საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-11-14

  ..

საქართველოს ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა. ახალი ბიზნესომბუდსმენი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვამბობთ - ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ უნდა დაგვეხმაროს შევქმნათ დამატებით ახალი სამუშაო ადგილები და ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესის მხარდაჭერა, იქ, სადაც ამის საშუალებას კანონი გვაძლევს, იქნება ბატონი მიხეილის ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას. ამასთან ერთად, თითოეულ ბიზნესმენს, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენელს, მსხვილი ბიზნესი იქნება ეს, საშუალო თუ წვრილი ბიზნესი, მინდა დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი, რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხვდება პრემიერ-მინისტრის კაბინეტში. ამიტომ, ეფექტური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ომბუდსმენის აპარატს შორის არის ძალზედ მნიშვნელოვანი და კოლეგებო, სამინისტროებში მინდა გთხოვოთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბიზნესომბუდსმენობამდე მიხეილ დაუშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

სამართალმცოდნეობის მაგისტრი მიხეილ დაუშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ასევე - სამართლებრივი მრჩეველი ეკონომიკური საბჭოს აპარატში.

2010-2015 წლებში მიხეილ დაუშვილი კერძო და არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა. ხოლო, 2015 წლიდან არის მიწვეული ლექტორი საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში. 2013 წლიდან მიხეილ დაუშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში. 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური