საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2019 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-12-13

.

..  ....

...  .....

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 12-13 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა.
 
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა.
 
პირისპირ შეხვედრისას, ლიდერებმა განიხილეს ორი ქვეყნის საერთო ევროპული პერსპექტივა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. ხაზი გაესვა ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელმაც ორივე სახელმწიფოსთვის კონკრეტული შედეგები უნდა მოიტანოს.
 
პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება უსაფრთხოების კუთხით საერთო გამოწვევების გადალახვაზე და წარმატების მიღწევაზე ორი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
 
პირისპირ აუდიენციის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.
 
შეხვედრის დასრულებისთანავე, გიორგი გახარიამ და ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის თაობაზე. სტრატეგიული საბჭოს საქმიანობა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას - პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვა-უსაფრთხოებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულს. თითოეული მიმართულებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს შესაბამისი მინისტრები უხელმძღვანელებენ, რაც ორმხრივი ყოვლისმომცველი დიალოგის  მაღალ დონეზე წარმართვას უზრუნველყოფს.
 
ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეთანხმების უმაღლეს დონეზე ხელმოწერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორი სახელმწიფოს მზაობას, ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანონ.
 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან, ალექსი გონჩარუკთან.
 
შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ყოველთვის აფიქსირებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო მხარდაჭერას.

პრემიერის შეფასებით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ეფექტურ ეკონომიკურ თანამშრომლობას უნდა დაეფუძნოს და საქართველოს მთავრობა მზად არის, უფრო მეტს მიაღწიოს ვაჭრობის, ტრანსპორტის, განვითარების სფეროში და სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით.
გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და პრემიერ-მინისტრ გახარიას ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების საფუძველი გახდება. ალექსი გონჩარუკმა ქართველ კოლეგას საერთაშორისო არენაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება.
 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა საპარლამენტო დონეზე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და პოზიტიურად შეაფასა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საქმიანობა.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ  მისთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს გიორგი გახარიას მეცხრე მოწვევის პარლამენტში. 
 
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სუამის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების პლენარულ სხდომაში. სუამ-ის პლენარული სხდომის შემდეგ, ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას შეუწყობს ხელს. გიორგი გახარიამ, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად ხელი მოაწერა ყოვლისმომცველ დეკლარაციას, რომელიც განსაზღვრავს სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს, ეკონომიკური განზომილებით, სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების განვითარების კუთხით, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების პერსპექტივით, ხალხთაშორისი ურთიერთობის, ტურიზმის ზრდის კუთხით და ასევე - პოლიტიკური განზომილებით.
 
გარდა ამისა, პლენარული სხდომის შემდეგ გაფორმდა განზრახულობათა ოქმი სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შესახებ, რაც ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო მასშტაბით ისარგებლონ განსაკუთრებული ნდობით, როგორც ბიზნესსაზოგადოებაში, ისე მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობაში.
 
ასევე ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დასადასტურებლად ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების თაობაზე. შეთანხმების შედეგად, ახლად გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატზე  უფლებამოსილი სუბიექტის ხელმოწერასთან ერთად, დატანილი იქნება QR კოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობის დადგენა.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პატივი მიაგო გმირების ხსოვნას.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი