საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

გიორგი გახარიას თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე გააცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2019-09-20

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე გააცნო.

ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 26 შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2018-2019 წლებში შეადგენდა 37 მილიონს. 2019-2020 წლების სამუშაოებისთვის კი დამატებით 25 მლნ ლარი გამოიყო.

გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო პროექტის საერთო ღირებულება 62 მლნ ლარს შეადგენს.

დღეისთვის, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარეობს ისტორიული ძეგლების საძირკვლების და სარდაფების კონსტრუქციული გამაგრება-აღდგენის სამუშაოები; მხატვრული და ხის დეკორატიული ელემენტების სარესტავრაციო სამუშაოები; ხის აივნების მოწყობის სამუშაოები; ახლად გამოვლენილი არქეოლოგიური ნაგებობების შესწავლის მიზნით, მათი გაწმენდითი სამუშაოები. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 124-მდე  ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაჩნდება ახალი, ტურისტულად აქტიური ცენტრი.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, რეაბილიტირებულ არეალში მუზეუმის, საგამოფენო სივრცის მოწყობას.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური