ვერ და არ დავაყენებთ", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო ადაპტაცია და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება.

ჩვენი ძირითადი მოწოდება და ამოცანა არის შემდეგი,  პირველი  - დავიცვათ წესები, მეორე -ვატაროთ ნიღბები. ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვალდებულია და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გეგმა, რომელიც არის ეფექტური და ეს გეგმა გახლავთ  ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სოციუმში დაბრუნება სწრაფად. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ,  -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს. ამიტომ აუცილებელია წესების დაცვა.

„ჩვენ, ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება დახმარება იმაში, რომ დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და, რაც მთავარია გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და მერწმუნეთ, რომ ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო კრიზისთან ადაპტაცია, შეძლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, რომ სწრაფად გამოავლინოს, სწრაფად უმკურნალოს და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს. ამიტომ დავიცვათ წესები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური