საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2019-08-09

---

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „მტკიცე სული/Agile Spirit 2019"-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დასავლელ პარტნიორებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ისინი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას მნიშვნელოვან ყურადღებას  უთმობენ.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს იმ მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისათვის, რომელსაც ისინი უწევენ ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სწავლება „მტკიცე სული/Agile Spirit 2019"-ის ორგანიზატორებს -  საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობასა და აშშ-ის  ევროპის სარდლობას ასეთი მნიშვნელოვანი წვრთნების ორგანიზებისთვის.საქართველოსთვის ძალიან საპატიოა სწავლების იმ ციკლში მონაწილეობა, რომელსაც  აშშ-ის ევროპის სარდლობა აწარმოებს. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცე და უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ჩვენმა ქვეყანამ უკვე მეცხრედ უმასპინძლა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას, რომელიც ამჯერად „მტკიცე სული 2019"-ის სახელით მოეწყო. ასეთი სწავლებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სულ უფრო გვაახლოებს ნატოსთან და ზრდის ალიანსთან ჩვენი ქვეყნის თავსებადობის დონეს. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, და თითოეული ეს ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო ქომაგია, ისევე როგორც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართველმა ერმა გააკეთა თავისი ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გულისხმობს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  და ასეთი სწავლებები კიდევ უფრო რეალურს ხდის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.  

„11 წელი გავიდა უმძიმესი ტრაგედიიდან, როდესაც რუსეთის ფედერაციამ  მოახდინა საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია. ეს არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. მეგობრებო, ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. ქართველმა ერმა გააკეთა თავისი ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გულისხმობს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს არის საქართველოს სუვერენული, ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი და ის არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ამ სწავლებამ ხელი შეუწყო საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას. მე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ისინი ასეთ მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე. ასეთი სწავლებები კიდევ უფრო რეალურს ხდის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და სულ უფრო ვუახლოვდებით პრინციპს, რომელიც დავისახეთ, რომ მეტი ნატო ვიხილოთ საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. ქართველმა მოსამსახურეებმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა შესაბამისი პარტნიორობა გაუწიეს თავიანთ კოლეგებს. მიიღეს სათანადო გამოცდილება და მზად არიან მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გამოვლენისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური