საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალური გამშვები პუნქტები დამატებით თელავსა და ახალციხეში მოეწყობა   ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-31

..

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, იმ 7 მუნიციპალიტეტს, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებზე სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყო, თელავი და ახალციხე ემატება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან განიხილა საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ ფაქტობრივი კარანტინის მოქმედების პერიოდში მოქმედი მკაცრი წესების აღსრულების საკითხი და იმ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე არსებული მდგომარეობა, რომლებიც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით მსხვილი მუნიციპალიტეტების საზღვრებზე მოეწყო. საკონტროლო პუნქტებზე მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება, მათ შორის თერმოსკრინინგი, რისთვისაც ადგილზე მობილიზებულნი არიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, მკაცრად გააკონტროლოს ე.წ კომენდანტის საათით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულება, რომელიც დღეს 21:00 საათიდან ამოქმედდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის 144-ის მუშაობის დინამიკა და ამ პროცესში არსებული გამოწვევები. პრემიერისგან შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს დავალება, ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და მოქალაქეებს ჰქონდეთ  საშუალება, შეუფერხებლად მიიღონ სრული ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 110 პაციენტიდან 21 უკვე გამოჯანმრთელდა. შედარებით მძიმე, თუმცა სტაბილურია 5 ინფიცირებულის მდგომარეობა. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში  იმყოფება 4995  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 278 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს.
საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური