საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-28

..

სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, ხვალ გახდება ცნობილი. დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა.

სპეციალური პრევენციული ღონისძიებები კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა.

სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან და შრომის ინსპექცია შეამოწმებს მათ შესაბამისობას დადგენილ რეგულაციებთან.

ბიზნესსუბიექტების მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგად შემუშავდა მოთხოვნები ტურისტული ტრანსპორტისთვისაც. რეგულაციების თანახმად, ტურისტული სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. მაგიდებს შორის დისტანცია 2 მეტრით, ხოლო ერთ მაგიდასთან მსხდომთა მაქსიმალური რაოდენობა 6 ადამიანით  განისაზღვრა, სტუმრებს შორის კი სავალდებულო იქნება 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა.

სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა იმ მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიების ეფექტური გატარება, რომელიც ორიენტირებულია როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საერთაშორისო ვიზიტორების ჯანმრთელობის დაცვაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური