საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-27

  ..

„მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო. ჩემთვის პატივია დღეს მქონდეს შესაძლებლობა, მოგმართოთ თქვენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი სურვილით, მთავრობის და საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობით ვართ აქ. მინდა, დავიწყო იმით, რომ ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია, ქვეყანაში მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩვენ გვაკისრია ჩვენი მოქალაქეებისა და პარლამენტის წინაშე, აგრეთვე, იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, შეუძლებელი იყო, რომ სწორედ ამ ტრიბუნიდან არ გაგვეცა პასუხი,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე აქტუალური კითხვები, მიუხედავად ყველაფრისა, გლობალურ პანდემიას ეხება და მთავრობა მზად არის ისაუბროს ამ თემებზე.

„ითქვა უკვე - კითხვები შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა სფეროდან - ჩვენი ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან, თუმცა დღეს ყველაზე აქტუალური, რაც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებთ გახლავთ გლობალური პანდემია, შესაბამისად, მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე, პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, არავინ იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და საქართველოსთვისაც ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს, ჩვენს საზოგადოებაში არის ყველაზე მძაფრი შეგრძნება, თუ რა იქნება ხვალ და ამ გლობალური პანდემიის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ მსოფლიოში არ არსებობს, არა თუ რაიმე გაანალიზებული, დასაბუთებული მკურნალობის სტრატეგია, არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს ზუსტ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზები.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა, როდესაც კრიზისის პირისპირ მოგვიწია გაურკვევლობის ძალიან მაღალ დონეში, გარკვეული, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გარკვეულ მომენტში გახდა აუცილებლობა, რომ გადაგვედგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამ კრიზისს, ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შესაძლებლობად. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ათეულებს არ ასცდენია. მაგრამ, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, იმ ეტაპზე სამუშაოდ, როდესაც ვსაუბრობთ ეპიდემიიდან, პანდემიიდან გამოსვლის ეტაპს, მივიღეთ დღეს და ამის შემდეგი არგუმენტები არსებობდა. პირველ რიგში, ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ, დღეს, ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან. ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, ცნობილი კლასტერები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებარება კონტროლს. სწორედ ამიტომ, დღეს მთავრობამ, ჩვენი მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, პირველ რიგში მათი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ამ ნაბიჯების გადადგმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ 29 მაისიდან ქვეყანაში ამოქმედდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც. გარდა ამისა, ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან, სრულად ამოქმედდება ყველა სახის სავაჭრო ობიექტები, მათ შორის მოლები, ასევე ღია სახის რესტორნები. გარდა ამისა, ზუსტად ერთ კვირის თავზე, ეს იქნება 8 ივნისს, უკვე სრულად ამოქმედდება ყველა სახის რესტორანი და ასევე, ის სასტუმროები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის დასტურს, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებებიდან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი არის ევროპის 49 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი და ეს არის, პირველ რიგში, მოქალაქეების დამსახურება.

„დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეპიდემიასთან ბრძოლაზე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. შეუძლებელია ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური პანდემია. ელემენტარულად ციფრებზე, რომ ვისაუბროთ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს 213 ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთი მილიონ 590 ათასზე მეტი და სამწუხაროდ გარდაცვლილთა რაოდენობა 347 000 ადამიანზე ცოტა უფრო მეტი, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით საქართველო 123-ე ადგილზეა.

„დღეს, საქართველოში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, საქართველოში გვყავს 735 ინფიცირებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 557 და სამწუხაროდ გარდაცვლილია 12 ჩვენი მოქალაქე. დღეს საქართველო 100 000 მოსახლეზე გარდაცვალების 0. 3 მაჩვენებლით არის ევროპის 49 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით. გარდა ამისა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით საქართველო არის 123-ე ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის საამაყო ციფრები და ეს არ არის მხოლოდ მთავრობის დამსახურება, ეს არის მთავრობის ბიზნესის, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ინფექციის, პანდემიის გავრცელება გვქონდეს კონტროლის ქვეშ",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ხვალ, ახალ მსოფლიოში გლობალური კონკურენციის სრულიად ახალი წესები და ახალი მდგომარეობა იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გახდეს უფრო წარმატებული.

„ჩვენ გადავდგით ეკონომიკის გახსნის ის სწრაფი ნაბიჯები, რომელიც შეგვეძლო გადაგვედგა, მაგრამ აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და პირველ რიგში მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, აქ უკიდურესი მნიშვნელობა აქვს სწორ ბალანსს, რამდენად ზუსტად, რამდენად ყურადღებით დავიცავთ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც წარგვიდგენენ ეპიდემიოლოგები, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, რეკომენდაციების დაცვა იყო საშუალება, მთავრობა ყოფილიყო პროაქტიური ეკონომიკის გახსნაში და გლობალური პანდემია ექცია შესაძლებლობად.

„ეს გვაძლევს მეტ საშუალებას ვიყოთ პროაქტიულები ეკონომიკის გახსნაში და საბოლოო ჯამში ეს არის ერთადერთი საშუალება ჩვენი ქვეყნისთვის ეს გლობალური კრიზისი, გლობალური პანდემია ვაქციოთ შესაძლებლობად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ხვალ ახალ მსოფლიოში გლობალური კონკურენციის სრულიად ახალი წესები და ახალი მდგომარეობა იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გახდეს უფრო წარმატებული, როგორც სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ასევე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ პირველი ინფიცირებული არ იყო ქვეყანაში, როდესაც 28 იანვარს, შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სრულად იღებდა გადაწყვეტილებებს ვირუსის შეჩერების ნაწილში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული საზღვრებზე და საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა.

„რაც შეეხება ვირუსთან ბრძოლის კონკრეტულ ნაბიჯებს - ვირუსთან ბრძოლის რამდენიმე ეტაპი შეიძლება გამოიყოს - ეს გახლავთ ვირუსის გავრცელების შეკავება, რომელიც იწყება 28 იანვრიდან და 29 თებერვლამდე გრძელდება. ეს იყო ეტაპი, როდესაც პირველად მსოფლიოში გაჩნდა ინფორმაცია ვირუსზე. ეს იყო ეტაპი, ერთი თვით ადრე, ვიდრე საქართველოში გაჩნდებოდა ვირუსი. მთავრობამ მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები და საკმაოდ ადრე დავიწყეთ კონტროლი. პირველ რიგში, ეს იყო კონტროლი მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების თერმოსკრინინგი და მათი საკარანტინე ზონებში გადაყვანა. ჩვენ მაშინვე დავინახეთ, რომ ეს ბრძოლა იქნებოდა ხანგრძლივი და მივხვდით, რომ ბრძოლა მოგვიწევდა ორ ფრონტზე - მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე მხრივ - ეკონომიკა. ჯერ კიდევ პირველი ინფიცირებული არ იყო ქვეყანაში და ჩვენ 28 იანვარს შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სრულად იღებდა გადაწყვეტილებებს ვირუსის შეჩერების ნაწილში. ამ უწყებათაშორისი საბჭოს ძირითადი ამოცანა გახლდათ იმპორტირებული ვირუსის კონტროლი. ამიტომ იყო ძირითადი აქცენტი გაკეთებული საზღვრებზე. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა. ეს გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უფიქსირდებოდა ცხელება, გადაგვეყვანა საკარანტინო ზონაში და მიუხედავად იმისა, ჰქონდა მას დადასტურებული კოვიდი თუ არა, გაგვეწია შესაბამისი სერვისები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში გამოიყო ოთხი ძირითადი მიმართულება და ამ მიმართულებაზე გამოიყო მკაფიოდ პასუხისმგებელი კონკრეტული პირები.

„ქვეყანაში გამოიყო ოთხი ძირითადი მიმართულება და ამ მიმართულებაზე გამოიყო მკაფიოდ პასუხისმგებელი კონკრეტული პირები - ეს გახლავთ ჯანდაცვა, რომელსაც უნდა ეზრუნა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომზადებაზე კოვიდთან გასამკლავებლად და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე. ეკონომიკა - რადგან უკვე მივხვდით, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველოზეც იმოქმედებდა და ამას ექნებოდა სოციალური შედეგები თითოეული მოქალაქისთვის და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ქალბატონი მაია ცქიტიშვილი. უსაფრთხოების კომპონენტი - იმიტომ, რომ თავიდანვე ჩანდა, რომ გამკაცრებული კონტროლი საზღვრებზე შეიძლება გადასულიყო სამოქალაქო ცხოვრებაზე. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, ბატონი ვახტანგ გომელაური. მარაგები და ლოგისტიკა - პირველივე დღიდან აშკარა ხდებოდა, რომ ქვეყნები იწყებდნენ თავიანთი საექსპორტო პოტენციალის შეზღუდვას. ბაზრები იკეტებოდა, აშკარა გახდა, რომ გარკვეული პროდუქტების მომარაგებაში შეიძლებოდა პრობლემა შექმნილიყო. ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ლევან დავითაშვილი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შეჩერების ეტაპზე ძირითადი ამოცანა იყო იმპორტირებულ ვირუსთან გამკლავება, სასაზღვრო კონტროლი, ჯანდაცვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სწრაფი მოქმედება.

„პრევენციული ღონისძიებების გატარების ნაწილში, ჩვენ გარკვეული, წინასწარ გადადგმული ნაბიჯების შემდგომ დავინახეთ, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი და მოგვიწია უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც იყო კონკრეტული მაღალი რისკის ქვეყნებიდან მოგზაურობების დახურვა. პირველ რიგში, ჩვენ შევაჩერეთ ფრენები ჩინეთიდან და ეს იყო 29 იანვარს. 24 თებერვალს, შევაჩერეთ ფრენები ირანიდან, 6 მარტიდან იტალიიდან და შემდგომ უკვე მოგვიწია საზღვრის გადაკეტვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. 21 თებერვალი იყო ის დღე, როდესაც ჩვენ ორგანიზებულად პირველად დავიწყეთ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა საჰაერო გზით და პირველი ქვეყანა იყო ჩინეთი. როდესაც პანდემიასთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რო, გარკვეული ნაბიჯები პროაქტიურად გადავდგით, ამას ჰქონდა თავისი ახსნა. როდესაც პანდემიის გავრცელების გეოგრაფიას ვუყურებდით ვხედავდით, რომ ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც პანდემიური აფეთქება იყო, ჩვენ გვქონდა საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური და ლოგისტიკური ტრაფიკი. პირველ რიგში, ეს იყო ჩინეთი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იზრდება, შემდგომ ეს გახლავთ ირანი, სადაც მიმოსვლა იყო, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე აზერბაიჯანის გავლით საკმაოდ მაღალი ტრაფიკი გვქონდა, შემდგომ ეს იყო იტალია, სადაც ბევრი მოქალაქე როგორც მოგზაურობდა, ისე შრომობდა და აქაც სერიოზული ზეწოლა იქნებოდა. შემდგომ ეს იყო საფრანგეთი, ესპანეთი. ტრაფიკის თვალსაზრისით ყველა ის აქტიური ქვეყანა იყო მაღალი რისკის ქვეშ და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებები, ადრევე, რომ ამ ქვეყნებთან მიმოსვლის რეჟიმი გაგვემკაცრებინა," - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო პირველი - შეჩერების ეტაპი, და მისი ძირითადი ამოცანა იყო იმპორტირებულ ვირუსთან გამკლავება.

„ეს იყო პირველი ეტაპი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ შეჩერებას და ამის ძირითადი ამოცანა გახლდათ იმპორტირებულ ვირუსთან გამკლავება. ჩვენი ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო სასაზღვრო კონტროლი და ჯანდაცვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სწრაფი და ეფექტური მოქმედება," -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისივე განცხადებით, შიდა გავრცელების პრევენციისთვის შეჩერდა სასწავლო პროცესი, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე შეიქმნა კონტროლის ობიექტები, პენიტენციური სისტემისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები დაწესდა.

„მეორე ეტაპი, ეს იყო უკვე ვირუსის გავრცელების შენელების ეტაპი, როდესაც პირველი ფაქტი დაგვიფიქსირდა ქვეყანაში, ეს გახლავთ 26 თებერვალი, იმპორტირებული ფაქტი, ირანიდან. ჩვენი მოქალაქე აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა, რაც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევძელით საზღვარზევე დაგვეფიქსირებინა, ამას მოჰყვა კიდევ ერთი მოქალაქე, ასევე ირანის გავლით და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში გაჩნდა სერიოზული და რეალური რისკი შიდა გავრცელების. შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩვენ მივიღეთ შემდგომი გადაწყვეტილებები - შეჩერდა სასწავლო პროცესი. სასწავლო პროცესის შეჩერებას ჰქონდა აბსოლუტურად დასაბუთებული მნიშვნელობა და აზრი ჩვენთვის. მოგეხსენებათ, ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა, განსხვავდება ევროპულისგან, ჩვენს ოჯახებში თაობები ცხოვრობენ ერთად და კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფროსი თაობა დაგვეცვა იმ გადაცემისგან, რომლებიც შეეძლოთ ბავშვებს სკოლიდან. ან ბავშვებს, რომლებსაც მარტივად გადააქვთ ეს ვირუსი მოეტანათ ოჯახში და დიდი რისკი გამხდარიყო უფროსი თაობების წარმომადგენლებისთვის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება სკოლების დახურვის შესახებ," - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, 4 მარტს შეიქმნა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სპეციალური კონტროლის ობიექტები.

„ამავე დროს, 4 მარტს, იმავე დღეს, შეიქმნა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სპეციალური კონტროლის ობიექტები, განთავსდა კარვები, განთავსდა როგორც საბაჟოს, ისე შსს-ს ძალები, სადაც ხდებოდა კვლევა და თერმოსკრინინგი ყველა იმ რისკის შემცველი მოქალაქის, რომელსაც აფიქსირებდნენ ამ გამშვებ პუნქტებზე,"- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პენიტენციური სისტემისთვის განსაკუთრებული შეზღუდვის დაწესება.

„უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იუსტიციის სამინისტრომ, როდესაც 5 მარტს მიიღო გადაწყვეტილება პენიტენციური სისტემისთვის განსაკუთრებული შეზღუდვის დაწესებისთვის, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 780 ადამიანის, მომსახურე პერსონალის ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანა, რათა სრულად დაგვეცვა ეს სისტემა ვირუსის შეჭრისა და გავრცელებისგან და არც ერთი შემთხვევა არ გვქონია ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ, აგრეთვე, პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო საჯარო სექტორის დისტანციური შრომის რეჟიმზე გადასვლა 12 მარტს, 13 მარტს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც ფასებზე მონიტორინგს ახორციელებდა, კურსთაშორისი სხვაობის რისკის დაზღვევის გადაწყვეტილება, 15 მარტს კი შიდა გავრცელების მაღალი რისკის გამო სამთო-სათხილამურო კურორტების დახურვა.
„12 მარტიდან დისტანციურ შრომაზე გადავიდა საჯარო სექტორი, სრულად. 13 მარტს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა ფასები, განეხორციელებინა მონიტორინგი, ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან უკვე კურსთაშორისი სხვაობით და სპეკულატური ფასების გამო აშკარად გამოჩნდა ბაზრებზე ფასების მერყეობა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე. ამის შემდეგ იყო მიღებული გადაწყვეტილებები კურსთაშორისი სხვაობის რისკის დაზღვევის, რომლებიც განახორციელა შესაბამისმა სამინისტროებმა და ზუსტად 15 მარტს დაიკეტა სამთო-სათხილამურო კურორტები, რადგან იყო სეზონი და შიდა გავრცელების მაღალი რისკი არსებობდა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის შეფასებით, #stopcov.ge-ის შექმნა იყო უსწრაფესად მიღებული გადაწყვეტილება და ეს იყო ერთ-ერთი პირველი პანდემიასთან ბრძოლის ვირტუალური სივრცე, რომელიც შეიქმნა საქართველოში.

„მარტის შუა რიცხვებში შეიქმნა სპეციალური საიტი, stopcov.ge და ეს იყო უსწრაფესად მიღებული გადაწყვეტილება," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ვირტუალური სივრცე შექმნილი პანდემიასთან ბრძოლის, რომელიც შეიქმნა საქართველოში და რომელიც ნათარგმნია ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე.

„ეს იყო და არის სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლოთ და დღესაც შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია ამ პანდემიასთან დაკავშირებით. დღეს, ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი პირველად ინფორმაციას, თუ რა ხდება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, იღებს სწორედ ამ საიტიდან, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა, რომ covid 19-ის პირობებში მარტის შუა რიცხვებამდე დაწესებული შეზღუდვები ატარებდა მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რასაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ასპექტი. ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ჩვენ აქამდე ჩამოვთვალეთ, ატარებდა მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და მე მინდა, რომ ეს გავითვალისწინოთ. სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა ამ შეზღუდვებს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად რთული იყო და რამდენად რთული იქნებოდა ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით ბიზნესისთვის და ეკონომიკური აქტივობებისთვის მსგავსი შეზღუდვების ასე დირექტიული დაწესება. თუმცა, მარტის მეორე ნახევრიდან უკვე ვირუსის შიდა გავრცელება გახდა ფაქტი და ეს შიდა გავრცელების ტემპი საკმაოდ გაიზარდა", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იყო მიღებული, იყო აუცილებელი რამაც მოგვცა შესაძლებლობა გვეთქვა, რომ ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება სივრცეში და დროში აეყვანა კონტროლის ქვეშ.

„მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც წინ უძღოდა ჩვენს მიერ მიღებულ გამკაცრების კონკრეტულ ნაბიჯებს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას. დღეს საქართველოში არსებობს 297 სტაციონარი, სულ 17 514 საწოლზე. აქედან სპეციალიზირებული დანიშნულების ჰოსპიტალები რომ გამოვაკლოთ, რჩება დაახლოებით 10 000 საწოლი, აქედან ინტენსიური თერაპიის საწოლი დღეს ქვეყანაში არსებობს 2 290, მაგრამ რესპირატორული დაავადებებისათვის აღჭურვილი სპეციალური სასუნთქი აპარატებით გვაქვს 1 749 ერთეული საწოლი ადგილი, რომელიც იყო ტექნიკურად მზად იმისთვის, რომ Covid-ის პაციენტებისთვის ემკურნალა. გარდა ამისა და აქ მინდა ყურადღება მივაქციოთ, რეანიმატოლოგები დღეს ქვეყანაში გვყავს 488, რომელსაც ერთდროულად შეუძლია მხოლოდ 1200 ინფექციური პაციენტის მომსახურება და ინფექციონისტი დღეს ქვეყანაში გვყავს 256 - დღეში შეუძლია 853 ინფექციური პაციენტის მართვა. საწოლების, სასუნთქი აპარატების და რაც მთავარია ექიმების რაოდენობის საშუალო რომ გამოვიყვანოთ, ჩვენ გვქონდა გარკვეული მოცულობა, რომელსაც ვხედავდით, რომ ქვეყანას შეუძლია სტაბილურად აი ამ მოცულობის Covid-ით დაავადებული პაციენტების მართვა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოქმედებდა საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ შექმნილ და დასაბუთებულ მოდელებზე დაყრდნობით.

„ეს იყო პერიოდი, როდესაც უკვე გამოჩნდა ქვეყანაში ასე თუ ისე ნორმალურად დასაბუთებული პროგნოზები, რომლებიც იყო საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული და გაჩნდა სამი მოდელი, რომელზე დაყრდნობითაც რა თქმა უნდა მთავრობა მოქმედებდა. ეს იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც მიუთითებდა, რომ შიდა გავრცელებიდან 12-13 კვირის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იქნებოდა 5 950. შემდგომი გახლავთ ბაზელის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი შიდა გავრცელების შემთხვევიდან 13-14 კვირაში ჰოსპიტალიზირებულების რაოდენობა იქნებოდა 5 100 და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი გავრცელებიდან 5-7 კვირის შემდგომ ქვეყანაში იქნებოდა დაახლოებით 3 000 შემთხვევა. ეს არ იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული კვლევები, ეს იყო დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული კვლევები, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის. ამ შემთხვევაში ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ ინფიცირებულების მკურნალობის რაოდენობას, აქ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ინფიცირებულების. საერთაშორისო ანალიზის საფუძველზე მკაფიოდ იყო ცნობილი და ეს იყო რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომ სტაციონარული მკურნალობა შეეძლოთ და ესაჭიროებოდათ მხოლოდ ინფიცირებულების 20 პროცენტს. მაგრამ ამან რა შედეგი გამოიღო იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ზოგიერთ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში, ეს ყველამ კარგად ვიცით და ყველა კარგად ხედავს" - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ძირითადი ინსტრუმენტი, რომლითაც მთავრობას სწრაფად უნდა მოეხდინა რეაგირება, იყო სოციალური დისტანცია და მობილობის მსხვილ ბლოკებად დაგდება.

„ეს იყო ის გადაწყვეტილებები, რომლის მიღებაც ჩვენ მოგვიწია. სწორედ ამის საფუძველზე, დასკვნების გაკეთების შემდგომ, 16 მარტს ჩატარდა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც იყო მიღებული გადაწყვეტილება 19 მარტისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების. მინდა ერთი რამ გავითვალისწინოთ და ყველას გვესმოდეს, კრიტიკა მარტივია და შეიძლება ყველამ იფიქროს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი სტრატეგია, ყველა ქვეყანა თავის სტრატეგიას ირჩევს იმ შესაძლებლობიდან, რომელიც მას გააჩნია. აქ არის ერთადერთი საერთო წესი - სწორი ბალანსის პოვნა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობას, ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობას და ეკონომიკურ სიმძლავრეს შორის, რომ ავირჩიოთ ის ტაქტიკა როგორ შეიძლება იყოს საშუალო შეწონილი შემაჩერებელი ეკონომიკური შეზღუდვის ღონისძიებების სიმკაცრე და მეორეს მხრივ, ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო ის გადადგმული ნაბიჯები მობილობის დაგდების, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა, ეს ნაბიჯები გადავდგით და ამით უნდა მიგვეცა ჯანდაცვის სისტემისთვის დრო იმისთვის, რომ მას შეძლებოდა უფრო მეტი პაციენტის ერთდროულად და სტაბილურად მკურნალობა" - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ვირუსის გავრცელების პლატო პროგნოზირებადი გახადა და ქვეყანაში ამ დროისთვის არ არსებობს ინფიცირების უცნობი წყარო.

„აქვე მინდა გაგახსენოთ რაც ბევრს უკვე გვავიწყდება, რამდენი საუბარი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პიკზე, პლატოზე და ასე შემდგომ. საქართველო იყო ჩვენი ზომის ქვეყნებში და ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც შეძლო, რომ ეს პლატო იმდენად პროგნოზირებადი გაეხადა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა გვაქვს ქვეყანაში არც ერთი გავრცელების ახალი ქეისი, რომელიც არ ვიცით საიდან მოდის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვიცით ყველა ინფიცირებული ადამიანის წყარო, ეს არის ან კარანტინი, ან უკვე ცნობილი კლასტერები, ერთ შემთხვევაში ეს იყო სატვირთო ავტომობილებით საერთაშორისო გადამზიდავის მძღოლი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შემდგომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იყო მიღებული, განსაკუთრებთ ისეთი მკაცრი ნაბიჯები, როგორიც იყო ქალაქების ჩაკეტვა, კომენდანტის საათი, მოქალაქეებისთვის ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იყო მიღებული, იყო აუცილებელი რამაც მოგვცა შესაძლებლობა გვეთქვა, რომ ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება სივრცეში და დროში აეყვანა კონტროლის ქვეშ. ეს იყო ჩვენი ძირითადი ამოცანა. არავინ არ აპირებს ამ შეზღუდვების დიდი ხნით შენარჩუნებას"- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ ხელისუფლებამ შეზღუდვები არამიზნობრივად გამოიყენა.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და თითოეულ თქვენგანს გავახსენო რამხელა დებატები იყო აქ იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის ინიციატივითაც მთავრობა გამოვიდა და შემდგომ თხოვნით მიმართა პარლამენტს და პარლამენტმა დააინიცირა. ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ის მოხსნები, რომელიც ჩვენ შეგვეძლო დღეს უკვე გავაკეთეთ. ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ მთავრობამ ან ხელისუფლებამ რაიმე სახის, არამიზნობრივად, ვგულისხმობ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის გარდა ეს შეზღუდვები გამოიყენა. ეს ყველაფერი გამიზნულად იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე ეტაპობრივად რა თქმა უნდა ეკონომიკური განვითარება და მათი სოციალური მდგომარეობა", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, სისტემური ინდუსტრიული კომპანია - მუშაობას აგრძელებდა 65 000 კომპანია რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი.

„ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო. ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინდუსტრიული კომპანია - მოკლედ შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში 65 000 კომპანია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ქვეყანაში შეიქმნა ოპერაციული მართვის შტაბები, რომელიც იყო შექმნილი უშიშროების საბჭოსთან. ამ შტაბის ქვემოთ შეიქმნა იგივე ფორმის შტაბები რეგიონულ დონეზე, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გუბერნატორები. ეს იყო უაღრესად ქმედითი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ დროულად გვქონოდა შესაძლებლობა, გვემართა ვირუსის გავრცელებაც და ბოლომდე არ გადაგვეკეტა ეკონომიკური საქმიანობაც. ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო. ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი. ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინდუსტრიული კომპანია. მოკლედ შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში 65 000 კომპანია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი. ეს ყველაფერი კეთდებოდა კონტროლის ქვეშ და ვერ დაასახელებთ შემთხვევას, როდესაც ეს საწარმოები ან ეს სამუშაო ადგილები გამხდარიყვნენ ინფექციის წყარო, იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებდით ეტაპობრივად, აბსოლუტურად პრაგმატულად და გვესმოდა, რომ რისკების შეზღუდვის თვალსაზრისით იყო რამდენიმე ინდუსტრიული ქალაქი, რომელიც გვქონდა გადაკეტილი იმის გამო კი არა, რომ იქიდან ინფექცია არ გამოსულიყო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ იქ ლოკალიზებული გვყავდა ადგილობრივი მუშახელი და იქ ინფექცია არ შესულიყო. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის გაჩერებაზე, საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, რომელიც იყო ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. საქართველოში არ ყოფილა არცერთ დღეს მოქალაქისთვის სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა და მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, რომ კონტროლის ქვეშ გვქონდეს ეპიდემია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობამ სწრაფად მიიღო ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკას აძლევდა საშუალებას, უფრო მეტი ჟანგბადი მიეღო და ეკონომიკის გახსნის, შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპები დაიწყო.

„ჩვენ სწრაფად მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აძლევდა საშუალებას ეკონომიკას, უფრო მეტი ჟანგბადი მიეღო და ეკონომიკის გახსნის, შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპები დავიწყეთ. რა თქმა უნდა, იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ გავრცელების სისწრაფე, გადაცემის კლასტერული ფორმა, როგორ დაეცა მობილობა ქვეყანაში, უკვე ვნახეთ და მივხვდით, უკვე შეგვეძლო გვეთქვა, რომ ვირუსის გავრცელებას მთავრობა აკონტროლებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ სწრაფად მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აძლევდა საშუალებას ეკონომიკას, უფრო მეტი ჟანგბადი მიეღო და ეკონომიკის გახსნის, შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპები დავიწყეთ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა გახლავთ ადაპტაცია. გახსნა ყველაფრის შეიძლება ერთ დღეში, არანაირი პრობლემა არ არის. ზოგიერთმა ჩვენმა მეზობელმა ცადა ეს გახსნა ერთ დღეში რას ნიშნავს. მარტივია, თუ გახსნას არ მოყვება კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოხდეს ვირუსთან ადაპტაცია, როგორც ეკონომიკის, ჩვენი სოციალური ცხოვრების, ტურისტების მიღების, პოლიტიკური ცხოვრების იქნება თუ ყველაფრის, მათ შორის პარლამენტის მუშაობის, ეს ყველაფერი არის უაღრესად რისკის შემცველი ქვეყნისთვის. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპი, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და აქ პასუხისმგებლობა არის ყველასი კიდევ უფრო დიდი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იმ რეგიონებში, სადაც კარანტინი მოქმედებდა, ადგილობრივების მიერ წარმოებული არცერთი სასოფლო სამეურნეო პროდუქტი არ დარჩენილა და არ გაფუჭებულა.

„როგორც კი გახდა შესაძლებელი 24 აპრილიდან ჩვენ შეზღუდვები ეტაპობრივად მოვხსენით, მიტანის სერვისები, ტრანსპორტი და მშენებლობები ამუშავდა. მინდა ყველამ გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო უკვე გაზაფხული, როდესაც კონკრეტული სასოფლო სამეურნეო სამუშაოები იყო ჩასატარებელი, არცერთი სამუშაო დღე სასოფლო სამეურნეო არ შეჩერებულა. გარდა ამისა ჩვენს იმ რეგიონებში, რომელიც უფრო მაღალი რისკის შემცველი იყო, რომლის უბრალოდ კარანტინში გადაყვანაც მოგვიწია, არცერთი სასოფლო სამეურნეო პროდუქტი მოსახლეობის მოყვანილი იქ არ დარჩენილა და არ გაფუჭებულა. მთავრობამ უზრუნველყო, როგორც მათი მომარაგება, არამედ მათ მიერ მოყვანილი სასოფლო სამეურნეო პროდუქტების აგრარულ ბაზრებზე შემდგომ ორგანიზებულად ტრანსპორტირება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას შეფასებით, რომ შევადაროთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჯანდაცვის სისტემა იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკები გამოჩნდა და როგორ მდგომარეობაში არის დღეს - ეს არის ცა და დედამიწა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია ეფექტურად მართოს რამდენიმე ასეული ინფიცირებული.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია ეფექტურად მართოს რამდენიმე ასეული ინფიცირებული. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადავარჩინოთ, არამედ იმისთვისაც თუ როგორ ეფექტურად შევძლებთ ჩვენ ეკონომიკის გახსნას. საბოლოო ჯამში, გლობალური კონკურენცია განვითარდება სწორედ ამ სივრცეში, ეკონომიკურ სივრცეში და პანდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებულები იქნებიან ქვეყნები, რომლებიც შეძლებენ როგორც თავიანთი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას, ასევე ეკონომიკის აღორძინებას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მათ სწრაფ რეაგირებას.

„კონკრეტული ინფიცირების წყაროს დადგენა, შემდგომ მისი გავრცელების, კავშირების, შემდგომ მათი ტესტირება, ეს იყო უაღრესად რთული პროცესი და ამაში მონაწილეობდა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა, არამედ სამართალდამცავი ორგანოებიც შესაბამის დახმარებას სწევდნენ. ამ ბრძოლაში პირველი დარტყმა მიიღო ინფექციური საავადმყოფოების იმ ქსელმა, რომლებიც იყო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ძალზედ სწრაფად გადაეწყო ინფექციური საავადმყოფოს ყაიდაზე რუხის კლინიკა და ბათუმის ინფექციური,"- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, „112" იყო ფილტრი, რომელმაც მოგვცა საშუალება, ეფექტიანად გვემართა ვირუსის გავრცელების სისწრაფე.

„როდესაც ჯანდაცვის სისტემის შეფასება მოხდა და შიდა გადაცემამ სწრაფი ზრდა დაიწყო ჩვენ მივხვდით, რომ ჯანდაცვის სისტემის დასაცავად ინფიცირებულთა ზეწოლისგან უნდა გაგვეკეთებინა რამდენიმე ბარიერი. პირველი ბარიერი ეს იყო - 112. მარტივად აეწყო ეს სქემა - ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ცხელება იღებდა ტელეფონს, მას ხვდებოდნენ გადამზადებული ოჯახის ექიმები და იმ შემთხვევაში, თუ მათი დიაგნოზით საჭირო იყო შემდგომი კონსულტაცია, ან არსებობდა რისკი Covid-19-ზე, მიყავდათ ცხელების კლინიკაში, სადაც ან უდასტურდებოდა მას ინფექცია და გადაყავდათ ინფექციურ კლინიკაში, ან არ უდასტურდებოდა და 24 საათის შემდგომ გადაყავდათ საკარანტინო ზონაში. ეს იყო ფილტრი, რომელმაც მოგვცა საშუალება, ეფექტიანად გვემართა ვირუსის გავრცელების სისწრაფე," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, სწრაფმა ტესტირებამ, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები შეიყვანა შეცდომაში.

უამრავი ქვეყნის მაგალითმა აჩვენა რომ სწრაფმა ტესტირებამ, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები შეიყვანა შეცდომაში, როდესაც ტესტების სიზუსტის ალბათობის პროცენტი იყო საკმაოდ დაბალი. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ სწრაფი ტესტები და მასობრივი, აგრესიული ტესტირება არის პანაცეა და ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, უამრავი ქვეყნის მაგალითმა აჩვენა რომ სწრაფმა ტესტირებამ, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე რამხელა სისტემური, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები შეიყვანა შეცდომაში, როდესაც ტესტების სიზუსტის ალბათობის პროცენტი იყო საკმაოდ დაბალი. ამიტომ, ჩვენ, უბრალოდ, შევაფასეთ ინფიცირების წყაროები. ჯერ ეტაპზე, როდესაც იმპორტირებულ ინფიცირებაზე იყო საუბარი და გადავკეტეთ საზღვრები და გავაკეთეთ საკარანტინო ზონები. როგორც კი დაიწყო შიდა გავრცელება, გავაკეთეთ რამდენიმე ბუფერი, ეს იყო 112, სატელეფონო მომსახურება, შემდეგ იყო ცხელების ცენტრები და შემდეგ საკარანტინე ზონები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ საქართველოში არ ყოფილა არც ერთი ინფიცირებული ადამიანი, რომელმაც არ მიიღო სტაციონარული მკურნალობა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს ბევრმა სისტემურმა, საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერმა სახელმწიფომ ვერ შეძლო.

„უამრავი მაგალითი იყო ევროპაში, როდესაც ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ დარჩით სახლში და იმკურნალეთ სახლის პირობებში. ამან რა შედეგიც გამოიღო, ყველა კარგად ვხედავდით. აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეს შედეგი იყო მიღწეული, რა თქმა უნდა, სწრაფი ნაბიჯებით, მაგრამ პირველ რიგში და უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობა ყველა გადასადგმელ ნაბიჯს ათანხმებდა სპეციალისტებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს ერთობლივი მუშაობა იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანვე მადლობა გადაუხადა პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც მოამზადა სპეციალური ჯგუფი კონტროლისთვის, თუ რამდენად იყვნენ მზად კლინიკები ინფიცირებულების მისაღებად.

„მინდა მადლობა, გადავუხადო პარლამენტარ, ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც მოამზადა სპეციალური ჯგუფი მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს უბრალოდ ადამიანური რესურსი არ ჰყოფნიდა, კონტროლისთვის რამდენად იყო მზად კლინიკები კოვიდის მისაღებად, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოში იყო პარლამენტიც, პრეზიდენტიც, ადგილობრივი ხელისუფლებაც და ყველა, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის 97 % არის კერძო. ბატონმა დიმიტრიმ თავის ჯგუფთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა ჩვენი კერძო კლინიკების მზაობის შეფასებაში. ამას ჰქონდა კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა. ჯანდაცვის სამინისტროში იყო შემუშავებული კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენს კლინიკებს ეტაპობრივად რთავდა კოვიდ 19-თან ბრძოლაში. ეს მარტივი არ იყო, მაგრამ 100 პაციენტის გაჩენის შემთხვევაში იყო ერთი მოცულობა კლინიკების, 200-ის შემთხვევაში უკვე ერთვებოდა დამატებითი კლინიკები და ეს იყო რეგიონალური გაშლა, 300-ის - ემატებოდა შემდგომი და ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მართა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი კოვიდით ინფიცირებული, რომელმაც ვერ მიიღო, ან არ მიიღო სტაციონარული მკურნალობა. ეს არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმის, თუ რომ გვყავს სწრაფად გამოჯანმრთელებულების ამდენი რაოდენობა და რატომ არის ლეტალური კოეფიციენტი ჩვენთან ასე დაბალი", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობდა პირველი პაციენტი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა კლინიკური ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობდა მკურნალობის ტაქტიკას.

კლინიკური ჯგუფი, რომელიც შეიქმნა ბატონ თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, იყო ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც შეიქმნა, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობდა პირველი პაციენტი. ეს კლინიკური ჯგუფი ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა საერთოდ მკურნალობის ტაქტიკას და სტრატეგიას, ქვეყნის რომელ რეგიონშიც არ უნდა ყოფილიყო ინფიცირებული ადამიანი, ან კოვიდის რისკის მატარებელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის შეფასებით, ყველა სახის ნაჩქარევი და სწრაფი გახსნა არის ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება.

რაც შეეხება ტესტირების ნაწილს, მინდა ეს თემა სამუდამოდ დავხურო. სამწუხაროა როდესაც პატარა ქვეყანაში, სადაც პანდემიას ებრძვიან, რომლის რესურსებიც საკმაოდ შეზღუდულია, საერთოდ ტესტირების თემა ხდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი. ეს სხვა თემაა, ჩვენი პოლიტიკური კულტურის თემა, რომელსაც არ მინდა აქ შევეხო თუმცა, მსოფლიოში არსებობს ერთადერთი ოქროს სტანდარტი ეს არის PCR ტესტირება,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ლაბორატორიები არსებობს, რომლებშიც დღეში 2500 PCR ტესტირება.

„ქვეყანაში არც თუ ისე ძლიერი, მაგრამ საკმაოდ მყარი მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ლაბორატორიების ქსელი არსებობს. პირველ რიგში ეს გახლავთ ლუგარი, ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიები, რომლებსაც PCR ტესტირების ჩატარება უმაღლეს დონეზე შეუძლიათ. არ დაგვავიწყდეს ის, რომ, როდესაც ეპიდემიის პირველი შემთხვევები იყო საქართველოში დღეში 72-75 PCR ტესტი ტარდებოდა. დღეს ტარდება 2500. უახლოეს პერიოდში ჩატარდება 3 000 და შესაბამის უწყებებს ჯანდაცვის სამინისტროში აქვს დავალება მიღებული, რომ შემოდგომამდე, სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს 10 000 PCR ტესტის ჩატარება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სანამ ქვეყანაში არ იქნება შესაძლებლობა დღეში ოქროს სტანდარტის გარკვეული რაოდენობის PCR ტესტის ჩატარება, ყველა სახის ნაჩქარევი და სწრაფი გახსნა არის ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება.

„ვისაც ეს ესმის, ის ძალიან კარგად ხვდება რაზე ვსაუბრობთ. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როდესაც ვამბობთ, რომ გვინდა ეკონომიკის გახსნა, გვინდა ვიყოთ პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტების და სტუმრების ორგანიზებულ მიღებას შეძლებს. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც შეძლო ორგანიზებულად 10 ათასობით თავისი მოქალაქის ჩამოყვანა სახელმწიფოს ხარჯზე უცხოეთიდან. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა საკარანტინო ინფრასტრუქტურა, ყველა ეს ადამიანი გადის ტესტირებას. ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, როდესაც გახსნაზე ვსაუბრობთ და ზოგიერთები მოგვიწოდებენ გავხსნათ ყველაფერი და რატომ გვაქვს ტრანსპორტი შეზღუდული, მარტივად მეგობრებო, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, გონივრული და გეგმის შესაბამისი. ამ გეგმის მიხედვით, სანამ ქვეყანაში არ იქნება შესაძლებლობა, დღეში ოქროს სტანდარტის გარკვეული რაოდენობის PCR ტესტის ჩატარება, ყველა სახის ნაჩქარევი და სწრაფი გახსნა არის ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას და ეკონომიკის ამოქმედებას აქ პარალელურად პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ამას მოჰყვება, როგორც ჯანდაცვის სიტემის მზაობას, ასევე ლაბორატორიული ქსელების მზაობა, კერძო ლაბორატორიების ფუნქციაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა ვიცოდეთ, როდის და რა სახის გადაწყვეტილებები ან განცხადებები უნდა გავაკეთოთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საკარანტინო ზონები გაიარა 22 000-ზე მეტმა მოქალაქემ და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დღეს თავის პროტოკოლებში იყენებს.

საკარანტინო ზონების ნაწილში მინდა, ეკონომიკის სამინისტროს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს იყო იდეა, რომელიც დაიბადა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, როდესაც ჩვენ ელემენტარულად ვნახეთ, რომ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ხდებოდა უზარმაზარი რისკი. ყველას გვახსოვს, ან შეიძლება დაგვავიწყდა, რადგან ეს ადამიანები უკვე გამოჯანმრთელდნენ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, იტალიიდან შემოსული ინფიცირებულების რაოდენობა და იქ რამდენიმე მსხვილი კლასტერი, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან. ეს ხალხი დღეს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს და ეს პირველ რიგში იყო ექიმების დამსახურება, მაგრამ ეს კლასტერები რომ არ გაზრდილიყო და ჩვენ სწრაფი და გაურკვეველი ტესტების პირობებში, უფრო დაზღვეული გვქონოდა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მივიღეთ საკარანტინო ზონების შექმნის გადაწყვეტილება, როგორც ბუფერის,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა, რომელსაც დღეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, თუ როგორ გახსნას ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით.

„ამ ვირუსს აქვს 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა. ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, საერთოდ როგორ გახსნას ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, საკარანტინო ზონები ქვეყანაში გაიარა 22 000-ზე მეტმა მოქალაქემ და ისე, რომ არავინ არაფერი იცის. აქ ჩვენ გვყავს საკარანტინო ზონებში 4000-მდე მოქალაქე. ვერცერთი ადამიანი ვერ გამოდის დღეს ისე, თუ არ ჩაუტარდათ მათ PCR ტესტირება და ამ 3 თვის შრომის შედეგია ის, რომ დღეს უკვე ახალი ინფიცირების შემთხვევები ძირითადად მოგვდის საკარანტინო სივრცეებიდან. ადამიანები, რომლებიც თავის სამშობლოში მბრუნდებიან ან სახმელეთო, ან საჰაერო საზღვრით, სახელმწიფოს დახმარებით, არიან კომფორტულ პირობებში საკარანტინო ზონებში, რომლის დატოვების შემდგომ მათ უტარდებათ შესაბამისი ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში მათ უტარდებათ მკურნალობა. ამიტომ საკარანტინო ზონების შემქნა ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და სწორი ნაბიჯი და უნდა ვაღიარო, იყო ის შესაძლებლობა, რომელმაც მოგვცა შანსი, რომ გაურკვევლობის პირობებში, რომელიც შეეხებოდა სწრაფი ტექსტების ეფექტურობა-არაეფექტურობას, მათ შეძენას, მსოფლიოში უამრავი რიგის და ათასი შარლატანის გამოჩენას, რომლებიც ამ ტესტებს სთავაზობდნენ მთავრობას როგორც სამინისტროების, ისე დეპუტატების და ცალკე ბიზნესმენების დონეზე, ჩვენ ამაზე გააზრებულად ვთქვით უარი, რადგან გვქონდა მაღალი სტანდარტი PCR ტესტის და აბსოლუტურად ეფექტურად მომუშავე საკარანტინო ზონები,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ამოცანა იყო ძირითად პროდუქტებზე შიდა რისკების, სპეკულაციის და კურსთა შორის სხვაობის დაზღვევა, რაც ქმედითად იქნა გაკეთებული.

„ყველას კარგად გვესმის, რომ პანდემია არის გლობალური, არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ეკონომიკური გამოწვევა. მსოფლიო და ჩვენი მეზობლები ამას მიხვდნენ ძალიან სწრაფად. ჩვენთვის ამის პირველი მესიჯები იყო ის, როდესაც ჩვენმა მეზობლებმა ან ჩვენმა მომწოდებელმა ქვეყნებმა ძირითად სასურსათო პროდუქტზე უბრალოდ გადაკეტეს ბაზრები. ეს იყო ხორბალი, შაქარი, ბურღულეული და ასე შემდეგ. ეს იყო შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა უბრალოდ გარკვეული პანიკის ნიშნების წინაშე იდგა. ამიტომ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა მსხვილ იმპორტიორებთან და ჩვენ გავაკეთეთ ქვეყანაში 9 აუცილებელ სასურსათო პროდუქტზე სტრატეგიული მარაგები, რომლებიც დღესაც გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში ვიყენებდით. გავაკეთეთ პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 9 ძირითად პროდუქტზე ფასის დაზღვევას, მაგრამ არ მინდა აქ ვინმეს სპეკულირების საშუალება მივცე, არავინ არავის არ დაპირებია ფასის დაფიქსირებას. საერთაშორისო ბაზრებზე, მაგალითად, შაქარზე და ფქვილზე საქართველოს ფასების დაზღვევა შეუძლებელია უბრალოდ, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო ჩვენი შიდა რისკების დაზღვევა, ეს იყო სპეკულაცია და კურსთა შორის სხვაობა, რაც ქმედითად იქნა გაკეთებული,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს და აღნიშნულ ჯგუფს. მისი თქმით, მიუხედავად უდიდესი დეფიციტისა, ქართველ ექიმებს პირადი დაცვის აღჭურვილობის პრობლემა ძირითადად არ ექმნებოდათ, დღეს კი ქვეყანაში დიდი რაოდენობით პირბადეები იწარმოება.

„გარდა ამისა, ბატონი ლევანის და საერთოდ ამ ჯგუფის, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროც მუშაობდა, დამსახურებაა და მადლობა მინდა გადავუხადო, რომ უდიდესი დეფიციტის მიუხედავად ქვეყანაში პირადი დაცვის საგნებზე, მათ შეძლეს რომ ძირითადად, გარკვეული პატარა პრობლემების გარდა, ქართველ ექიმებს პირადი დაცვის აღჭურვილობის დიდი პრობლემა არ შექმნიათ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში უკვე საკმაოზე მეტი რაოდენობით პირბადეები იწარმოება, რაშიც ეკონომიკის სამინისტრო იყო ჩართული და დღეს ფაქტობრივად ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში რიგებია უბრალოდ ამ მსხვილი შესყიდვების გამო" - განაცხადა პრემიერმა.

მანვე ხაზი გაუსვა სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად მუშაობას.

„ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და ცალკე გამოვყო სატვირთო გადაზიდვები. სატვირთო გადაზიდვები საქართველოს ეკონომიკისთვის და არა მხოლოდ მომარაგებისთვის, მე არ ვსაუბრობ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო მომარაგებაზე, ეს არის პროდუქტი, შაქარი, ფქვილი, წამლები და კიდევ ბევრი რამ. ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია, რომლის უბრალოდ ხელიდან გაშვებაც შეიძლება გამხდარიყო დიდი კონკურენტული პრობლემა, ეს სატვირთო ნაკადები გადაეწყობოდა სხვა მიმართულებით, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ეს არის ათასობით სატვირთო მანქანა. არც ერთი დღე, მიუხედავად უდიდესი რისკებისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არ შეჩერებულა. დღეში ეს არის 1000-ზე მეტი სატვირთო მანქანა, რაც ნიშნავს 2000-ზე მეტ მძღოლს, რომელიც უაღრესად მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან შემოდიოდა და შტაბმა შეძლო ამ პროცესის მენეჯმენტი ისე, რომ ქვეყანას უბრალოდ ინფექციის განვითარების და აფეთქების რისკი არ შექმნოდა, თუმცა, აქ ვერ გამოვიდა ხარვეზების გარეშე. მოგეხსენებათ ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ქართველი მძღოლების მიერ ინფექციის შემდეგი განვითარების, ბოლო იყო მაგალითად ზუგდიდში. დღეს ეს პრობლემაც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, მაგრამ დღეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაღალ რისკებზე, ყოველთვის ვამბობთ შემდეგ რამეს, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი არის, ინფექციის ახალი კერების აღმოსაჩენად, ეს არის საკარანტინო ზონა და ეს არის ტრანზიტი. ამიტომ შესაბამის უწყებებს, შტაბს, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს მიცემული აქვთ შესაბამისი დავალებები, რომ სატრანზიტო ნაკადების მართვა იყოს ბევრად მარტივი. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, როდესაც ვსაუბრობთ სატვირთო გადაზიდვებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 6000 ქართველ მძღოლზე არის საუბარი, 6 000 მძღოლი, რომელსაც არც ერთი დღით სამუშაო არ დაუკარგავს, პირიქით, მას სახელმწიფო ეხმარებოდა" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს სამშობლოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი, სახელმწიფოს დახმარებით.

„ჩვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას. მარტივ ციფრებს ვიტყვი - დღეს უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი. სახელმწიფოს დახმარებით, ორგანიზებულად, ეს ხებოდა ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან. 21 198 ადამიანს, საქართველოს მოქალაქეებს,, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ ადგილზე გაუწია დახმარება. ეს ის ხალხის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური. დახმარების სახით მათ მიიღეს ბინის ქირის გადასახადი, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება და სხვა. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, საქართველოდან სამუშაოდ ასობით ათასი ადამიანია გასული და ეს არ მომხდარა არც გუშინ და არც დღეს, მაგრამ, როდესაც ასეთ ამბიციურ პროგრამებს ვაანობსებთ, ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანას აქვს შეზღუდული რესურსი და ჩვენი ამოცანა, როდესაც არ ვიცით და მსოფლიოში ვერავინ აკეთებს ზუსტ პროგნოზს იმასთან დაკავშრებით, რომ ეს პანდემია რა პერიოდით გაგრძელდება, როდის იქნება ვაქცინა, იქნება მეორე ტალღა თუ არა, ჩვენ კი არა უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები ხან მესამე და ხან მეოხე ტალღაზე საუბრობენ და ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია, გამოიყენოს უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ. ჩვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს და ამერიკის მთავრობების ერთობლივი ღონისძიების შედეგად აშშ-დან 90 მოსწავლე იქნა აშშ-დან ჩამოყვანილი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ღონისძიებისთვის აშშ-ს მთავრობას მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს და ამერიკის მთავრობის ერთობლივი ღონისძიების შედეგად ჩვენ 90 ადამიანი, სკოლის მოსწავლე ჩამოვიყვანეთ აშშ-დან, მათ შორის, 30 სომხეთის მოქალაქე და ამ ღონისძიებისთვის მინდა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადავუხადო. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, ესენი არიან ქართველი არასრულწლოვანი ქართველი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა პროგრამით აშშ-ში იღებდნენ განათლებას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა, აგრეთვე, ისაუბრა განათლების სისტემაზე და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ კრიზისის შესაძლებლობად გამოყენების მაგალითი აჩვენა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწია განათლების პროცესის შეჩერება ქვეყანაში და ეს მოხდა 4 მარტს, მოგვიწია სწრაფი გადალაგება. განათლების სამინისტრომ ეფექტიანად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა. ეს არ იყო მარტივი და არაა იდეალური, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ მზაობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა 2 თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვუწოდებ. განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად. გარდა ამისა, Microsoft-ის გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი - „ტელესკოლა", რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა და არის ასე პოპულარული. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის" ეფექტურობა შეიძლება კლასიკურ აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს, თუმცა აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყნის ინტერნეტიზაციის დონე. სწრაფად იყო მიღებული შედეგები და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ამ ნაწილში მთავრობა მიიღებს სწრაფად, უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სერვისი, რომელსაც მთავრობა აწვდის მოქალაქეებს, უნდა მიიღონ მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ის ღონისძიება, ყველა ის სერვისი, რომელსაც საქართველოს მთავრობა აწვდის თავის მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, უნდა მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. მესმის, რომ ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვქონდა სრულად მობილიზებული, როგორც რუხის კლინიკა, ასევე გორის ჰოსპიტალი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაში, ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართველ სამხედროებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც მან მიიღო და მოუწია პანდემიასთან ბრძოლაში ჩართვის თვალსაზრისით. ამაში ჩართული იყო 10 000 ქართველი პოლიციელი და ისინი ამაგრებდნენ 130-ზე მეტ ბლოკპოსტს. არაფერს ვამბობ კომენდანტის საათის და სხვადასხვა სახის მათთვის არასპეციფიკური ფუნქციების შესრულების თვალსაზრისით. ეს ხალხი იყო ბრძოლის წინა ხაზზე, ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და მათ ეკუთვნით უაღრესი. 4 800 ქართველი სამხედრო, რომლებმაც დატოვეს მათი დისლოკაციის ადგილები და ეხმარებოდნენ ქვეყანას, არა მხოლოდ როგორც უბრალოდ ბლოკპოსტების მენეჯმენტის ნაწილში. არა, ეს იყო მაღალი კვალიფიკაციის ექიმები. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გორის ჰოსპიტალს, რომელიც საერთაშორისო შეფასებებითაც ქვეყანაში ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით იყო საუკეთესოდ მომზადებული და ორგანიზებული სამედიცინო დაწესებულება და ერთ-ერთ საუკეთესო დაწესებულებად რჩება დღესაც," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ, სიტყვით გამოსვლისას, ასევე, მადლობა გადაუხადა მთავრობის ადმინისტრაციის რიგით თანამშრომლებს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რაც სწრაფად შეძლეს გაეკეთებინათ მთავრობის ადმინისტრაციის რიგით თანამშრომლებს, რომლებმაც სწრაფად შექმნეს პლატფორმა #stopcov.ge. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა მომენტალურად. მეც, ბევრჯერ, როდესაც დამჭირვებია რაღაც ინფორმაცია, პირველად შევსულვარ იქ. უბრალოდ შეიძლება ადამიანს ვერ დაურეკო, დაკავებული იყოს, უნდა გადმოგირეკოს, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ პლატფორმაზე არ ყოფილიყო აქტუალური ინფორმაცია," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს" დამსახურებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ დონაციას ქვეყანა გამოიყენებს სწორედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად დასჭირდება.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატმა შექმნა მხარდაჭერის ფონდი, რომელშიც ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ფინანსური დახმარების თვალსაზრისით ათასობით ქართულმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი. ეს არის ფონდი, რომელშიც დღეს მობილიზებულია 132 მილიონი ლარი. ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც უაღრესად მწვავე, საჭირო დროს იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა აქ მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს" დამსახურება, ჩვენ ამ დონაციას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანას ეს ყველაზე უფრო დასჭირდება. ამ დონაციას აქვს ფინანსური დაზღვევის ყველაზე დიდი მნიშვნელობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა, აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ისაუბრა, მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვებზე დახარჯული 94 მილიონი ლარიდან 90 პროცენტი გამოყენებული იყო მხოლოდ ეპიდემიასთან ბრძოლისთვის.

„საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვებზე სულ დახარჯული იყო 94 მილიონი ლარი და აქედან, 90 % იყო გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ კოვიდთან, ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ინფორმაცია, ამ შესყიდვებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ყველას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ შეაფასოს ის ეფექტურობა და ეფექტურობის ხარისხი, რომელშიც ჩვენ არანაირი ეჭვი არ გვეპარება," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, 600 მლნ ლარით შემცირდება მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებს, რომლის გადავადებაც ქვეყნისთვის მეტ-ნაკლები ზიანის და ზარალის გარეშეა შესაძლებელი.

„საქართველო არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ღარიბი ნაწილი, ეკონომიკურად საკმაოდ სუსტი და შეუძლებელი იყო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს ზეგავლენა არ მოეხდინა ჩვენს ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, რომ უნიკალურობა ეკონომიკური კრიზისის დღევანდელი პანდემიასთან დაკავშირების გახლავთ მოთხოვნის და მიწოდების ერთდროული კრიზისი, რამაც სერიოზული ზეგავლენა მოახდინა ქართულ ეკონომიკაზეც. ჩვენი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, იყო ტურიზმი, უცხოური ინვესტიციები, რემიტანსები - ეს ყველა ის სფერო და მიმართულებაა, რომელიც უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დადგა. პირველივე დღიდან, როდესაც მთავრობის მიერ შეფასდა, რომ ეს არ არის მოკლევადიანი კრიზისი, ჩვენ გვექნება გრძელვადიანი პრობლემები და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ და შევადგინოთ გრძელვადიანი გეგმა, რა თქმა უნდა, დავიწყეთ მუშაობა ჩვენს საერთაშორისო. პირველი შეფასებებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებით, წლევანდელი ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდება 4 %-ით. რეალურად, მე არ შევადარებ ახლა სხვა ქვეყნებთან, ეს კლება ზოგან მეტი და ზოგან ნაკლებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტურიზმი, როგორც ასეთი ძალზედ მგრძნობიარეა. ვგულისხმობ ის გადაცემის ეფექტი, რომელიც გააჩნდა ტურიზმს. მარტივად, ტურიზმი მომენტალურად მოქმედებდა სოფლის მეურნეობაზე, დეველოპმენტზე, ვაჭრობაზე, სხვადასხვა სერვისებზე. მოგეხსენებათ, 12 მლნ ტურიზმის მოლოდინში საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოება იყო ამ მოცემულობისთვის მომზადებული. დღეს, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არ იქნება. დღეის მონაცემებით, საბიუჯეტო ციფრებში რომ გადავიდეთ, რეალური მონაცემები იქნება შემდეგი - ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები, დაახლოებით, 1 მილიარდ 800 მილიონი საბიუჯეტო სახსრების ნაწილში, 600 მლნ ლარით ჩვენ შევამცირებთ ხარჯებს, ეს იქნება 300 მლნ მიმდინარე ხარჯები და 300 მლნ კაპიტალური ხარჯები. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტ-ნაკლები ზიანის და ზარალის გარეშე, ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში არ იქნება აქტუალური. 3 მლრდ ლარი არის საჭირო ქვეყნისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად და სოციალური მხარდაჭერის იმ გეგმებისთვის, რომლებიც ჩვენ გამოვაცხადეთ. რეალურად. ეს წარმოადგენს 4 მლრდ 200 მლნ ლარს. ეს იყო ის საწყისი ეტაპი, რომლითაც ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები დავიწყეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო იყო და ფაქტს ვსაუბრობ პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში დაასრულა მოლაპარაკებები და შეათანხმა სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ახალი პროგრამის შეთანხმება სავალუტო ფონდთან, ნიშნავდა სხვა დონორებთან მუშაობის გამარტივებას, რაც სულ რაღაც 2-3 კვირის განმავლობაში როგორც ფაქტი უკვე დადასტურდა და საქართველოს მთავრობამ მიიღო მხარდაჭერა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან 1 მილიარდ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და ამ თანხის გარკვეული ნაწილების უკვე ათვისება ჩვენ უკვე დავიწყეთ. კერძო სექტორისთვის კი, და ესეც აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა, მას შემდეგ, რაც მთავრობის მოთხოვნილებები ჩვენი ლიკვიდობის პრობლემა მოვაგვარეთ, ბიზნესთან ერთად დავიწყეთ დონორებთან საუბარი და ჩვენი კერძო სექტორისთვის, საბანკო-საფინანსო რეალური სექტორისთვის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მივიღეთ თანხმობა მზაობაზე, რომ დამატებით 1 მილიარდ 500 მლნ დოლარიც არის მათთვის მზად, იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ლიკვიდობის პრობლემა ექნებათ, რომ მათ ეს რესურსი აითვისონ. მოგეხსენებათ, რომ დაკორექტირებულ ბიუჯეტს ჩვენ უახლოეს პერიოდში, ეს იქნება უახლოესი კვირა, 10 დღე შემოვიტანთ და ეს იქნება ის, სადაც გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლების მზიანია, პირველ რიგში, სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, მეორე - მოქალაქის და კომპანიის დახმარება სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, მესამე კი - კომპანიების გადარჩენა კრიზისის პერიოდში.

„ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კრიზისი არის გლობალური. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზე ამას ექნება სერიოზული ზეგავლენა, ეკონომიკური პარამეტრების შემცირება, ჩვენ ვიმუშავეთ და ერთად დავადასტურეთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, პირველ რიგში, სავალუტო ფონდთან," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

როგორც მანვე აღნიშნა, პირველ რიგში, მთავრობის სამიზნე ობიექტი იყო სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, შემდეგ ნაწილობრივ მოქალაქის და ნაწილობრივ კომპანიის, რათა სამუშაო ადგილები შენარჩუნებულიყო, შეძლებისდაგვარად.

„აქედან გამომდინარე, ვიმუშავეთ დონორ ორგანიზაციებთან და დღეს დავაბალანსეთ ეს შემოსავლები და ვამბობთ, რომ მხოლოდ ამის შემდგომ და არა მანამდე, რაღაც ფუჭი დაპირებები - მოდით ახლა ჩვენ დავხარჯოთ ერთს პლიუს ორი, პლიუს სამი და გაურკვეველია ეს ფული საიდან უნდა მოვიდეს, საიდან უნდა მოიტანონ და ა.შ. ამის შემდგომ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი სამიზნე ობიექტი, პირველ რიგში, არის სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, იმიტომ, რომ ეს არის გრძელვადიანი კრიზისი და მოქალაქეს ექმნება გრძელვადიანი პრობლემა, უბრალოდ შემოსავლები შეუმცირდება, ან გაუქრება საერთოდ, იმიტომ, რომ დაკარგავს სამსახურს. მეორე - ჩვენი დახმარება, ნაწილობრივ მოქალაქის და ნაწილობრივ კომპანიის იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ, შეძლებისდაგვარად. მესამე - ეს არის კონკრეტული დახმარება კომპანიებისთვის, რომ კომპანიები, ლიკვიდობის მიწოდების თვალსაზრისით გადავარჩინოთ კრიზისის პერიოდში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის პოსტკრიზისული გეგმა. მისივე თქმით, პოსტკრიზისული გეგმა ეს არის სხვა ისტორია და უპასუხისმგებლობაა დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, ან საერთოდ არაფერი არ გაეგება ეკონომიკაში.

„დღეს, ქვეყანას და მსოფლიოს აქვს მოთხოვნა-მიწოდების ასეთი რისკი და არავინ არ იცის, როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი, სულ რაღაც ორ, სამ, ან ოთხ თვეში, მას შემდგომ, რაც ეკონომიკა, საერთაშორისო ვაჭრობა გადალაგდება. საერთოდ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბარი დღეს არის უპასუხისმგებლობა. ამიტომ, მოდით ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ანტიკრიზისულ გეგმაზე, თუ რა იყო ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ძირითადი საფუძვლები, მესიჯები. სისტემა რა იყო და როგორ იყო ეს გეგმა სტრუქტურირებული. ეს გეგმა იყო სტრუქტურირებული, როდესაც კრიზისი დაიწყო, პირველადი დახმარება, ცეცხლის ჩაქრობა. ესეც იყო მიმართული კონკრეტული ადამიანების და რა თქმა უნდა, კონკრეტული კომპანიების მიზნობრიობის თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რომ მდგრადობა იყოს.

„ჩვენ მივიღეთ პირველი გადაწყვეტილება, კომუნალური ხარჯების სრულად დაფარვის თაობაზე. ეს კომუნალური ხარჯების დაფარვა უკვე შეეხო მილიონ 200 000 ოჯახს. ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანებს დაფარვის მაქსიმალური სივრცე რომ ჰქონოდათ, ადამიანებს უბრალოდ შემოსავლები შეიძლებოდა დაკლებოდათ და მათ ელემენტარულ მიმდინარე ხარჯებში გაჩენოდათ პრობლემა. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ პირველი გადაწყვეტილება, კომუნალური ხარჯების სრულად დაფარვის თაობაზე. ეს კომუნალური ხარჯების დაფარვა უკვე შეეხო მილიონ 200 000 ოჯახს. პირველი დახმარება, ფიზიკური პირებისთვის, მათ ყველაზე აუცილებელი გასავალი, სესხის მომსახურება - ბანკებთან ერთად ვისაუბრეთ და გავუკეთეთ სამი თვით სესხის გადავადება და ამ სერვისით უკვე ისარგებლა და გამოიყენა 600 000-მა ადამიანმა, ფიზიკურმა პირმა. სასურსათო პროდუქტების ფასების დაზღვევა - ეს იყო ცეცხლის ჩაქრობა, ამას არავინ ეძახის ანტიკრიზისულ გეგმას. ადამიანს რომ გაუჭირდა, ეკონომიკურად შოკში რომ შევიდა მისი ეკონომიკური შემოსავალი, ჩვენ ადამიანს სოციალურად დავეხმარეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ოფიციალური სამსახური და შემოსავალი, გამოცხადდა 1200 ლარის დახმარება 6 თვის განმავლობაში. პრემიერის განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტში ამ ადამიანებისთვის დარეზერვებულია 450 მილიონი ლარი.

„მეორე ეტაპი იყო უკვე გამიზნული. ეს არ იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. საქართველო ვერცერთ დამატებით დახმარებას ვერ გაწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული. ასე შეიძლება მეც გამოვიდა და მქონდეს სურვილი, თითოეულ ოჯახს მივცე 10 000 ლარი. მესმის, რომ ყველას ეს სჭირდება, მაგრამ ამას აქვს თავისი ეკონომიკური დასაბუთება. შესაბამისად, ჩვენ ეს ღონისძიებები, კონკრეტული, გრძელვადიანი, დავაანონსეთ მას შემდგომ, რაც ეს ყველაფერი გვქონდა დათვლილი, გააზრებული, შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო დონორებთან და უკვე ვიცოდით, გეგმით სად მივდიოდით. სწორედ ამის შემდგომ, ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ოფიციალური სამსახური და შემოსავალი, გამოცხადდა 1200 ლარის დახმარება 6 თვის განმავლობაში. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ბიუჯეტში მსგავსი მუხლით ამ ადამიანებისთვის დარეზერვებულია 450 მილიონი ლარი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თვითდასაქმებულები, რომლებიც შეძლებენ დადასტურებას, რომ მათ სტაბილურად თვეში ჰქონდათ შემოსავალი, ისინი ერთჯერადად მიიღებენ 300 ლარის ოდენობის დახმარებას.

„გარდა ამისა, იმისთვის, რომ კომპანიებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები და ამით მივხმარებოდით ჩვენს მოქალაქეს, ყველა კომპანიის საშემოსავლო გადასახადი, 150 ლარის ოდენობით, რომელიც შეეხო 750 ლარზე ნაკლებ ხელფასს, ესეც დაასუბსიდირა სახელმწიფომ. ეს იყო ღონისძიება, რომელიც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეს მეტი ლიკვიდობა და ნაკლები ადამიანი გაუშვას სამსახურიდან. თვითდასაქმებულების ნაწილში - თვითდასაქმებულები, რომლებიც ელემენტარულად შეძლებენ დადასტურებას, რომ მათ სტაბილურად თვეში ჰქონდათ რაღაც სახის შემოსავალი, ისინი ერთჯერადად მიიღებენ 300 ლარის ოდენობის დახმარებას. ადამიანები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 100 000-მდე, ეს არის ჩვენს სოციალურ ქსოვილში, ჩვენს სოციალურ ჯგუფში ყველაზე მაღალი რისკის ადამიანები და ოჯახები, მათ განესაზღვრათ 600 ლარის დახმარება.მრავალშვილიანი ოჯახები და ასეთი არის 22 ათასი ოჯახი, მათ ასევე განესაზღვრათ 600 ლარის დახმარება და შშმ პირები, 40 000 ადამიანი, ისინიც მიიღებენ 600 ლარის ოდენობის დახმარებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ეს არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება. ეს არ არის ანტიკრიზისული გეგმა, ეს არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება. აბსოლუტურად გააზრებულად იყო გაკეთებული ის, რომ ჩვენ ეს დახმარება ვადაში გავჭიმეთ 6 თვით. მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რომ მდგრადობა იყოს მათ გასავლებში. ეს ვირუსი და პანდემიასთან ბრძოლა დასრულებული არ არის. როდესაც ჩვენ ტურიზმის მხარდაჭერა დავაანონსეთ, სულ რაღაც ერთ თვეში მივხვდით, რომ ეს ღონისძიებები იყო სასაცილო, მიზერული იყო ეს ვერაფერს ვერ დაეხმარებოდა სექტორს და გახდა უფრო სერიოზული. დრეს მსოფლიოში ვერავინ გეტყვით, როგორი იქნება შემოდგომა. ასე თუ ისე ჩვენ ვგეგმავთ, როგორი იქნება ზაფხულის თვეები, და კონტროლი ეპიდემიაზე აღებული გვაქვს, ვერავინ გეტყვით, როგორი იქნება შემოდგომა, როგორია მეორე ტალღის ალბათობა, როგორი სიძლიერის იქნება მეორე ტალღა, იქნება ვაქცინა თუ არ იქნება - დღეს ასეთი დასაბუთებული სანდო მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, ნებისმიერი ღონისძიება იყოს მდგრადი და პასუხისმგებლიანად დროში გადანაწილებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ტურისტული კომპანიების და გიდების დახმარება იქნება ცალკე პროგრამა, რომლის მიზანი იქნება სამუშაო ადგილების და კომპანიების გადარჩენა, მათი კომპეტენციის ამაღლება და მხარდაჭერა.


„ბიზნესის ნაწილში, ქონების გადასახადი სრულად იქნა გადავადებული წლის ბოლომდე, ტურისტული სექტორის საშემოსავლო გადასახადებიც ასევე იქნა გადავადებული. სასტუმროები, რომლებსაც ბრუნვა აქვთ 20 მილიონ ლარამდე, მათ სახელმწიფო ბანკის პროცენტის სუბსიდირებაში დაეხმარება, ამისთვის ჩვენ ფული დარეზერვებული გვაქვს. მაგრამ სასტუმროები, რომლებიც არიან უფრო მსხვილი, 20 მილიონზე მეტი ბრუნვით, მათ სახელმწიფო ეხმარება ქონების გადასახადის შეღავათით და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანებს, რომლებიც ამ ბიზნესში ოპერირებენ, ძალიან კარგად ესმით რაზეც ვსაუბრობ. კომპანიების და გიდების დახმარება იქნება ცალკე პროგრამა და ყველა ამ ნაბიჯის და პროგრამის ძირითადი მიზანი იქნება ჯანსაღი სამუშაო ადგილების და კომპანიების გადარჩენა, მათი კომპეტენციის ამაღლება და მხარდაჭერა როგორც ლიკვიდობის, ასევე, მიწოდების შოკის გადალახვაში. სასტუმროების ნაწილში, საკარანტინო სივრცეები იყო სერიოზული მხარდაჭერა ეკონომიკური თვალსაზრისითაც, დაახლოებით 5 000 სამუშაო ადგილი შენარჩუნდა, გარდა იმისა, რომ უზარმაზარი კომპეტენცია შეიძინეს მსხვილმა სისტემურმა სასტუმროებმა როგორ უნდა მართონ Covid-ის რისკები. იქ თავისი სპეციალური პროტოკოლებია დასუფთავების, „ქეითერინგის", ტრანსპორტირების. როდესაც ტურიზმი გაიხსნება, ეს ის ხალხია, რომელიც ყველაზე უკეთესად არის მზად იმისთვის, რომ გაუმკლავდეს და აითვისოს ტურიზმის შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ ტურიზმის გახსნის 3-ეტაპიანი გეგმა არსებობს. დღეს ჩვენ ვართ ადაპტაციის და მომზადების ეტაპზე. 15 ივნისიდან გაიხსნება შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო მზად იქნება, რომ ქვეყნის გარედან მიიღოს სტუმრები - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის დარგზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერასთან ერთად, მთავრობამ სისტემური რეფორმები განახორციელა, როგორიცაა მიწის რეგისტრაცია.

„სოფლის მეურნეობა იყო მეორე მიზნობრივი მიმართულება და ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფო უნდა დახმარებოდა და ჩვენ ეს ნაბიჯები გადავდგით. სოფლის მეურნეობის დახმარებას აქვს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა. ჩვენი გრძელვადიანი ამოცანაა სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია, ყველას გვესმის, რომ საქართველოში სისტემური პრობლემაა მიწის რეგისტრაცია და ამიტომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენ ეს თანხა ასე არ გადაგვიგდია და არ გვიჩუქებია, სისტემური რეფორმები განვახორციელეთ, როგორიცაა მიწის რეგისტრაცია და ამავე დროს, ჩვენ თითოეულ ფერმერს ვუთხარით, რომ შენ თუ არ გაქვს დარეგისტრირებული მიწა და წლის ბოლომდე დაირეგისტრირებ, გახდები ფერმერი, ამ წლის შემდგომაც შენ ამ დახმარებას 1 ჰა-ზე 200 ლარს, რა თქმა უნდა, მიიღებ. ეს არის პირდაპირი მოტივაცია ფერმერებისა, რომ დაარეგისტრირონ მიწა და იუსტიციის სამინისტრო სრულად არის მზად, რომ მიეხმაროს მათ და მეორე - გახდნენ ფერმერები იმისთვის, რომ სისტემურად მოიხმარონ ის სერვისები, რომლებსაც სოფლის მეურნეობას შესაბამისი უწყებები აწვდიან. რაც შეეხება აგრო-დიზელს, რაც არ უნდა მანიპულაციები და სპეკულაციები მოხდეს ამ თემით, შედეგი იქნება შემდეგი. ადამიანებს რომლებიც მუშაობენ მიწაზე და რომელთა ხარჯებში აგრო-დიზელს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გასავალი, საბაზრო ფასთან შედარებით, რომელიც იქნება დაფიქსირებული ბენზინგასამართ სადგურებზე, ექნებათ 1 ლარამდე შეღავათი და ეს არ არის ანტიკრიზისული გეგმა, დროში ჩაკეტილი, ეს არი სისტემური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს მთავრობამ და გაგრძელდება კრიზისის გადალახვის შემდეგაც. როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და როგორ განხორციელდება სულ მალე ყველა ნახავთ. შეჯამებისთვის, ქართველი ფერმერისთვის, გლეხისთვის, ადამიანისთვის, რომელიც მუშაობს მიწაზე და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია, თუმცა ქართველ ადამიანს, კაცს მიწასთან ცოტა უფრო ემოციური დამოკიდებულება აქვს. ამიტომ ვამბობთ, რომ 1 ჰა-ზე პირდაპირი დახმარება ფინანსური გაიზომება, ეს იქნება 435 ლარი ჰექტარზე, დარეგისტრირებული მიწის ფერმერის პირობებში, ხოლო არაპირდაპირი იქნება 1000 ლარზე მეტი," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, დღეიდან წლის ბოლომდე სახელმწიფო იპოთეკური სესხის სუბსიდირებას მოახდენს.

„ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ზარალი რომელმაც მიიღო ეს გახლავთ დეველოპმენტი და მშენებლობა. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისა და მშენებლებისთვის, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დახმარება, ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ ან ამ პროცესში შესული არიან, ან უკვე პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი, ან მათ უკვე დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული. დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, გამოიყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სწრაფად მოხდეს დევნილების ბინებით უზრუნველყოფა. ესეც იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორის იმისთვის, რომ მათი მდგრადობა იყოს ძლიერი.

„რამდენი ვიბრძოლეთ ჩვენ, დღგ-ს შეღავათი გავუკეთეთ 2008 წლამდე ნებართვებით გასულ მშენებლობებს, თბილისის მერიამ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები და კონკრეტულ პროექტებში შევიდა, რომ ეს უბინაოდ დარჩენილი, უბრალოდ გადაგდებული კონკრეტული კომპანიების და მათ შორის მთავრობის მიერ ადამიანებისთვის საბინაო უზრუნველყოფის პრობლემა საბოლოოდ მოეგვარებინა. ასეთი რისკი რომ არ შეიქმნას, სწორედ ამიტომ კეთდება ეს. გარდა ამისა, გამოიყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში სწრაფად მოხდეს დევნილების ბინებით უზრუნველყოფა. ესეც იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორის იმისთვის, რომ მათი მდგრადობა იყოს ძლიერი, გაუძლონ ამ კრიზისს გრძელვადიან პერიოდში და არ განმეორდეს ის უბედურება, რაც განმეორდა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, როდესაც ჩონჩხების გარდა უამრავი ოჯახი გაუბედურდა საქართველოში იმისა გამო, რომ ბოლო შემოსავალი ჰქონდათ ბინებში გადახდილი და დღესაც ქუჩებშია ხალხი დარჩენილი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში, საბოლოოდ, შეაფასებენ საქართველოს, შეაფასებენ ქვეყანას და არის შესაძლებლობა, დავიმსახუროთ, რომ ეს შეფასება იყოს უაღრესად მაღალი.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ გარდამავალი ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ სუსტი. იმის მიუხედავად, რომ 2020 წლის ბიუჯეტი და ჩვენი ეკონომიკური მონაცემები იყო ძალზედ შთამბეჭდავი, ძალზედ დამაიმედებელი და ამას მე არ ვამბობ, ამას საერთაშორისო ოგანიზაციები ამბობენ - ეს კრიზისი, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც, მოქალაქისთვისაც იყო უაღრესად მოულოდნელი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეს, ბიზნესს, კომპანიას, ოპოზიციას მათ შორის - შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. რეალურად ამისთვის ყველაფერი არის მზად. ჩვენ შეგვიძლია, რომ ის მეთოდები - მენეჯმენტის, სწრაფი, პროაქტიული ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით, გამოვიყენოთ არა მხოლოდ იმაში, რომ ან თვითკმაყოფილები ვიყოთ ან ის ხარვეზები ვერ დავინახოთ, რომლებიც, რა თქმა უნდა იყო - ყველა ინსტიტუტში და სისტემაში. არა მხოლოდ ამისთვის - არამედ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ინსტიტუტები. გამოვიყენოთ ეს სამი თვე იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, გავაძლიეროთ ჩვენი ლაბორატორიების ქსელი, გავაძლიეროთ ჩვენი სამშენებლო სექტორი, გავაძლიეროთ ჩვენი საფინანსო სექტორი - ეს ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გლობალურ კონკურენციაში - როდესაც გაჩნდება ვაქცინა, როდესაც მსოფლიო იქნება უკვე სხვა, როდესაც ყველა დაითვლის - აბა ვინ რა შედეგებით გამოვიდა ამ კრიზისიდან - საქართველო საშუალო განვითარების იმ დონიდან, რომელიც იყო როდესაც შევედით კრიზისში - რამდენიმე საფეხურით უფრო წინ იყოს. ეს ჩვენი შესაძლებლობა არ არის მხოლოდ - ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჩვენ ამ ვალდებულებიდან გამომდინარე ვდგამდით და ვდგამთ ყოველთვის ფრთხილ ნაბიჯებს, რ ამეთუ გვესმის ამ პასუხისმგებლობის მნიშვნელობა პირველ რიგში ქვეყნის, ჩვენი მოქალაქის და ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. საბოლოოდ მინდა გითხრათ, რომ ეფექტური სახელმწიფოები ყალიბდებიან სწორედ მსგავსი გამოწვევების პირობებში - რამდენად ერთიანად და რამდენად ეფექტურად შეძლებენ, რომ პასუხი გასცენ მსგავს გლობალურ გამოწვევებს. ეს არ არის საქართველოს კრიზისი. ეს არ არის რომელიმე რეგიონის კრიზისი. ეს არის გლობალური კრიზისი და ეს არ არის კრიზისი, რომელიც დამთავრდა. არავინ, იცის ეს როდის დამთავრდება. ამიტომ, როგორი იქნება ჩვენი პასუხი ამ კრიზისზე, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას, ურთიერთგადაბრალებას, რაღაც გაურკვეველ ჭიდაობას არანაირი აზრი არ ექნება. როდესაც გარკვეული დროის შემდგომ ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ კოვიდთან - გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში, შეაფასებენ საქართველოს - არც მმართველ ძალას, არც ოპოზიციას ცალკე აღებულს, არც ექიმს, არც ეპიდემიოლოგს, არც პოლიციელს და არც მინისტრს - შეაფასებენ ქვეყანას და ეს არის ის შეფასება, რომელიც ჩვენ დღეს შეგვიძლია დავიმსახუროთ უაღრესად მაღალი. მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, მთავრობის ყველა წევრს, ჩვენს მოქალაქეებს, ოპოზიციას, რომელიც ასევე ხელისუფლების ნაწილია - ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაც მომენტში გვქონდეს შესაძლებლობა, ვიამაყოთ ერთმანეთითაც და ვიამაყოთ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ შევძელით სხვებთან შედარებით, სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენი რესურსის გათალისწინებით, ვყოფილიყავით ყველაზე ეფექტურები და ეს ეფექტურობა გამოვიყენეთ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.




მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური