მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-12

.  ...

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს შეუძლია კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის და ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი სფეროების მიმართულებით უნდა ვეძებოთ ზრდის და გარღვევების ის წერტილები, სადაც ქვეყანას შეუძლია წარმატებული მენეჯმენტი, გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული 24 საათის განმავლობაში, რაც, სერიოზული მიღწევაა, თუმცა ეს არ არის მოდუნების საფუძველი.

„პირიქით, უფრო მკაცრად უნდა მოვითხოვოთ წესების დაცვა, რომელსაც გვიწესებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. წესების დაცვა და დისციპლინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ ჩვენ შევძლებთ ეკონომიკური საქმიანობის სხვებთან შედარებით უფრო ეფექტურად და სწრაფად ამოქმედებას. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. Covid-19-ის, როგორც ინფექციის ეფექტური მართვა ჩვენ უნდა დავაკონვერტიროთ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობად. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როდესაც ვამბობთ, რომ ვიბრძვით ორი მიმართულებით - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის, ვგულისხმობთ სწორედ ამას. საქართველოს შეუძლია, ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და დევიზიც წლის ბოლომდე და უახლოესი წლის განმავლობაშიც. ეკონომიკური აღორძინების ეფექტიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, როგორ დავიცავთ იმ წესებს, რომელსაც გვიწესებენ ექიმები. ეს არ არის რთული შესასრულებელი. უნდა გვქონდეს ყოველთვის პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ მარტივად შესასრულებელი. სამწუხაროდ, პანდემია და ვირუსი არის ის მოვლენა, რომელთან ერთადაც ჩვენ გარკვეული პერიოდი მოგვიწევს ცხოვრება,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობა არის ის მიმართულება, სადაც მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები ფერმერების დასახმარებლად გადადგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ამიტომ შემუშავდა ანტიკრიზისული პროგრამა, რომელსაც ჰქვია „ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე".

პრემიერის შეფასებით, კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება.

„ეს ძალზედ მგრძნობიარე იყო როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე ელემენტარულად მომარაგების თვალსაზრისითაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას სერიოზული დასაქმების ეფექტიც აქვს. დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს. ქართველი კაცის დამოკიდებულება მიწასთან ყოველთვის განსაკუთრებული სპეციფიკით გამოირჩეოდა, ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც დამყარებულია როგორც ფერმერის და ფერმერობის მხარდაჭერაზე, ისე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოტანაზე ფერმერულ მეურნეობაში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან და ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ამ დარგში არსებული კრიზისებისა და გამოწვევების მართვის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. ეს შეიძლება იყოს მაგალითად აზიური ფაროსანა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებთან და ასოციაციებთან ერთად აბსოლუტურად ეფექტურად გაუმკლავდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის შედეგი უნდა იყოს, რომ აგრარული პროცესი ქვეყანაში არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს და ქვეყანაში არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ამ მიზნით მთავრობამ შეიმუშავა იმ პროგრამების კონკრეტული გეგმა, იმ პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერმერების დასახმარებლად უკვე არსებობს. ამასთან ერთად, შევიმუშავეთ სპეციალური დამატებითი ღონისძიებებიც", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად  აქვთ 10 ჰექტარი მიწა და მას ამუშავებენ, სახელმწიფოსგან მიიღებენ დახმარებას 2 000 ლარის ოდენობით.

„ეს დახმარება, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები", - აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

გიორგი გახარიას თქმით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მთავრობა მუშაობს ამ პრობლემის გადასაწყვეტად, არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ მომავალი წლებისთვის.

„სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად, არა მხოლოდ კრიზისში, არამედ მომავალი წლებისთვის და გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის საბაზრო ფასი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, საქართველოში ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობა 42 000-ია, სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერებს, 2020 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი უფასოდ ექნებათ.

ხოლო იმ ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს.

„თითოეულ ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა,  სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, სახელმწიფო ფინანსური სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით და ეს იქნება გრანტი. ფერმერებს შეეძლებათ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს 20 მაისიდან მიმართონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც საგაზაფხულო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხზე მუშაობს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. მთავრობის გეგმის თანახმად, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ქვეყანაში მიწის ყველა ფართობი სრულად უნდა იყოს აღრიცხული და რეგისტრირებული.

მთავრობის მეთაურის თქმით,  დაწესებული შეღავათებით და დახმარებებით ის ფერმერებიც ისარგებლებენ, რომელთაც რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვთ და წლის ბოლომდე ამას მოახერხებენ.

„ყველა ის დახმარება ფერმერებისთვის, რასაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან. იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ფერმერობის განვითარებას, ყველა ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით მიწა არ აქვს დარეგისტრირებული და წლის ბოლომდე ამას მოახერხებს, ამ შეღავათებით და დახმარებებით ისარგებლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, სოფელს, ესაა ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ ჩვენს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა ის მიწა, რომელიც მათ აქვთ სარგებლობაში და შეუძლიათ იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რათა გახდნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამისა, რასაც დღეს სახელმწიფო მათ სასარგებლოდ ახორციელებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მინისტრ ლევან დავითაშვილს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ჩამოყალიბების მიმართულებით გაწეული საინტერესო და უდიდესი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარიას თქმით, აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არც ერთი წამით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და  არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა.

პრემიერის შეფასებით, ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„მადლობა ლევან დავითაშვილს, შთამბეჭდავი ციფრები და კარგი ნამუშევარია. ეს არის ჩვენი და ამ პროგრამის მიზანი. გარდა ამისა, შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის, ეს არის დარგის ინდუსტრიალიზაცია, ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია ვებრძვით, სადაც გარკვეული წარმატებები გვაქვს, ძალზედ მნიშვნელოვანი, თუნდაც - აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი ქვეყანაში, რომელიც 900 მილიონი დოლარი იყო და დღეს ჩამოყვანილია 350 მილიონ დოლარამდე. საუბარია სხვაობაზე ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტსა და ექსპორტს შორის. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, ეს არის ის გეგმა, რომელიც შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი რაც უნდა მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომელიც ხდება უფრო და უფრო ხარისხიანი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ეს შეგვიძლია და ეს უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური