საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორთან  ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური გუნდის ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში  შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას.  

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, იმსჯელეს  მთავრობის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის ერთობლივ, კოორდინირებულ ნაბიჯებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკაზე კორონავირუსის გავრცელების ნეგატიური ზემოქმედების შემსუბუქებას. 

უკვე მიღწეულია შეთანხმება, ფისკალური სტიმულირების ღონისძიებების მიმართულებით, ასევე, გარკვეული საგადასახადო შეღავათების  დაწესებაზე ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის. 

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი, მათ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენებენ, რათა ბიზნესზე შესაძლო ნეგატიური გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს. 
საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის  მზადყოფნა დააფიქსირა. 
ეკონომიკის სტიმულირების შეჯერებული გეგმის კონკრეტული მიმართულებები  უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 

შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბიზნესომბუდსმენი და საბანკო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური