საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე იმსჯელეს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-07-11

---

საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია,რომელიც თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აფასებს იმ გზავნილებს, რომლებიც დონალდ ტუსკისგან მოისმინა.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე და აღნიშნეს, რომ საქართველო ამ პლატფორმის ლიდერი ქვეყანაა.

ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელმაც საქართველომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიაღწია, მათ შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების, ასევე საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული გზა არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც ფასეულობებს ეფუძნება.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობასა და იმ ფორმატებზე, რომლებიც ამ პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული "ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა".

საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს საერთო ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა მეტის გაკეთების აუცილებლობას. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ორმხრივ ურთიერთობებში მუხტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის.

მხარეებმა შეხვედრისას ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას  - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური