საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-04-22

2020 წლის 21 აპრილს გაიმართა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჟოზეფ ბორელთან.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მოკლედ გააცნო საქართველოში არსებული ვითარება კოვიდ-19-ის ვირუსთან ბრძოლისა და მთავრობის მიერ მიღებული დამატებითი ზომების შესახებ. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო დონორების და მათ შორის ევროკავშირის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას, რის შედეგადაც წლის ბოლომდე საქართველო 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

პრემიერ-მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენელთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმს და უახლოეს შესაძლო პერიოდში გამართავენ საქართველო ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომას, რომელიც დაგეგმილი იყო 23 აპრილს ქ. ბრიუსელში, თუმცა, პანდემიის გათვალისწინებით გადაიდო შემოდგომაზე. ასევე, გიორგი გახარიამ უმაღლესი წარმომადგენელი ვიზიტით მოიწვია საქართველოში შესაბამისი პირობების შექმნისთანავე.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მიმდინარე საკითხები. მხარეთა მიერ ხაზი გაესვა ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების გაგრძელების მნიშვნელობას, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის საფუძველს წარმოადგენს. მათ ასევე დაადასტურეს მზაობა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მთელ რიგ სფეროებში. მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია 2020 წელს დაგეგმილმა სამიტმა განსაზღვროს ახალი, ამბიციური მიზნები, რომელიც საქართველოს და სხვა ასოცირებულ ქვეყნებს ევროკავშირთან ინტეგრაციის მეტ პერსპექტივას გაუხსნის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და სამშვიდობო პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების უკანონო და დესტრუქციული ქმედებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა მწვავედ დასვა აღდგომის წინა დღეებში სოფელ ტახტისძირში განხორციელებული მორიგი პროვოკაცია, მან საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა ისევე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკა რუსეთის მხრიდან ვითარების ესკალაციისა და დესტაბილიზაციის მიზანმიმართულ მცდელობად შეაფასა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის  მიღწევის აუცილებლობას, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენელს დაუდასტურა, რომ საქართველო ევროკავშირის ერთგული პარტნიორია რეგიონში და ხაზი გაუსვა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური