საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება მედიასთან შეხვედრისას ამოსაბეჭდი ვერსია

2019-06-27

---


დღეს, ჩემს კაბინეტთან ერთად საქართველოს პარლამენტში ვგეგმავდი ჩვენი სამთავრობო პროგრამის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას, სადაც საუბარი გვექნებოდა პროგრამაში გათვალისწინებულ ყველა საკითხზე, თუმცა, ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დღეს საუბარი იმაზე, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა რეფორმა, ჯანდაცვის სექტორში, სოფლის მეურნეობაში და სხვა მიმართულებით, არ შეესაბამება დღეს არსებულ საზოგადოებრივ ინტერესს. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს კოლეგებთან ერთად და მზად ვარ, ნებისმიერ დროს საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად, მივიდე ჩემი კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი წლიური ანგარიში, მათ შორის, რიგგარეშე სესიაზე. 

დღეს საზოგადოებას აინტერესებს ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენები, რომ მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს რეალური სურათი, რასთან გვაქვს საქმე.

2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო ისტორიული თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ახალი ფურცელი ჩვენს ისტორიაში, როდესაც ჩვენ მოძალადე პოლიტიკური ძალა არჩევნების შედეგად შევცვალეთ და დაიწყო ახალი განვითარების პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დღიდან მოყოლებული ჩვენ ყოველ წელს გვესმის ერთი და იგივე - მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის და მისი აგრესიული ჯგუფის რიტორიკა არის ერთი და იგივე - აგრესია, ძალადობა და ყველაფერი, რაც უკავშირდება მთავარ მიზანს, რომ როგორმე შემოიტანონ ქართულ საზოგადოებაში არეულობის განცდა. მათი დღის წესრიგია - არანაირი არჩევნები, ხელისუფლება უნდა დაემხოს. 

განსაკუთრებით, 2016 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვიხილეთ კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული აგრესიული რიტორიკა. იგივე მოხდა თვითმმართველობის არჩევნებზე და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზეც. 
ნებისმიერი არჩევნების წინა პერიოდში  თუ შემდეგ ჩვენ ვისმენთ ერთსა და იმავეს - ეს არის აგრესია, შეტევა კონსტიტუციაზე და ყველანაირი მცდელობა, რომ მოხდეს ქართული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზაცია, რაც სრულიად მიუღებელია. 

7 წელია, ისინი ამას ამზადებენ, ჩაუსაფრდნენ საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ხალხს... ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა.

ის, რაც ჩვენ 20 ივნისს დილით ვიხილეთ, იყო სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ქართველისთვის. ერისთვის, რომელიც მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის - თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი. ამან გამოიწვია გულწრფელი ემოციები ჩვენს მოქალაქეებში, გულწრფელი პროტესტი და თითოეული ჩვენთაგანი ამ პროტესტის სოლიდარულია. ჩვენ იმავე დღეს გვქონდა ძალიან მკაცრი რეაქცია. ეს ასამბლეა თუ კონფერენცია შეწყდა და ყველა დელეგაციამ დატოვა თბილისი.

შემდეგ, საღამოს ჩვენ ამავე დროს ვიხილეთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი. მაგრამ, მოგვიანებით, დესტრუქციული ძალა შეეცადა, ეს გულწრფელი პროტესტი თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალადობა ჩვენს პოლიციელებზე, რომლებიც საქართველოს პარლამენტის პერიმეტრს იცავდნენ. ალბათ არავის აქვს ილუზია, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, რომ მართლაც მოეხერხებინა ამ აგრესიულ ძალას საქართველოს პარლამენტზე  შტურმის ბოლომდე მიყვანა. საქართველოს მოსახლეობის მშვიდობას დაემუქრა საფრთხე, საქართველოს კონსტიტუციაზე იყო პირდაპირი შეტევა და ეს ყველაფერი დასრულდებოდა უმძიმესი ქაოსით ჩვენი ქვეყნისთვის. საპოლიციო სტრუქტურების ვალდებულებაა, დაიცვას ჩვენი მოსახლეობის მშვიდობა და საქართველოს კონსტიტუცია.

რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი პოლიციელების ფიზიკური თავდასხმა და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დადგა ის კრიტიკული მომენტი, როდესაც პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას, შესაბამისად პოლიციას დარჩა ერთადერთი ლეგიტიმური გზა, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ეს არის შეფასება, რომელსაც აკეთებს ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ. ეს იყო უმძიმესი წუთები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათი ჯანმრთელობა, დაზარალდნენ ჩვენი პოლიციელები.

ბოლო მომენტამდე ჩვენი სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა. ის, რაც მოხდა, არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი. ეს არის მათი მოვალეობა, რომ დაიცვან კონსტიტუცია, დაიცვან წესრიგი ქვეყანაში, დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტები. შედეგი მძიმეა იმ თვალსაზრისით, რომ დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები და ადამიანის ჯანმრთელობაზე უფრო მაღლა არაფერი არ დგას. პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენს კონსტიტუციაზე. ეს სრულიად მიუღებელია.

ამასთან ერთად, თითოეული ჩვენთაგანი და ქართული საზოგადოება თანხმდება, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევებს.  ბუნებრივია, ამას სჭირდება ძალიან დეტალური და ტრანსფარენტული გამოძიება. ეს პროცესი მოითხოვს პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას. პოლიტიკური შეფასება ჩვენი მხრიდან უკვე გაკეთდა და რა თქმა უნდა, სამართლებრივ შეფასებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

დაწყებულია გამოძიება პროკურატურაში, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში - სამსახურებრივი მოკვლევა და გამოძიება. პროკურატურის ინიციატივით, გამოძიებაზე მონიტორინგისთვის მოწვეულია ომბუდსმენი, რასაც მე ერთმნიშვნელოვნად მივესალმები და აუცილებელია, ჩვენ უზრუნველვყოთ ამ პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა.


მას შემდეგ, რაც უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა პროვოკაციული მოწოდებების შემდეგ ხალხი და პოლიცია შეატოვეს ერთმანეთს, ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩათრეული აღმოჩნდნენ მასობრივ არეულობაში ორგანიზატორების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სამართალდარღვევა სახეზე იყო, პროკურატურის მოთხოვნით, საპატიმრო ღონისძიება შეეცვალათ. ამჟამად, ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტი, რომელიც იყო ამ პროვოკაციის მსხვერპლი და ფორმალურად იდენტიფიცირებულია, როგორც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი, დღეს საკუთარ სახლში იმყოფება.
ამასთანავე, იდენტიფიცირებულია პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ მასობრივ ძალადობაში სისხლის სამართლებრივად მონაწილე პირები. ისინი, ორგანიზატორებთან ერთად, აუცილებლად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამასთან ერთად, 10 პოლიციელს უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება, რამდენიმე მათგანის საქმიანობაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების პროცესის მაქსიმალურ ტრანსფარენტულობას. 


ეს პროცესი ძალიან მაღალი დონის შიდა და საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ არის. ჩვენი პირველადი ამოცანაა, ეს პროვოკაცია ამოიწუროს და არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ გვიჭირს და გვაქვს უმაღლესი სტანდარტი. ასე მოხდა, როდესაც ჩვენს უახლეს ისტორიაში გადადგა გენერალური პროკურორი და იგივე შემიძლია ვთქვა, როდესაც გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. 

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მსურს, გავიმეორო - ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსფარენტულ და გამჭვირვალე გამოძიებას, როდესაც საუბარია ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე და ამაზეც არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს. 

თუ ცალკეული შემთხვევების ერთობლიობა, ის ანალიზი, რომელიც დაიდება გამოძიების მიერ, იქნება შესაბამისი, პირველ რიგში სწორედ ქართული საზოგადოება იქნება ის, ვინც ამას განსაზღვრავს და შეაფასებს.

ჩვენ გუნდში არ გვყავს არავინ, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან  კარგად იცის.

ფაქტი ერთია - მოხდა ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მძიმე სცენარის არიდება და ამის პარალელურად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები. ამას სჭირდება შესაბამისი შეფასებები, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივით და ამას ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ. დაშავებული მოქალაქეები თითოეული ჩვენთაგანის ტკივილია. სახელმწიფო და საზოგადოება ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყოს მოშუშებული ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური იარები.

80-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა იმ ღამეს  საქართველოს პარლამენტის წინ. ეს იყო უმძიმესი წუთები და დღეები ჩვენი სახელმწიფოსთვის. მოსახლეობამ კიდევ  ერთხელ კარგად დაინახა, რა დესტრუქციულ ძალასთან გვაქვს საქმე - ძალასთან, რომელიც მზად არის, ხელი მოაწეროს ყველაფერს იმისთვის, რომ შედგეს მათი რევანშისტული მიზნები. ეს გამორიცხულია და არასდროს მოხდება.

მსურს, გამოვხატო ჩემი წუხილი, რომ 20 ივნისის ღამეს მედიის ბევრი წარმომადგენელი დაშავდა. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მძიმე საყურებელი იყო.



პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური