საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის ახლადაღდგენილი სანაპირო ზოლი დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-07-10

  ..

ქობულეთის 1.2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღდგენა დასრულდა, - შესრულებული სამუშაო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მუნიციპალური ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ და პროექტის ამსახველი გამოფენა დაათვალიერა.

პრემიერი სანაპიროზე მაშველებსა და დამსვენებლებს გაესაუბრა, რომლებიც დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ისარგებლებენ.

„დასრულდა ორ კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ამავდროულად მოიცავდა ბულვარის გაკეთებას. 15 სექტემბრიდან ჩვენ განვაახლებთ სამუშაოებს და მომავალი წლის ზაფხულში ქობულეთში მთელი სანაპირო იქნება მსგავსი თანამედროვე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავამაღლოთ ქობულეთის ტურისტული პოტენციალი. ბევრი საშუალო ზომის სასტუმროს მშენებლობა ხორციელდება. მიუხედავად იმ გამოწვევებისა  რაც გვაქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება და მაქსიმალურად ვეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რომ არც ერთი პროექტი და ინვესტიცია, თუნდაც მცირე მოცულობის არ შეჩერდეს. ივნისი იყო განსაკუთრებით წარმატებული. დაახლოებით 40 პროცენტიანი ზრდა გვქონდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შემდეგ დაიწყო გამოწვევები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ ყველაფერს გავუმკლავდებით",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 ქობულეთის 1.2 კილომეტრიანი სანაპიროს ზოლის აღდგენა ივნისის ბოლოს დასრულდა. ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები და შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური