საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ინფრასტრუქტურის განვითარების ასეთი ტემპები და მასშტაბები საქართველოს არასოდეს ჰქონია ამოსაბეჭდი ვერსია

2019-08-13

  ..

ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს აშენებულა; დღეს ჩვენ ვაშენებთ 140-კილომეტრიან ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება 500 კილომეტრამდე საავტომობილო გზას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ასეთი ტემპები და მასშტაბები ქვეყანას არასდროს ჰქონია.

„ეს არის ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი.  ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი წელს გავზარდეთ 20 პროცენტით, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს  საშუალებას, განვაცხადოთ, რომ 2019 წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი შესრულების ტემპები გვექნება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას უფრო გააძლიერებს, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს და გაზრდის ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობას.

„ამას აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური, სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის ათვისება, მეორე - შევამციროთ სვლის დრო, გავხადოთ უფრო კომფორტული და უსაფრთხო და მესამე - ეს არის ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სიღარიბეს, სიღარიბეს, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ჩვენ დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით და ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტებია. პირველი პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო, არის ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო პროექტია, რომელშიც ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება განსახორციელებელი და ამას აუცილებლად უმოკლეს ვადებში გავაკეთებთ. მეორე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც წლის ბოლომდე დაიწყება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა მას სჭირდება ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, რა დამატებით სარგებელს მოუტანს ეს მოქალაქეებს და ამის კარგი მაგალითია კობი-გუდაურის საბაგიროს პროექტი.

„ეს იყო საბაგირო, რომელმაც კობი გუდაურს დააკავშირა. შედეგად კობი უფრო გაცოცხლდა და დღეს ფაქტობრივად ვერ ნახავთ თავისუფალ ადგილს, რომელზეც ახალი სასტუმროს ან ტურისტული ობიექტის აშენება არ განიხილებოდეს. ამ პროექტმა ჩვენ საშუალება მოგვცა, თრუსოს ხეობაში შეგვეტანა ახალი დინამიკა და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში ეს ორივე ძალიან ლამაზი ადგილი ინტენსიურად განვითარდება. ჩემთვის ეს არის ორიენტირი, როგორ უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა საქართველოში. ვპირდები საზოგადოებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ და საქართველოში ყველა პუნქტამდე შესაბამისი სტანდარტის გზა გვექნება," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, შესაბამისად, მთავრობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას განახორციელებს.  

მთავრობის მეთაურმა წარმატებული და ეფექტური მუშაობისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებს და კონტრაქტორ კომპანიებს მადლობა გადაუხადა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური