საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2019 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რუმინეთსა და ბულგარეთის რესპუბლიკაში ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-17

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 15-16 აპრილს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთსა და ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ბუქარესტში მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მამუკა ბახტაძეს რუმინელმა კოლეგამ ვასილიკა-ვიორიკა დენჩილამ უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრაზე  რუმინეთთან ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე გადაყვანის ინიციატივით გამოვიდა. შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებული პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრეს.

„შავი ზღვა გვიქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მეტი როლი ვითამაშოთ არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, არამედ სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაში.

დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეს არის სწორედ ის გზავნილი, რომლის მიტანას ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის წლების განმავლობაში ვცდილობდით, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია, ვისაუბროთ ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შავი ზღვის კონტექსტი უფრო და უფრო აქტუალური ხდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქართველ კოლეგასთან კონსტრუქციულ შეხვედრას გაუსვა ხაზი რუმინეთის პრემიერმა.

„რუმინეთის პერსპექტივიდან საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, გვსურს კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პატივს ვცემთ. ჩვენი ძალისხმევა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება, რათა უფრო დინამიური გახდეს ეკონომიკური ურთიერთობები, გაიზარდოს ვაჭრობის მოცულობა, გაიზარდოს ექსპორტი რუმინეთიდან საქართველოში და აღვნიშნეთ, რომ ასეც იყო გასულ წლებში. გვსურს, რეგულარული გახდეს მთავრობათაშორისი კომისია, რათა არსებული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს", - აღნიშნა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილამ.

რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან და რუმინეთის სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან შეხვედრისას. მამუკა ბახტაძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად  პატივი მიაგო რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

რუმინეთიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთის რესპუბლიკაში გადაინაცვლა, სადაც ოფიციალური შეხვედრები 16 აპრილს გამართა. მამუკა ბახტაძეს ბულგარელმა კოლეგა ბოიკო ბორისოვმა პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე უმასპინძლა, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკას.

„საქართველო და ბულგარეთი გეოგრაფიულად არიან დაკავშირებული. ჩვენს შორის ბუნებრივ ხიდად წარმოჩინდება შავი ზღვა, რაც უნიკალურ შესაძლებლობებს გვიქმნის და უზარმაზარ პოტენციალს ატარებს. მზად ვართ, ის სრულად გამოვიყენოთ, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში. დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საბორნე მიმოსვლის სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს, საქართველოსა და ბულგარეთის საზღვაო პორტებს შორის კავშირების განსამტკიცებლად. ამავდროულად, შევთანხმდით კიდევ ერთი, თან ორივე ერისთვის უნიკალური პროექტის დაწყებაზე. ის არა მარტო ჩვენთვის იქნება უნიკალური, არამედ მთელი რეგიონისთვის და აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში შევძლებთ გამოვაცხადოთ ახალი ციფრული დერეფნის შექმნა, რომელიც ბულგარეთს საქართველოსთან დააკავშირებს და ამდენად აღმოსავლეთს - დასავლეთთან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოსთან საბორნე ტრანსპორტის მიმართულების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.

„რაც შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას, ეს დამსახურების პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპის სატრანსპორტო ქსელის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის ციფრული კავშირ-ურთიერთობების დამყარებას, ბულგარეთსა და საქართველოს შორის ოპტიკური კაბელის გამოყენებით კომუნიკაციას. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაპირებთ ამ პროექტის დაწყებას და ახალი კაბელის ჩადებას შავი ზღვის აუზში. ამით კავკასიის მთელს რეგიონს შეეძლება ევროპაში არსებული მაღალი სიჩქარის ინტერნეტითა და ციფრული ინფრასტრუქტურით სარგებლობა. საქართველოს შეუძლია სრულად დაეყრდნოს ჩვენს დახმარებას ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში. ჩვენი კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისად, მხარს დავუჭერთ საქართველოს მიერ ამ აქტივის გამოყენებისკენ მიმართულ ძალისხმევას", - აღნიშნა ბოიკო ბორისოვმა.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთში რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრით დასრულდა. რუმენ რადევმა მამუკა ბახტაძესთან პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრაზე უმასპინძლა.  

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი
ფოტოალბომი