საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარიასა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

თავის მხრივ, გიორგი გახარიამ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიულოცა ახალი კოალიციური მთავრობის შექმნა და ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხთან  მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

მხარეებმა ისაუბრეს კოვიდ-19-ის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსა და იმ უსაფრთხოების ზომებზე, მათ შორის საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და ტურიზმის ამოქმედების კუთხით, რომელსაც სახელმწიფოები პოსტპანდემიურ პერიოდში მიმართავენ. ყურადღება გამახვილდა ე.წ უსაფრთხო დერეფნების კონცეფციაზე, რასთან დაკავშირებითაც საქართველოსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ორივე სახელმწიფომ შეძლო კოვიდ-19-თან ეფექტური ბრძოლა.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შედეგად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც 1-ლი ივლისიდან შეძლებს ტურიზმის გახსნას და საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას ისე, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე სტუმრების ჯანმრთელობას, ამასთანავე უზრუნველყოს უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა. ასევე მისასალმებელია, რომ ისრაელი საქართველოს იმ 8 სახელმწიფოს შორის განიხილავს, რომელთანაც ტურიზმის გახსნას გეგმავს.

პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში მიღწეულ პროგრესზე. აღინიშნა, რომ პანდემიისგან შექმნილი გამოწვევების, მათ შორის ეკონომიკური სირთულეების დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

მთავრობის მეთაურმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური