საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - ქვეყანა დღეს მზად არის, ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-19

...

მიღებულია, გადაწყვეტილება, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელებისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული, იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით,  ეს არის  მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შეფერხდეს.
 
„ჩვენი ძირითადი ამოცანა ეპიდემიოლოგებთან ერთად გახლავთ ის, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი მაქსიმალურად შევამციროთ იმისთვის, რომ ჩვენს სამედიცინო სექტორს მივცეთ საშუალება, ეფექტურად და სწრაფ ვადებში იბრძოლონ ინფიცირებულების გამოჯანმრთელების მიზნისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
მისი თქმით, მთავრობამ თავის დროზე შეწყვიტა საგანმანათლებლო დაწესებულებების, სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დახურა საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ რისკის შემცველი ვირუსის გარედან იმპორტის თვალსაზრისით, მაგრამ დღეს „დღეს შედგა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა განხილვების ძირითადი თემა გახლდათ კორონავირუსის გამოწვევები და მასთან ეფექტურად  ბრძოლა, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე გადაწყვეტილება.
 
მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ახალ - შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მთავრობის მხრიდან ღონისძიებების დამატებით გამკაცრებას მოითხოვს მთავრობის მხრიდან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
  
პრემიერის თქმით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა განიხილეს.
 
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება - შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და ჩვენი მედიკოსები, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ გლობალური გამოწვევის წინაშე მოქალაქეების რეაქცია არ უნდა იყოს შიში და პანიკა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს მზად არის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.
 
„რაც მთავარია, მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელზეც ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა. ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ძალზედ თამამი და ძალზედ ეფექტური. მე მინდა, ასევე გითხრათ, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები, როგორც სპეციალური უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძო სამედიცინო სექტორთან, რომლის მზაობაც, ვირუსის წინააღმდეგ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა დღეს მზად არის იმისათვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
 
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა საზოგადოებას, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ნუ დატოვებენ სოციალურ სივრცეს, განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს მშობლებს, პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებზე ზრუნვაც სახელმწიფომ, გარკვეულწილად თავის თავზე აიღო.
 
„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავრჩეთ სახლში. უახლოესი დღეებიდან, საქართველოს ფოსტა მათ მიაწვდის ყველა აუცილებელ სერვისს, რომელსაც აწვდიდა ჩვეულებრივ ცხოვრების დროს სახელმწიფო", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა
 
გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ძირითადი მიმართულებებზე, რომელზეც სრულად ხდება კონცენტრირება ამ ვირუსთან ბრძოლაში. მისი თქმით, ეს არის ის სისტემური მიმართულებები, რა მიმართულებითაც წარმატება გვაძლევს საშუალებას, ეფექტურად ვებრძოლოთ ამ ვირუსს.
 
„პირველი მიმართულება გახლავთ ჯანდაცვა, რომელზეც პასუხისმგებელი არის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

მეორე მიმართულება გახლავთ სამოქალაქო წესრიგი, რომელზეც სრულად პასუხისმგებელი არის შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ბატონი ვახტანგ გომელაური. მესამე მიმართულება, ეს გახლავთ მარაგების მართვა, სასურსათო მარაგების მართვა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირება, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მეოთხე მიმართულება, ყველაზე მნიშვნელოვანი, კრიზისის შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მიიღოს მინიმალური ზიანი. ეკონომიკის მიმართულების პასუხისმგებელი გახლავთ ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ დღეს, სახელმწიფო ინსტიტუტები, ისევე როგორც კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, სრულად ვართ მზად იმისთვის, რომ შესაბამისად ეფექტურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. მერწმუნეთ, რომ ჩვენ მივაღწევთ შესაბამის შედეგს და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურები ამ ვირუსთან ბრძოლაში", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ჯანმრთელობა უსურვა ყველას. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო ამ გამოწვევასაც გლობალურად, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან ერთად  ეფექტურად უპასუხებს.

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge შექმნა
#StopCoV

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური