საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2019 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიღწევებზე, მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩემი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება ეკუთვნის საქართველოსაც და ევროსაბჭოსაც. ამიტომ, ირივე შეიძლება ვამაყობდეთ ამით. ჩვენ ერთად შევძელით შეგვექმნა სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან. გამოწვევებით აღსავსე რეგიონში საქართველოს გააჩნია იმის ამბიცია, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და დემოკრატიის მოდელი შექმნას, რაც მდგრადი შენარჩუნების პრინციპებს დაეფუძნება. ევროსაბჭოში საქართველოს გაერთიანების დღიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო კარდინალური გარდაექმნა და დღეს აღმავალ ქვეყნად წარმოვჩინდებით. 20 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა წინ და ევროსაბჭოში გაწევრიანებისას მთელი რიგი ვალდებულებები ვიკისრეთ. ამ ვალდებულებების ფარგლებში საქართველომ პირობა დადო: შეექმნა პირუთვნელად დემოკრატიული სახელმწიფო, გაეძლიერებინა სამართლის უზენაესობა; განეხორციელებინა სასამართლო რეფორმა; ებრძოლა კორუფციის, წამებისა და არაჯეროვანი მოპყრობის წინააღმდეგ; უზრუნველეყო გამოხატვის და მედიის თავისუფლება; დაეცვა უმცირესობები და გაეძლიერებინა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმები. საქართველომ წინსვლა იქონია ყველა ამ მიმართულებებით ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. ეს შესაძლებლობა მინდა გამოვიყენო და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ასამბლეას, მინისტრთა კომიტეტს, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესს, ვენეციის კომისიას, ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს და ადამიანის უფლებების მონიტორინგის სხვა ორგანოებს. როგორც უკვე ვთქვი, ბევრი  რამ შევძელით ერთად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ბოლო 20 წელია სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ მორი პასკიესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდა. პრემიერი ასევე შეხვდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასაც ესტუმრა, სადაც სტრასბურგის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრა.

ვიზიტის დასასრულს პრემიერმა სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მაღალი რანგის სტუმრები და საქართველოს მეგობრები ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი