პრემიერმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-07-11

  ..


პატივცემულო სტუმრებო,

ძვირფასო მეგობრებო!

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და დიდი პატივია აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის გახსნა და თქვენი მასპინძლობა საქართველოში. მადლობას მოვახსენებ ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების და ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისთვის წელს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან იუბილეს - აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავს.

მადლობას მოვახსენებ ჩვენს პარტნიორებს - აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს წევრ სახელმწიფოს ჩვენი ენთუზიაზმის გაზიარებისთვის და ამ წამოწყებაში ჩვენთან ერთად მონაწილეობისთვის. ასევე მადლიერებას გამოვხატავთ ევროკავშირის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივის მხარდაჭერისთვის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, როგორც დღევანდელი შეკრების თანაორგანიზატორს, რომელმაც დღეს აქ შეკრების შესაძლებლობა მოგვცა.

ასევე დიდად ვაფასებთ ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაწილეობას და ჩართულობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის შედეგად ხელშესახები შედეგების მიღების და ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის მოზიდვის კუთხით.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავს. 10 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ახალი თავი ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 წევრი სახელმწიფოს ისტორიაში. ეს მართლაც გაბედული და შორსმჭვრეტელური იდეა იყო, რომელმაც მისცა ევროკავშირს ტრანსფორმაციის ძალის გამოყენების და ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების არეალის გაფართოების შესაძლებლობა.

გარკვეული დაბრკოლებების მიუხედავად, ბოლო ათწლეულში მაინც მიღწეული იქნა უზარმაზარი პროგრესი. ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროკავშირს და გავაღრმავეთ და განვამტკიცეთ ჩვენი ურთიერთკავშირები. წევრი ქვეყნების უმრავლესობისთვის ეს იყო ფართომასშტაბიანი რეფორმების, დაუღალავი შრომის და საოცარი ტრანსფორმაციის ათწლეული. 10 წლის შემდეგ ჩვენ წარმოვადგენთ აღმოსავლეთ პარტნიორობის, მისი პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის წარმატების მაგალითს.

უდიდესი მნიშვნელობის მქონე ასოცირების ხელშეკრულების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით) ხელმოწერა იყო ისტორიული ეტაპი, რომელმაც ჩვენი ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის სფეროდან შიდა პოლიტიკის სფეროში გადაიტანა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ვალდებულებები იყო, არის და იქნება პრიორიტეტული ჩემი მთავრობისთვის.

აღმოსავლეთ პარტნიორობა, პირველ რიგში, გულისხმობს ურთიერთკავშირების ძალას. საქართველო არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მწირი რესურსების მქონე პატარა ქვეყანამ სასიკეთოდ გამოიყენოს (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში შეთავაზებული შესაძლებლობები რეგიონში მრავალგანზომილებიანი ცენტრის შესაქმნელად.

საქართველო არის პლატფორმა, რომლის მდებარეობაც აძლევს კომპანიებს შესაძლებლობას, გაწვდნენ ყველა მხარეს ყველა მიმართულებით. ჩვენთან ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობის და კანონის უზენაესობის, ასევე ყველა უშუალო თუ სხვა მეზობელთან თანამშრომლობითი ურთიერთობების გათვალისწინებით, დღეს საქართველო საუკეთესო ადგილია ფართო რეგიონში ბიზნესის დასაწყებად.

საქართველოს, როგორც რეგიონების, ეკონომიკების და ადამიანების დამაკავშირებელი ხიდის, როლს ჩვენ განვიხილავთ ბუნებრივად მოცემულ უპირატესობას. ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიულად განლაგებული საქართველო არის ბუნებრივი ხიდი ამ ორ კონტინენტს შორის, რომელიც ევროკავშირთან ვაჭრობაში მომსახურებას სთავაზობს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას.

ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო იქცევა ბიზნესის, ინვესტიციების, ფინანსების, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობის და ლოგისტიკის ცენტრად. საქართველო უკვე არის სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფანი. საქართველოს ტერიტორიაზე გადის მილსადენები, რომლებითაც თურქეთს და ევროპას მიეწოდება კასპიის ზღვის ნავთობი და გაზი, ასევე ახალი საავტომობილო და რკინიგზის ქსელები, რაც აქცევს საქართველოს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად. ჩვენი შავიზღვისპირა პორტების შემდგომი განვითარება ასევე განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის როლს.

თუმცა რეგიონული ცენტრის როლი არ არის ერთადერთი რამ, რაც იზიდავს ინვესტორებს საქართველოში. ჩვენი ყოვლისმომცველი ეკონომიური ხედვა ეფუძნება სამნაწილიან სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მომგებიანობის გაზრდას.

პირველ რიგში, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს უნიკალურ სტრატეგიულ მდებარეობას, ბუნებრივ უპირატესობებს და გონივრულ ფინანსურ მმართველობას ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, რომლის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 5%-ს. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, რასაც ემსახურება ასევე ჩვენი საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც კიდევ უფრო ფართო გზას გაუხსნის ჩვენი მოქალაქეების პოტენციალს. ჩვენ დავხარჯავთ ეროვნული ბიუჯეტის მეოთხედს განათლებაზე და საგანმანათლებლო ინდუსტრიებზე, და ჯამში კერძო სექტორთან ერთად გაწეული ფინანსები შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 12%-ს, რის შედეგადაც განათლება იქცევა ჩვენი ეკონომიკის წამყვან სექტორად.

ჩვენი ტექნოლოგიებში დახელოვნებული და განათლებული სამუშაო ძალა უკვე გასულია საერთაშირისო ასპარეზზე. ჩვენი სურვილია, საქართველო დადგეს გლობალური ცოდნის რევოლუციის ავანგარდში. ამ ძალისხმევის ფარგლებში ჩვენ ვაშენებთ მაღალი ტექნოლოგიების ინჟინერიის და სხვა თანამედროვე სფეროების ახალ სპეციალიზებულ სკოლებს. საქართველო ფაქტობრივად პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც საჯარო მომსახურების მიწოდებაში დაინერგა ბლოკჩეინის ტექნოლოგიები.

მეორე, ჩვენი მიზანია, გავხდეთ ოქროს სტანდარდი ბიზნესის წარმოების სიმარტივის და იურიდიული გამჭვირვალობის კუთხით. დღეს საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქის თვალსაზრისით, ასევე მე-6 ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში, მსოფლიო ბანკის თანახმად. გარდა ამისა, კანონის უზენაესობის ინდექსში ჩვენ შევდივართ ევროპის 20 მოწინავე ქვეყნის რიცხვში.

მესამე, საქართველო იქცევა გლობალური ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად. საქართველო მდებარეობს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების უზარმაზარი და ექსპორტის პრეფერენციული რეჟიმების მზარდი ქსელის გულში, რომელიც მოიცავს ევროკავშირს, თურქეთს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებს. საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან. ჩვენს პარტნიორებს აქვთ შესაძლებლობა, გასწვდნენ 2,3 მილიარდი მომხმარებლის დაუბეგრავ ბაზრებს.

ჩვენი მიზანია საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, შეძლებისდაგვარად, ყველაზე ეფექტიანი გზებით.

საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი ხედვა და ფართო თვალსაწიერი. ჩვენი ქვეყნის ზომის მიუხედავად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სულ უფრო ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში, რომელშიც ჩვენ ყველას ურთიერთთანამშრომლობა გვმართებს.

მე ვამაყობ იმით, რომ საქართველო ითვლება აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების მაგალითად. მაგრამ ჩვენს რეგიონს სჭირდება კიდევ უფრო მეტი წარმატების ისტორია და, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ კიდევ უფრო მეტი დრო, რესურსი და ძალისხმევა უნდა გავიღოთ ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დასაახლოვებლად.

ამ მიზნით კი ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ევროკავშირთან კიდევ უფრო აქტიურ ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრირებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ ევროკავშირიც მომავალშიც მხარს დაუჭერს პრინციპს „მეტი მეტისთვის", რისთვისაც შემოგვთავაზებს კიდევ უფრო აქტიურ ინტეგრაციას ერთიანი ციფრული ბაზრის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, განათლების და სხვა სფეროებში, ასევე შექმნის მობილობის მეტ შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის მხრიდან ჩვენი რეფორმების მხარდაჭერა და დაფასება იქნება გრძელვადიან ჭრილში ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ზონად მდგრადი ტრანსფორმაციის კატალიზატორი.

და ბოლოს, მადლობას მოგახსენებთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ გექნებათ დრო, გაეცნოთ ულამაზეს ბათუმს და ისიამოვნოთ სახელგანთქმული ქართული სტუმარმასპინძლობით; რომ თქვენთვის საქართველო აღმოჩნდება არამხოლოდ სტუმართმოყვარე ქვეყანა, არამედ აქტიური ეკონომიკის მქონე და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი ადგილი.

ვისურვებ ფორუმს ნაყოფიერ მუშაობას.

გმადლობთ ყურადღებისთვის!