საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე, მკაცრად გაკონტროლდება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება ამოსაბეჭდი ვერსია

2019-09-19

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ ძირითად პრინციპებზე. 

„მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ესეც პირველ რიგში მიმართულია ჩვენს მოქალაქეებზე, ძირითადი საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება. ესეც მკაცრად გაკონტროლდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური