საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-11-14

.. 

ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა.
ახალი მრჩეველი მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

„ჩვენ ვნიშნავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და ეს გახლავთ ქალბატონი ლელა აქიაშვილი, რომელიც  ერთმნიშვნელოვნად გაააქტიურებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ადმინისტრაციის მუშაობას. ასევე, გააქტიურდება ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში სამწუხაროდ საკმაოდ პასიურ მდგომარეობაში იყო. ასევე გააქტიურდება ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოც. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირითადი მიზანი  ადამიანი და მისი უფლებების დაცვა გახლავთ. ამიტომ, ქალბატონი ლელა აქიაშვილი, იმ გამოცდილებით, რომელიც მას გააჩნია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით აქტივობების მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ჩვენი გუნდის   ღირსეული წევრი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ლელა აქიაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ერთობლივი პროგრამის - გენდერული თანასწორობისთვის პროექტის მენეჯერი; მკვლევარი  - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამართლისა და მშვიდობის ინსტიტუტში, Texas A&M უნივერსიტეტში, ჯორჯ ბუშ უფროსის სახელობის სკოლაში; ლელა აქიაშვილი მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მისიაში, ასევე, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური