საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-04-24

  ..

ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, პირველ რიგში გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და შემდეგ ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიზისის მენეჯმენტის პროცესს აქვს გარკვეული თავისებურებებიც, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ პირებს და ყველა მოქალაქეს, რომელიც სახლში რჩება და იცავს საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებს.

„მესამე თვეა, საქართველო უმკლავდება გლობალურ ეპიდემიას, რომელმაც ფაქტობრივად ერთ დღეში შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სახე. ამ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავების ნაწილში საქართველოს სახელისუფლებო გუნდი ეყრდნობა პირველ რიგში პროფესიონალების რჩევებს და ასევე მწყობრ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატების ერთ-ერთი საფუძველი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სირთულეების და დისკომფორტის მიუხედავად, რომელსაც ყოველდღიურად ხვდება ჩვენი თითოეული მოქალაქე, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, ამ ბრძოლას, რადგან დღეს არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული რეცეპტი კორონავირუსთან ბრძოლისა, გარდა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების ტარების, მობილობის შემცირების და ა.შ ამიტომ იძულებული გავხდით, მიგვეღო ბევრი საკმაოდ არაკომფორტული ნაბიჯი, რაც ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხაზზე არიან და იბრძვიან ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, ხაზგასმით მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სახლში და იცავენ იმ პირობებს, რომლებიც აუცილებელია, რომ გავუმკლავდეთ ამ ვირუსს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, დღეს ხელისუფლება ორ მთავარ ფრონტზე იბრძვის - მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ეკონომიკა და სოციალური უზრუნველყოფა, ამიტომ ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და შემდგომ ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით.

მთავრობის მეთაურმა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესსა და სპეციალურ ფონდში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს" და ბიძინა ივანიშვილს, ასევე ყველა ადამიანს, რომელმაც ფონდს ფინანსური დახმარება გაუწია.

„მადლობა თითოეულ საჯარო მოხელეს, კერძო სექტორის წარმომადგენელს, თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც ფინანსური დახმარება გაუწია კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ სპეციალურ ფონდს, რომელშიც უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა მოგროვდა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფონდ ქართუს და ბიძინა ივანიშვილს, იმ წვლილისთვის, რომელიც მან ამ ბრძოლაში შეიტანა ფინანსურადაც და რა თქმა უნდა მისი პირადი ჩართულობით მენეჯმენტის ნაწილში", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობას აქვს 3 ძირითადი საპასუხისმგებლო ზონა. ესაა ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით და მომავალში გადავდგამთ იქნება ზრუნვის ამ სამი ძირითადი მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლა იყოფა გარკვეულ ეტაპებად.

„პირველი ეტაპი გახლდათ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, როგორც ჩვენი მოქალაქეების სოციალური თვალსაზრისით უზრუნველყოფის მიმართულებით, ისე ჩვენი ეკონომიკის, მეწარმეების დახმარების თვალსაზრისით და ამას თავისი ახსნა და ლოგიკა ჰქონდა. შემდგომ ჩვენ გვქონდა სამუშაო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ფონდებთან იმისთვის, რომ ის დანაკლისი, რომელიც ჩვენმა კრიზისულმა ბიუჯეტმა განიცადა თანმიმდევრულად შეგვევსო იმ ფინანსური რესურსებით, რომელიც საჭირო იყო და არის დღესაც როგორც ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, ასევე, ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და შემდგომი ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით. ჩვენ დღეს უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები ამ მიმართულებით და უნდა წარმოვადგინოთ პრეზენტაციის სახით, როგორც ეკონომიკური ჯგუფის, ისე ჩვენი მოქალაქეების წინაშე. რა თქმა უნდა, აქ შესაძლოა იყოს გარკვეული სადისკუსიო თემები, რაზეც შემდგომში შეგვეძლება ვიმსჯელოთ,"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პრეზენტაცია ერთობლივი შრომის შედეგია.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის ფასეულობა, რომელიც ამ ეკონომიკურ ჯგუფს გააჩნია, სადაც წარმოდგენილია ხელისუფლების ყველა შტო - პარლამენტი, ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი, საინვესტიციო საბჭო, მთავრობა და საერთო ჯამში თითქმის ყველანი აქ ვართ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, COVID 19-თან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მონაცემების სხვა ქვეყნებთან შედარებისას, რიცხვები საკმაოდ იმედისმომცემია და ამის ძირითადი არგუმენტია ის, რომ მთავრობამ საკმაოდ ადრე დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 28 იანვარს შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, 26 თებერვალს ქვეყანას ჰყავდა პირველი ინფიცირებული და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 მარტს.

„საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა ჯერ კიდევ 28 იანვარს. თუმცა პირველი ინფიცირებული ჩვენ გვყავდა 26 თებერვალს. საბჭოს ფორმატში ყოველდღიურად ვიკრიბებოდით და ვდგამდით იმ ნაბიჯებს, რომელიც იყო საჭირო პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საწყის ეტაპზე გამოვლინდა საბჭოს მუშაობის ორი ძირითადი მიმართულება - მოქალაქეების ჯანმრთელობა და საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა.

„მაშინვე გამოვლინდა ორი ძირითადი ფრონტის ხაზი, რომელზეც მოგვიწევდა ბრძოლა - ჯანმრთელობა, მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა და საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა. ეს პირველივე დღიდან იყო ჩვენთვის გასაგები და მას შემდგომ, რაც პანდემია ხდებოდა სულ უფრო გლობალური, ეს ნათელი გახდა ყველასთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, პირველი ეტაპი შედგებოდა მდგომარეობის სწრაფი შეფასების, ყველაზე კრიტიკული წერტილების გამოვლენის და ამ წერტილების, ამ მიმართულებების სწრაფი დახმარებისგან.

„ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ 13 მარტიდან 1-ელ აპრილამდე, იყო სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები - მოქალაქეების დახმარება კომუნალური გადასახადების თვალსაზრისით და აქ მოვიცავით 1.2 მილიონი მოქალაქე; საუბარია წყლის, დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადზე; გარდა ამისა, ჩვენ დავასუბსიდირეთ 670 ათასზე მეტი ოჯახისთვის ბუნებრივი აირის გადასახადი და ამაში, კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან, ბიუჯეტიდან გავიღეთ 150 მილიონი ლარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სასწრაფოდ გადაწყდა, სახელმწიფოს დაეზღვია ფასების ზრდის რისკი 9 ძირითად პროდუქტზე.

„პირველივე შეფასებიდან ნათელი გახდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდის რისკი, რადგან პანდემია სულ უფრო და უფრო გლობალურ ხასიათს იღებდა და სახელმწიფოებმა თავიანთი ბაზრების ჩაკეტვის და საექსპორტო, განსაკუთრებით პირველადი მოთხოვნის სასურსათო პროდუქტებზე ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისად, აშკარა გახდა ფასების ზრდის რისკი და სასწრაფოდ იყო მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს დაეზღვია 9 ძირითად პროდუქტზე ფასების ზრდის რისკი, რაც ჩვენ მოვახერხეთ. ამაში დავხარჯეთ 15 მილიონი ლარი და ძირითად მსხვილ იმპორტიორ კომპანიებთან გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, მათ მყარად ჰქონდათ დაზღვეული ფასების ზრდის რისკი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დახმარებით, მოქალაქეებს სესხის მომსახურება 3 თვით გადაუვადდათ, რაც ფიზიკური პირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მაშინ, როდესაც მათ, ელემენტარულად, შემოსავალი დაკარგეს.

„დღემდე, ამ შეღავათით უკვე ისარგებლა ჩვენმა 600 000-მა მოქალაქემ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განხორციელდა საბანკო სექტორთან ერთად, თუმცა, აქ სახელმწიფოს, მთავრობის, ეროვნული ბანკის და კერძო საბანკო სექტორის ჩართულობა და პარტნიორობა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, პირველივე დღიდან აშკარად გამოჩნდა, რომ დარტყმის პირველ ხაზზე იყო ტურისტული ბიზნესი და ეს იყო ყველაზე მძიმე შედეგი, რაც ქვეყნის ეკონომიკამ და ამ სექტორმა მიიღო.

„ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ქონების და საშემოსავლო გადასახადების 1-ელ ნოემბრამდე გადავადების შესახებ. ამ შეღავათით ისარგებლა 4 500-მა ბიზნესმა და 90 მილიონის ვალდებულებები გადავადდა, თუმცა აქ კარგად ჩანს რას ნიშნავს გლობალური პანდემიის გამოწვევა, როდესაც შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზირება", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამასთან ერთად მცირე სასტუმროებს სახელმწიფომ დაუსუბსიდირა 6 თვის საპროცენტო განაკვეთის 80%.

„თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს შეღავათი უკვე აქტუალური და საკმარისი აღარ არის და მთავრობა უკვე ფიქრობს იმაზე, ტურისტულ სექტორს დამატებით როგორ მიეხმაროს. ეს არის ის ძირითადი სპეციფიკა, რომელიც ამ გლობალურ პანდემიას ახლავს - შეუძლებელია გრძელვადიან პროგნოზზე მკაცრად, აკადემიურად საუბარი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა შემთხვევაში სახელმწიფომ სამშენებლო მასალების ფასის ზრდა 200 მლნ ლარის ოდენობით დააზღვია.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტები და მათაც შეექმნათ რისკი ფასების დაზღვევის, რაც მთავრობამ განიხილა და მივიღეთ გადაწყვეტილება 200 მლნ ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავუზღვიოთ ფასთა შორის სხვაობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს, როგორც მიმდინარე პროექტებზე, ისე სატენდეროდ გამოტანილი პროექტებისთვის, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ შეჩერდეს და სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ იქ, სადაც ამას ჩვენთვის კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,"- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწრაფი დახმარების კონტექსტში, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ავტოიმპორტიორებისათვის საბაჟო გადასახადის გადავადებაც.

„ჩვენ სწრაფად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, 50 მლნ-იანი პაკეტი იყო და დღეის მდგომარეობით 38 000-მა იმპორტიორმა ისარგებლა ამ შეღავათით. ასევე, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იურიდიული პირებისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლითაც, დღეის მდგომარეობით, ისარგებლა 7 000-მა იურიდიულმა პირმა. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ესენია ის კომპანიები, რომელთაც ყოველდღიური შემოსავალი დაკარგეს მოკლევადიან პერიოდში და აბსოლუტურად მოულოდნელად", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ეს ყველაფერი იყო ის ძირითადი, ექსტრემალური სასწრაფო დახმარება, რომელიც მთავრობამ გაუწია მოქალაქეებს სოციალურად და მიზნობრივად და, ასევე, ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებმაც პირველი დარტყმა მიიღეს, მათ შორის ტურიზმს. მისივე თქმით, მთავრობა ეცადა, ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულიყო.

„შემდეგ ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა, რომ დონორებთან ერთად შეგვეფასებინა არსებული ვითარება და მიგვეღო კრიზისული ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები, რამაც აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იქნება -4%, რომ ბიუჯეტი შემოსავლების სახით დაკარგავს 1,8 მილიარდ ლარს, რა თქმა უნდა სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება მიმდინარე ხარჯების შემცირების თაობაზე და ამან ჩვენ მოგვცა დაახლოებით 300 მილიონი ლარი, თუმცა ასევე გასათვალისწინებელი იყო, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ემატებოდა როგორც სოციალური, ეკონომიკური მხარდაჭერის კომპონენტები, ასევე Covid-19-თან გამკლავების, მართვის სამედიცინო ხარჯები და შესაბამისად, ბიუჯეტის დასაბალანსებლად, აშკარა გახდა, რომ ჩვენ გვაკლია 3,9 მილიარდი ლარი. უკვე გვქონდა ჩვენ გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომ დაგვეწყო მუშაობა, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე დონორებთან,"- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველოს დაუფიქსირდა უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და ეს გამოიხატება იმაში, რომ სტრატეგიულმა და საერთაშორისო პარტნიორებმა - აშშ-მა, ევროკავშირმა, გარდა იმისა, რომ სიტყვიერად გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, ფინანსური მხარდაჭერის პაკეტების შესთავაზეს და დღეს საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეათანხმა ახალი პროგრამის პარამეტრები.

„ამ მუშაობას დასჭირდა თვე-ნახევარი, ორი თვე, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დაუფიქსირდა უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა და საერთაშორისო პარტნიორებმა - აშშ-მა, ევროკავშირმა, გარდა იმისა, რომ სიტყვიერად გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, ასევე ფინანსური მხარდაჭერის პაკეტების შესთავაზეს და დღეს ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელმაც კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეათანხმა ახალი პროგრამის პარამეტრები. ამან ჩვენ სრულად გაგვიხსნა საშუალება, დაგვეწყო უფრო ეფექტური მუშაობა საერთაშორისო დონორებთან. ამ მუშაობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ, უკვე მოიპოვა 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გარანტიები ბიუჯეტის და მთავრობის მიმართულებით, ისევე, როგორც ჩვენ მივიღეთ მყარი გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კერძო სექტორს დამატებით ექნება წვდომა 1,5 მილიარდ აშშ დოლარზე. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობას, ეკონომიკას და კერძო სექტორს დასჭირდება დამატებითი ლიკვიდობა, ჩვენ გვაქვს სრულად გარანტირებული წვდომა 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის რესურსზე, რაც სისწრაფის და ეფექტურობის თვალსაზრისით დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა თითოეული მოქალაქისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების გაწევაზე და აღნიშნა, რომ ეს არის ის ზრუნვის პაკეტი, რომელსაც ხელისუფლება დღეს მოქალაქეებს სთავაზობს.

„ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას შეუძლია შესთავაზოს თითოეულ მოქალაქეს, იმ საკმაოდ შეზღუდული რესურსებიდან, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ეკონომიკის სიმცირიდან, თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მეორე მხრივ, ჩვენ გვაკისრებს ვალდებულებას, ვიყოთ აბსოლუტურად სამართლიანები და მაქსიმალურად ეფექტურები და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისულ და ბრძოლის პირობებში, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერთან ერთად მოგვეცვა მაქსიმალური რაოდენობა ჩვენი ქვეყნის სოციალური ფენების, რათა თითოეულ მოქალაქემდე სხვადასხვა გზით სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა და სოციალური დახმარება მისულიყო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეის მდგომარეობით თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვის მიზნობრივი სოციალური დახმარების სქემა გამოიყურება შემდეგნაირად:

„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც ოფიციალურად მუშაობდა და კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური, შემოსავალი და ვეღარ იღებს ხელფასს, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან, 1200 ლარის ოდენობით, 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. აქ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას დღეის მონაცემებით, იმ ფონდებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, შეძლებს საქართველოს მინიმუმ 350 000 მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 000 000 ლარის ხარჯს. ამ ღონისძიების ძირითადი მიზანია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, შეგვეძლოს 6 თვის განმავლობაში ფინანსურად დავეხმაროთ მათ იმ მინიმალური მხარდაჭერით და თანადგომით, რისი შესაძლებლობაც გვაქვს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეის მონაცემებით, დახმარებით სარგებლობას შეძლებს საქართველოს მინიმუმ 350 000 მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის 460 000 000 ლარის ხარჯს ნიშნავს.

ამასთან, ყველა ის ადამიანი, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს თითოეულ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის კუთხით. პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნული დახმარების ბიუჯეტი 250 მილიონი ლარია.

„გარდა ამისა, იგივე სახის სუბსიდირებას 750 ლარის ოდენობის ხელფასზე მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული და რომელზე ანაზღაურებაც არის 1500 ლარამდე. ფაქტობრივად, ჩვენ ამით ვეხმარებით, როგორც საქართველოს მოქალაქეს ასევე მეწარმეს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი ხოლო ჩვენმა მოქალაქემ შეინარჩუნოს შემოსავალი და ხელფასი. ამ ღონისძიების ბიუჯეტი გახლავთ 250 მილიონი ლარი", განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ასევე არის მოქალაქეების საკმაოდ სერიოზული სოციალური ჯგუფი და ფენა, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები, ან თავს თვლიდნენ თვითდასაქმებულად, რომელთა იდენტიფიცირებაში სოციალური დახმარების სამსახურები ჩაერთვებიან.

„რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება, რამეთუ ისინი არ აღირიცხებიან არც ერთ ოფიციალურ ბაზაში, მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს მათ ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 მილიონი ლარი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთანავე, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, სახელმწიფოს მხრიდან, 6 თვის განმავლობაში, დამატებით, 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

"ჩვენ, სოციალურად, საკმაოდ რთულად სტრუქტურირებული საზოგადოება გვყავს. გვყავს საკმაოდ დიდი მოცულობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების. ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღების და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე. ოჯახები, რომელთაც სოციალური სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 100 000-მდე, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ოფიციალურად უკვე ეხმარება ამ მოქალაქეების ჯგუფს 65 000 ქულამდე, მაგრამ ყურადღების გარეშე არის დატოვებული 65 000-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახები, რომლებსაც ვეხმარებით, მრავალშვილიანების და არასრულწლოვნების ყოლის პირობებში. თუმცა, ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით და ასეთია საქართველოში 70 000 ოჯახი, დაახლოებით 190 000 მოქალაქე. ამასთან ერთად, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ 3 და მეტი 16-წლამდე ასაკის შვილი, რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე სახელმწიფო დაეხმარება 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახების რაოდენობა დღეს საქართველოში არის 21 000 ოჯახი და ეს მოიცავს 130 000 მოქალაქეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რამეთუ ეკონომიკური გამოწვევების და ეკონომიკური კრიზისების პირობებში, მრავალშვილიანი ოჯახები არიან ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენა, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში სჭირდება ფინანსური დახმარება.

"ამასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ასევე, ისარგებლებენ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარების ოდენობით სახელმწიფოს მხრიდან და დღეის მდგომარეობით, საქართველოში ჩვენ გვყავს ასეთი 40 000 მოქალაქე. ამ ღონისძიების მოცულობა გახლავთ 25 მილიონი ლარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ასევე გადაწყდა, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, რაც პენსიონერებს ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიის სახით.

„ისეთი კრიზისები, როგორიცაა გლობალური პანდემია, შეუძლებელია, გადაილახოს ერთ ან ორ თვეში, თუნდაც ერთ ან ორ წელიწადში; გლობალური პანდემიის შედეგებთან გამკლავება წლების განმავლობაში მოგვიწევს, ამიტომ, გადავწყვიტეთ, დღესვე გვეზრუნა ამაზე და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეგვეთანხმებინა ჩვენს ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, ჩვენს პენსიონერებზე ზრუნვის გარკვეული მექანიზმები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე გამყარდება. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული ოდენობის ზრდისა, მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას ეკონომიკის ზრდის 80%-ის ოდენობით. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად, ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულებს - 25 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენს თითოეულ პენსიონერს ინფლაციის რისკებს უზღვევს. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ პენსიონერების საკმაოდ დიდი სოციალური ჯგუფი გვყავს და სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოს 410 ათასი პენსიონერი",- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, პოსტკრიზისული მართვის ეტაპზე სოციალური დახმარების და ქულების მინიჭების სისტემის გადახედვაც იგეგმება.

„მას შემდგომ, რაც პოსტკრიზისული მართვის ეტაპი დადგება და ეპიდემიოლოგიურ გამოწვევებს გადავლახავთ, აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ სოციალური დახმარების სისტემას და გარკვეული ნაბიჯები გვექნება გადასადგმელი, რომ როგორც ქულების მინიჭების, ასევე ფინანსური დახმარების კრიტერიუმები იყოს უფრო მიზნობრივი, ობიექტური და ეფექტური. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების და სოციალური მდგრადობის აუცილებელი ნაბიჯი", -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, მეწარმეების, ეკონომიკის და ბიზნესის დახმარებისთვის - ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი - 600 მლნ ლარი, კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მლნ ლარის გრძელვადიანი რესურსი, ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მლნ ლარი.

„მოქალაქეებზე ზრუნვასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მეწარმეებზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ სამუშაო ადგილებს უნდა ქმნიდეს და ქმნის კერძო სექტორი. დღეს საუბარია ამ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, ამიტომ მეწარმეების, ეკონომიკის და ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით კრიზისულ პერიოდში ჩვენ მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებსაც კომპანიებისა და მეწარმეებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმეს როგორც კი პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა, მას ავტომატურად დაუბრუნდება დღგ, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე. აგრეთვე, წელს, 1 წლის განმავლობაში დამატებით 600 მლნ ლარი ბიუჯეტიდან დაბრუნებული იქნება დღგ-ს სახით. ამ ორ ღონისძიებას ერთად აქვთ კრიტიკული მნიშვნელობა კომპანიებში და მეწარმეებისთვის ლიკვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით," - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მლნ ლარის გრძელვადიანი რესურსი, ბიზნესის მხარდაჭერისთვის კი დამატებით გამოიყოფა 500 მლნ ლარი.

„ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბანკებისთვის ლარის რესურსს ვაგრძელებთ და ბანკებს გაუჩნდება ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი, რაც, რა თქმა უნდა, გადაცემული იქნება პირველ რიგში ეკონომიკაში და ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მლნ ლარი, რასაც ექნება თავისი მიზნობრივი მიმართულებები: საკრედიტო - საგარანტიო სქემა - ბიუჯეტი 300 მლნ ლარი. ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მეწარმეების დახმარებისთვის. ძირითადი მიმართულება და მიზნობრივი ჯგუფები იქნებიან მცირე და საშუალო მეწარმეები და ჩვენ ამ ინსტრუმენტით შევძლებთ 2 მლრდ ლარის საკრედიტო პორტფელის გამყარებას, გაცემას, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მისცემს გარანტიის საშუალებას სესხის 90%-ზე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც დაწყებული აქვთ გარკვეული პროექტები და ამ კრიზისულ ვითარებაში გადადგამენ ნაბიჯს ახალი მიმართულებების შესაქმნელად. ეს ეხება ახალ წამოწყებებს, თუმცა, იმ კომპანიებს, რომელთაც აქვთ ძველი სესხები, რესტრუქტურიზაციის სახით სახელმწიფო შეეხიდება 30% გარანტირების ნაწილში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთანავე, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში იზრდება სესხის და ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდი, საქმიანობის სახეობები და საბრუნავი საშუალებების დაფინანსება; საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმი იცვლება, დაიწევს სესხის მინიმალური ზღვარი .

„სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა კერძო მეწარმეების მხარდაჭერის თვალსაზრისით და უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო გარდა მიმდინარე პროექტების მხარდაჭერისა, რომელსაც რა თქმა უნდა, საერთო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე რეალური პრობლემები აქვთ, აგრეთვე წავახალისოთ ის ადამიანები, რომლებსაც წამოწყებული ჰქონდათ გარკვეული მზა პროექტები, ან დღეს დაინახავენ ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობას. თუ სესხის და ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდი იყო 24 თვე, გახდება 36 თვე. ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით მეწარმეებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ ამ პროგრამებით. აგრეთვე, საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმი შეიცვლება და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზრდება, აგრეთვე, იზრდება საქმიანობის სახეობები, ჩვენ ერთი პერიოდი ვმუშაობდით, რომ „აწარმოე საქართველოს" მიზნობრიობა გაგვეზარდა, ახლა ვხვდებით, რომ სხვა დროა და უნდა დავეხმაროთ ყველას, ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდება. ამასთან, დაიწევა სესხის/ლიზინგის მინიმალური ზღვარი და საბრუნავი საშუალებების დაფინანსება იზრდება. ეს ის ინსტრუმენტებია, რომლითაც „აწარმოე საქართველოს" პროგრამის მოსარგებლეებს, ან კომპანიებს, რომლებიც ახლა გადაწყვეტენ პროგრამით სარგებლობას სახელმწიფო უმარტივებს რესურსზე წვდომას", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა.

კერძოდ, სოფლად მცხოვრებ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს, ელემენტარული მცირე ბიზნესის წამოწყებას, სახელმწიფო 30 000 ლარის გრანტს გამოუყოფს.

მიკრო საგრანტო სისტემა სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა. გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა დაიწყო 5000 ლარიდან, შემდგომ გახდა 15 000, 20 000 ლარი და დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ეს ზღვარი 30 000 ლარამდე აწია.

„სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ეს გახლავთ ის ნაწილი, რომლის მნიშვნელობაც დღეს კიდევ უფრო დიდია. ეს შეგრძნება გააჩნია თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, თითოეულ ფერმერს, რამეთუ მათი ფუნქცია და როლი დღეს აშკარად გამოჩნდა, თუნდაც იმ ნაწილში, რომ მათ დააკმაყოფილონ ქვეყანაში გენერირებული მოთხოვნა, ელემენტარულ სასურსათო პროდუქტებზე, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი მეზობელი პროტექციონალურად უკვე კი არ იცავს ბაზარს, არამედ, იცავს ექსპორტს, თავის ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტებს. ამიტომ, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება, ადგილობრივი წარმოების განვითარება, იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი მოთხოვნა. აქ სოფლის მეურნეობის ფუნქცია არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი. მიკრო საგრანტო სისტემა სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა. ის დაიწყო 5000 ლარიდან, შემდგომ გახდა 15 000 და 20 000 ლარი. დრეს ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ზღვარი 30 000 ლარამდე აგვეწია და ამ პორტფელის ოდენობაც გაგვეზარდა 40 000 000-მდე. ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს, ელემენტარული მცირე ბიზნესის წამოწყებას. ჩვენ მას გრანტის სახით, ფინანსური რესურსით ვეხმარებით, პირველ რიგში, იმისთვის, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და შემდგომ უკვე შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის სახელმწიფო 50 000 000 ლარს გამოყოფს.

მთავრობის მეთაურის თქმით, აგროკრედიტით სარგებლობას 5000 ფერმერი შეძლებს.

„დღეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოება, უბრალოდ, სასურსათო ბაზის შექმნა, ამიტომ, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ამისთვის სახელმწიფომ გამოყო 50 000 000 ლარი. ამ პროდუქტით სარგებლობას შეძლებს 5000 ფერმერი. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამეთუ ერთწლოვანი კულტურები არის სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მქონე, მაგრამ ამავე დროს მაღალი ეკონომიკური რისკების შემცველი, ამიტომ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ფერმერებს მხარში დაუდგეს და დაეხმაროს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითარება მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია.

„იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, 3 წლის განმავლობაში, მოხდეს 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით, ეს ის რესურსია მიწის, რომელიც დარჩენილია სისტემური რეგისტრაციის გარეშე და ამის შემდგომ, საქართველოში, მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემა საბოლოოდ იქნება გადაწყვეტილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ყველას კარგად გვესმის ამ ღონისძიების მნიშვნელობა, რათა გვქონდეს საშუალება, როგორც ფერმერს, ასევე, საფინანსო სტრუქტურებს, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ და ავამუშაოთ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რესურსი, როგორიც გახლავთ მიწა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სარწყავი წყლის დავალიანება ჩამოეწერება.

„გარდა ამისა, სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის დაგროვილი გადასახადი სარწყავი წყლის, გაუქმდეს, ჩამოეწეროს მათ და 2020 წლის სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან ფიზიკური და იურიდიული პირები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჯამში, კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს.

„ჩვენი პირველი ამოცანა იყო, სასწრაფო დახმარება გაგვეწია ჩვენი მოქალაქეებისთვის, შემდგომ გვემუშავა ჩვენს პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და მოგვეპოვებინა ფინანსური რესურსი და შემდგომ უკვე გაგვეკეთებინა სოციალური მიზნობრივი დახმარების პაკეტი, რაც გავაკეთეთ, როგორც ფიზიკური პირებისთვის ასევე, ჩვენი მეწარმეებისთვის და ეკონომიკისთვის. მარტივად, რომ ვთქვათ ჩვენი პირველი ნაბიჯები იყო ზრუნვა მოქალაქეზე და ზრუნვა ტურისტულ სექტორზე, გადაუდებელი ხასიათის. შემდგომ გახლავთ მეორე ნაბიჯი ზრუნვა მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით მოქალაქეზე და ეკონომიკაზე და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სექტორზე, რომლისთვისაც, ასევე, პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით გადაუდებელი ხარჯების მიზნით გამოყოფილია 350 მილიონი ლარი. კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა დახარჯავს 3,5 მილიარდ ლარს, საიდანაც 1, 35 მილიარდი ლარი იქნება მოქალაქის მიზნობრივი ფინანსური სოციალური მხარდაჭერა, ეკონომიკაზე ზრუნვა და მეწარმეებზე ზრუნვა იქნება 2, 110 მილიარდი ლარი და ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით სახელმწიფო დახარჯავს 350 მილიონ ლარს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კრიზისულ მენეჯმენტს ჰქონდა რამდენიმე ძირითადი გამოწვევა - პანდემიის სწრაფი გავრცელება, რაც ნიშნავს მოქალაქის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვას და შემდგომ, ეკონომიკის გადარჩენა.

„არსებობს ორი ფრონტი - ჯანმრთელობა და ეკონომიკის გადარჩენა. არანაირი აზრი, ცალკე აღებულ რომელიმე ფრონტზე გამარჯვებას, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის განვითარებისთვის არ აქვს. ყველამ სრულად უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ორივე მიმართულებით. ამიტომ, ის ბალანსი, რომელიც უნდა გვეპოვა, როდესაც ვიღებდით საკმაოდ მკაცრ ზომებს მოქალაქეებისთვის, კომპანიებისთვის, მეწარმეებისთვის, უნდა დაგვებალანსებინა იმ რისკებით, რომლის წინაშეც დგებოდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. ეს არის ის ძირითადი მოცემულობა, რომელიც უნდა გაგვეთვალისწინებინა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, შეიძლება, ბევრზე უფრო ადრე დავიწყეთ მსგავსი ღონისძიების გატარება, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ეკონომიკის გახსნის ნაბიჯებიც ასევე დროულად უნდა დავიწყოთ იმ მიზნით, რომ როდესაც პანდემიას დასძლევს მსოფლიო, გლობალური კონკურენცია ქვეყნების ეკონომიკებს შორის განვითარდება. ამისთვის საქართველო მზად უნდა იყოს, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ყოველდღიურ ქცევაზე გლობალური პანდემიის გავლენაზე და აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა და ხელთათმანები - ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.

„პანდემიამ ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიური ქცევა შეცვალა ისე, რომ გარკვეული შეზღუდვები და ღონისძიებები წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად დარჩება და ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელი იქნება ეკონომიკის გახსნაზე და ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი. ეს წესები ძალიან მარტივია და ეს წესები არის გლობალური, ეს არ არის ის წესები, რომელსაც მარტო საქართველოში უნდა მივყვეთ და დავიცვათ. სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად არის აუცილებელი და როგორც ჩანს დიდი ხნის განმავლობაში იქნება აუცილებელი ჩვენს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კორონა ვირუსის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის რომ დღემდე გლობალურად მსოფლიომ ვერ მოძებნა რეცეპტი, როგორ უნდა ებრძოლოს ამ ვირუსს. გარდა სოციალური დისტანციისა, პირბადისა, მობილობის შემცირებისა და ა.შ. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის პირობებშიც ჩვენ მოგვიწევს ყველას ერთად ცხოვრება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება, როგორც ჩანს რაღაც პერიოდი - პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები - ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება", -განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, იურიდიული პირების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვა.

„ყველა მეწარმემ, ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინონ, რომ შეუძლებელი იქნება საქმიანობის აღდგენა და გრძელვადიან პერიოდში გაგრძელება, იმ ღონისძიებების გატარების გარეშე და იმ მოთხოვნების დაცვის გარეშე, რომელსაც ჩვენი ეპიდემიოლოგები და ექიმები გვაძლევენ. იქ სადაც შესაძლებელია, როგორც კერძო და ასევე საჯარო სექტორში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, იმისთვის, რომ ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს არის ის საბაზისო წესები, რომლის დაცვის გარეშე ჩვენ, ვერანაირ ეკონომიკის გახსნაზე ან შეზღუდვების შემცირებაზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ ეს არის ის ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება შეზღუდვების შემსუბუქების მიმართულებას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესრულების ხარისხთან.

„დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ შეზღუდვებს ხვალ და ზეგ არ დავუბრუნდებით. შევძლებთ თუ არა ეკონომიკური აქტივობის გახსნას და შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ეტაპზე გადავალთ თუ არა, პირდაპირ კავშირშია, როგორ კეთილსინდისიერად შევასრულებთ იმ წესებს და იმ პირობებს, რომელსაც ექიმები გვიწესებენ. ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს შორის შუალედი იქნება ორი კვირა. ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც გვაჩვენებს, შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი რა შედეგს მოგვიტანს ეპიდემიოლოგიურად. შევინარჩუნებთ დონეს, გაგვიუარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თუ პირიქით, ამიტომ, ორი კვირა იქნება ის ინტერვალი, რომელიც ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ეტაპიდან ეტაზე გადასვლა შეთანხმებული იქნება ეპიდემიოლოგებთან.

„ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა კომპანიამ. როდესაც გარკვეული საქმიანობები ხდება ნებადართული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს ხდებოდა ეპიდემიამდე. დღეს არის სხვა მოთხოვნები, სხვა რეალობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ არის, არამედ საერთოდ, სოციუმის წინაშე პასუხისმგებლობაა, რადგან მოგეხსენებათ, ეპიდემიის გამომწვევი რისკი არის მისი მარტივი გადაცემა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება.

ეს ნიშნავს იმას, რომ 27 აპრილიდან, სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

„ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, დაწესებულებებს და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს. ამ შემთხვევაში, ყველა ეს მიმართულება ფუნქციონირებს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს აბსოლუტურად მკაფიოდ შექმნილი პროტოკოლები, რომლებიც ნიშნავს, რომ მაგალითად, ტაქსის მძღოლი უნდა იყოს პირბადით. ღია აგრარულ ბაზრებს აქვთ სპეციალური, ეპიდემიის კონტროლის მექანიზმები, რომელიც უნდა იყოს დაცული. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, ეს მიმართულებები ორშაბათიდან იქნება გახსნილი და ნებადართული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეორე ეტაპი, ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების შესაბამისად, ორი კვირის შემდეგ დაიწყება და მეორე ეტაპზე შეზღუდვები მოეხსნება მშენებლობას.

„ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პირველი, მეორე და მესამე ეტაპი, ეს ის ძირითადი საქმიანობებია, რომლებიც ძირითადად ღია სივრცესთან არის დაკავშირებული.

მესამე ეტაპზე შეზღუდვების ვაჭრობას მოეხსნება. საუბარია საცალო და საბითუმო მაღაზიებზე, გარდა სავაჭრო ცენტრებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან, ასევე ყველა ტიპის ღია ბაზრობას, ყველა ტიპის წარმოებას და საგამომცემლო საქმიანობას.

მე-4 ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა სავაჭრო ცენტრებს, ღია ტიპის რესტორნებს და კვების ობიექტებს, ყველა ტიპის საფინანსო მომსახურებას, სილამაზის სალონებს და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს შეეხება. თუმცა ადგილზე მომსახურების მიწოდება შეუძლიათ მხოლოდ ღია ტიპის რესტორნებს და კვების ობიექტებს.

მე-5 ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა დახურული ტიპის ბაზრების და ბაზრობებს, ასევე, ყველა ტიპის რესტორანს და კვების ობიექტს შეეხება, მათ შორის ადგილზე მომსახურებით.

შეზღუდვების მეექვსე ეტაპი გასართობ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს, შემოქმედებით საქმიანობას, აზარტულ და მომგებიან ბიზნესს, სასტუმროებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება.

შეზღუდვები მოიხსნება ასევე ყველა სხვა საქმიანობაზე, არადისტანციურ რეჟიმში.

„აქ არ არის ისეთი მსხვილი ბლოკები, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტი. აქ არ არის გეგმური სამედიცინო მომსახურეობა. ეს ისეთი საქმიანობებია, რომლის რომელიმე ეტაპთან გახსნის მიბმა იქნებოდა უკიდურესად სუბიექტური და ეს ის საქმიანობებია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიასთან და სისწრაფესთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზენტაციის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა.

„ეპიდემიის დაწყების პირველივე დღიდან გავაკეთეთ ის, რომ თითოეულ მოქალაქეს დავეხმარეთ მინიმალური აუცილებელი ფინანსური დახმარებით და ეს იყო კომუნალური გადასახადები სრულად - ელქტროენერგია, გაზი, წყალი. კომპანიებს დავეხმარეთ იქ, სადაც მათთვის საჭირო იყო, რომ ელემენტარული ჟანგბადი ჰქონოდათ, როგორც სესხების გადავადების, ასევე პირდაპირი დარტყმის ქვეშ მყოფი სექტორის, ტურისტული სექტორის თვალსაზრისით. ფიზიკურ პირებს დავეხმარეთ სესხის 3 თვით გადავადების კომპონენტში. ეს იყო ის დახმარება, რომელიც მოქალაქეს აძლევდა საშუალებას, ამ შოკური დარტყმის შემდგომ, უბრალოდ, გარკვეული დრო ჰქონოდა, გარკვეულიყო, რა ხდებოდა, როგორ შეიცვალა მისი ყოველდღიური ცხოვრება. ეს ეხება სახელმწიფოსაც. სახელმწიფოც ზუსტად ასეთ მდგომარეობაში გახლდათ", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ამის შემდგომ, შესაძლებელი გახდა, მეტ-ნაკლებად შეფასებულიყო პრობლემის სირთულე, მასშტაბი და მთავრობამ აქტიურად დაიწყო მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან.

„შედეგად შევძელით 3 მილიარდი ფინანსური რესურსის მოზიდვა. ამან მოგვცა საშუალება, პასუხისმგებლიანად მივდგომოდით იმ მიზნობრივი სოციალური დახმარების პორტფელს, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ. არა პოპულისტურად, არა ფუჭი დაპირებების სახით, არამედ აბსოლუტურად პასუხისმგებლიანად და აგვეღო ის ვალდებულებები, რისი შესრულებაც სახელმწიფოს შეეძლო. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცოდეთ, რომ თითოეული ლარი უნდა დავხარჯოთ და გამოვიყენოთ უკიდურესად ხელმომჭირნედ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ სუსტი და არავინ არ არის დღეს მზად, მოგვცეს ზუსტი პროგნოზი დროის თვალსაზრისით, ამ კრიზისის, გამოწვევის, პანდემიის გადალახვის ზუსტ ვადაზე. ეს იყო მეორე ეტაპი და დღეს ჩვენ ყველა ადამიანს, რომელმაც დაკარგა სამსახური, ვეხმარებით 1200 ლარის ოდენობით. ყველა ადამიანს, რომლის სოციალური ქულა არის 65 000-დან 100 000-მდე ვეხმარებით 600 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ვეხმარებით 600 ლარის ოდენობით. შშმ პირებს ასევე ვეხმარებით 600 ლარის ოდენობით. ადამიანებს, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები და მარტივად, ძალიან ელემენტარულად, შეძლებენ დასაბუთებას, რომ მათ დაკარგეს შემოსავალი ნებისმიერი სახით, რომელსაც სახელმწიფო გაითვალისწინებს, ჩვენ ვეხმარებით ერთჯერადად, 300 ლარის ოდენობით. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას და საკანონმდებლო დონეზე მივიღებთ ცვლილებას, რომ პენსია, ყოველწლიურად გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, ხოლო 70 წელს ზემოთ გადაცილებულთათვის დამატებით ეკონომიკური ზრდის 80%-ის ოდენობით"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია ადამიანზე, მოქალაქეზე ზრუნვისთვის.

„რაც შეეხება მეწარმეს, სამუშაო ადგილებზე ზრუნვას, აქ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფექტური იქნება დღეს და კრიზისში, რათა გადარჩნენ კომპანიები და გადაარჩინონ სამუშაო ადგილები. პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების გეგმა, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ერთად მოგვიწევს მუშაობა და რაც პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ შევასრულებთ ეკონომიკის გახსნის გეგმას ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ყველა ის შედარებითი წარმატება, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში დღეს გვაქვს, იქნება წყალში გადაყრილი, თუ შემდგომი ნაბიჯები არ იქნება ეფექტური და თანმიმდევრული. თუ ჩვენ არ დავიცავთ წესებს, სოციალური დისტანციის, მობილობის შემცირების, რომელთა გათვალისწინება ყოველდღიურად გვჭირდება, ქვეყანას უბრალოდ გაუჭირდება ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე გადავიდეს სწრაფად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავალი გლობალური კონკურენციის თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჯანმრთელობა უსურვა.

„მინდა ყველა ადამიანს, რომელიც წინა ხაზზეა, გადავუხადო მადლობა და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დარჩა სახლში და ზედმიწევნით, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო ეს, ასრულებდა ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც აუცილებელი იყო თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, ჩვენი მოხუცების და მშობლების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღვადგინოთ ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური