გიორგი გახარია - ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რომ  მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-22

  ..


ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მინდა, ერთმნიშვნელოვნად ყველამ იცოდეს - რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე, მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რათა მთავრობამ  და ხელისუფლებამ, პირველ რიგში, იზრუნონ ადამიანების ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საკოორდინაციო საბჭოს როლს covid-19-თან ბრძოლის მიმართულებით და აღნიშნა, რომ  ეს საბჭო იყო ორგანო, რომელმაც გაუწია სრული სისტემური კოორდინირება პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს, ყველა მიმართულებით.
 
„მოგეხსენებათ, რომ ეს საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა 28 იანვარს და ეს იყო ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. ინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში დაფიქსირდა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ. ზუსტად ორი თვის შემდგომ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის და არ ნიშნავს, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული, ისევე, როგორც გლობალურად. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიის მიმართულებით მოგვიწევს ორ ფრონტზე, ორი მიმართულებით ბრძოლა, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ ჩვენი ეკონომიკის აღორძინება. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ნაწილს, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ეს ამ საბჭოს დიდი დამსახურებაა. ეს საბჭო იყო ორგანო, რომელმაც გაუწია სრული სისტემური კოორდინირება პანდემიის შეჩერების და პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს, ყველა მიმართულებით. ახლა ვიბრძვით მეორე მიმართულებით, ეკონომიკის სწრაფი, ეფექტური აღორძინების მიმართულებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან უკიდურესად არის დაკავშირებული. ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მინდა, ერთმნიშვნელოვნად ყველამ იცოდეს - რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე, მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, იმისთვის რომ  მთავრობამ  და ხელისუფლებამ, პირველ რიგში, იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
პრემიერის თქმით, არავის უნდა მივცეთ საშუალება, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ისეთი საფრთხეების გამოყენების, როგორიც არის ჯანდაცვა, ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლე. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფრთხილი ამოქმედება.
 
„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ასეთი უპასუხისმგებლო მოკიდება იმ თემებზე, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება, შემდგომ ეხება უკვე ეკონომიკის აღორძინებას, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას და შემდგომ ეხება ქვეყნისთვის ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვან ხარისხიან არჩევნებს წლის ბოლოს. აქ დათმობის არც უფლება, არც შესაძლებლობა უბრალოდ არ გვაქვს, თუმცა ჩვენ ჩვენს ნაბიჯებში უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. საერთოდ, ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი, ნორმალურ ქვეყანაში ყველა იდგებოდა ერთად და უნდა ვაკეთებდეთ ერთ საქმეს. სამწუხაროა, მაგრამ ამასაც უნდა გავუძლოთ. არავის უნდა მივცეთ საშუალება, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ისეთი საფრთხეების გამოყენების, როგორიც არის ჯანდაცვა, ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლე. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფრთხილი ამოქმედება,"- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც  მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად, იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში.
 
„ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, კარგად ცნობილი შეზღუდვა, 1 ავტომობილში 3 ადამიანის რაოდენობით, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს; ქვეყანა მზად არის დღეს გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც  პარალელურად ნიშნავს იმას, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი და ამას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქებები. აგრეთვე, უნდა გვესმოდეს, ჩვენ ვართ იძულებულები, რომ შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები, მაგალითად გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის. მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც  მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად, იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში, ეს არ გაკეთდება იქ, სადაც შეექმნება რისკი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, თუ საქართველო არის წარმატებული covid-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული, პრევენციული ნაბიჯები, პირველ რიგში, კონტროლი საზღვრებზე, ჩვენ შევძელით არ დაგვეშვა იმპორტირებული ინფექციის გავრცელება ქვეყანაში. ძალიან ეფექტური იყო საკარანტინო ზონების შექმნა. უაღრესად ეფექტური იყო ის ნაბიჯები, რომლებმაც მოგვცა საშუალება, ქვეყანაში მობილობის შემცირების. თუ დღეს საქართველოში, საშუალოდ, ყოველდღიურად, ჩვენ გვყავს ინფიცირებულების რაოდენობა მაგალითად 2, 5 და შეიძლება გვყავდეს 10, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არის დამარცხებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ გავაკეთოთ ეს ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად, ეტაპობრივად და არა ერთბაშად, განაახლონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ უბრალოდ ოჯახები არჩინონ", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
მისივე თქმით, საქართველომ კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა.
 
„ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები, რომელსაც გავაგრძელებთ, უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის სრული მხარდაჭერა გვაქვს. ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, კომუნიკაცია. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეპიდემია ფაქტიურად ახლა შედის პიკში. ის, რაც ხდება სომხეთში, რაც ხდება რუსეთში, თან სულ ჩვენს სასაზღვრო ზოლთან ახლოს. ეს არის უდიდესი რისკი, თუმცა ეს არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ჩავიკეტოთ, არ გავინძრეთ და საერთოდ არაფერი არ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ ნელ-ნელა ტურიზმი, ძალიან ფრთხილად, იმიტომ, რომ პოზიციები არ დავკარგოთ. მარტივია - ჩვენ კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. ამიტომ, ძირითადი გასაღები არის იმაში, რომ ამ კრიზისს ჩვენ სხვებთან შედარებით უკეთესად გავუმკლავდით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად მივიღეთ ეფექტური ნაბიჯები. ამ ნაწილში, ყველაფრის მიუხედავად, საკონსტიტუციო პროცესი იქნება ეს თუ საკანონმდებლო ჩარჩო იქნება, ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ  უკან დავიხიოთ. ყველანაირი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია და საკონსტიტუციო წესრიგი დაწესებულია იმისათვის, რომ მისი უპირველესი ღირებულება არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამ კრიზისიდან როდესაც გამოვალთ, არავინ იცის, როგორი იქნება მსოფლიო. ჩვენც ვითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა, ფრთხილად ავამოქმედოთ, პოლიტიკური პროცესი გავაცოცხლოთ, არჩევნები ნორმალურად ჩავატაროთ," - აღნიშნა პრემიერმა.
 
გიორგი გახარიას განცხადებით, წელს არის საარჩევნო წელიწადი და კარგი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება - ეს არის საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების, მთლიანად გუნდის ვალდებულება, რასაც წარმატებით გაართმევენ თავს.
 
„ყველაფერთან ერთად, მთავრობას აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის, საკონსტიტუციო პროცესის გაგრძელებას. ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელიწადი და კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, გუნდი წარმატებით გავართმევთ თავს. თუ აქამდე ვიბრძოდით ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების, ახლა დაგვემატა ახალი. ამასაც უნდა გავუძლოთ და ამ ფრონტზეც უნდა ვიყოთ წარმატებულები და გამარჯვებულები. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მოქალაქისთვის  უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ელემენტარული საკანონმდებლო ნაბიჯები, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ შეზღუდვის სახით, ხელი შევუშალოთ ქვეყანაში ინფექციის სწრაფ და მასშტაბურ გავრცელებას, ეს საკითხები ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემა, სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად პანდემია გამოაცხადა 11 მარტს და ეს პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ მოუხსნია, რაც უკვე გვაძლევს საშუალებას, გვაიძულებს და გვისახავს ამოცანას, რომ მსოფლიოსთან ერთად ვიბრძოლოთ ამ პანდემიის წინააღმდეგ, რასაც ეფექტურად ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა, ისევე, როგორც ამ საბჭოს დაქვემდებარებაში შექმნილ შტაბებს, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონალური მასშტაბით და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
პრემიერმა, თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა იმ სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ავლენდნენ. აგრეთვე, მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს და ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ბრძოლა.
 
„მე მესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უაღრესად დიდი დისკომფორტის შემტანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის, ავაღორძინოთ რაც შეიძლება სწრაფად ეკონომიკა და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვუაროთ ამ ქვეყანას. ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა გახლავთ შემდეგი, რომ ჩვენ არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად, უკიდურესად ფრთხილად ავამუშაოთ ეკონომიკა. დაგვემატა კიდევ ერთი ამოცანა, გავაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი, მაგრამა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი მსოფლიო, დღეს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ემზადება ეპიდემიის მეორე ტალღისთვის, რაც არის უკიდურესად დიდი გამოწვევა. თითოეული ზაფხულის თვე, შემოდგომამდე, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ მზად და ვიყოთ ისეთივე წარმატებულები, როგორიც ვიყავით ამ პანდემიასთან ბრძოლაში. სამწუხაროდ უკვე გაჩნდა ასეთი ლექსიკა, პირველი ტალღის ეტაპზე, ამიტომ, საბჭო გააგრძელებს მუშაობას იგივე ფორმატში, ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, გვემატება ეკონომიკაზე ზრუნვა და პოლიტიკური პროცესი, არჩევნებზე ზრუნვა", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური