საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტსა და კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-10-15

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას. ასევე, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ.

მთავრობის მეთაურმა ვიზიტის ფარგლებში, ასევე გვირგვინით შეამკო 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდნენ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური