საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე ამოსაბეჭდი ვერსია

2019-06-21

ის, რაც დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ვიხილეთ, სრულიად მიუღებელია ერისთვის, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის - თავისუფლებისთვის. ეს იყო განსაკუთრებით მიუღებელი სურათი, რომელმაც თითოეულ ქართველში გამოიწვია ნეგატიური ემოცია, რაც უნდა გამოეწვია და მე ვარ სოლიდარული ჩვენი საზოგადოების ყველა წევრთან. თავდაპირველად პროცესები მშვიდობიანი პროტესტის ფორმით დაიწყო. საქართველოში ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს უფლება, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი. ეს იყო გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი. მაგრამ ბოლო ორი საათის განმავლობაში რასაც თვალს ვადევნებთ, ეს არის ძალადობა, მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა - „ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველო გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნა და უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას. მთელი 7 წლის განმავლობაში ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა", შემოეტანა დისონანსი, არასტაბილურობის განცდა ჩვენს საზოგადოებაში, რაც მას არ გამოსდიოდა და არც არასოდეს გამოუვა.


მსურს, განსაკუთრებით მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, თაობას რომლის ხელშია საქართველოს მომავალი, რომელიც არის ყველაზე დიდი ენერგიის და სამართლიანობის მატარებელი. მინდა, მათ კიდევ ერთხელ ვუთხრა - მე ვარ თქვენს გვერდით იმ გულწრფელ პროტესტში, რომელიც თითოეულ თქვენგანს ამოძრავებს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში. თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგად ახსოვს, რომ ეს პოლიტიკური ძალა ასოცირებულია უკანონობასთან და ძალადობასთან. საქართველოში ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა და ქართული სახელმწიფო ძალადობას არასოდეს შეურიგდება. სამართლიანი და გულწრფელ პროტესტს ადგილი აქვს საზოგადოების დიდ ნაწილში, მათ შორის ჩემში, მაგრამ ძალადობა მიუღებელია და მას ექნება ადეკვატური პასუხი.
მსურს, მივმართო საზოგადოებას, რადგან მეც ვარ საზოგადოების ნაწილი და ჩემთვისაც ეს ყველაფერი ისევე მიუღებელი იყო, როგორც თითოეული თქვენგანისთვის და ბუნებრივია, ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა, თუმცა, ის ფაქტი, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ, არის იმის მაგალითი, რომ საქმე გვაქვს პროვოკაციასთან.
მივმართავ საზოგადოებას - დიახ, მეგობრებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია და მე თქვენს გვერდით ვარ ამ პროტესტში, მაგრამ ამავდროულად, ეს უპასუხისმგებლო, ძალადობაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეს გამოიყენოს პროვოკაციის წყაროდ. ბუნებრივია, ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა სახელმწიფომ მათ ამის საშუალება არ უნდა მისცეს და არც მისცემს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ახალგაზრდებს, მეგობრებო, ჩემო კარგებო, მე ვარ თქვენს გვერდით და თქვენი პროტესტი არის სამართლიანი. ამავე დროს, თითოეული თქვენგანი ადევნებს თვალ-ყურს, როგორ ცდილობენ, თქვენი გულწრფელი პროტესტი თავიანთი პროვოკაციებისთვის გამოიყენონ.
ჩემი შეფასებაა, რომ საქართველოს პარლამენტში ეს ფორუმი არ უნდა ჩატარებულიყო. ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ეს ისეთივე ემოციური და მიუღებელია, როგორც თითოეული მოქალაქისთვის. შესაბამისად, ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს და აიღებს. თუმცა, დღეს ამ წუთებში საკითხი დგას სხვანაირად. დღეს ადგილი აქვს მცდელობას, საქართველო მოწყვიტონ მდგრადი განვითარების ორბიტას. ეს არავის გამოუვა. ეს არ არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ.


კიდევ ერთი მტკიცებულება, რატომ არის ეს პროვოკაცია: სოციალურ ქსელებში და „ნაციონალური მოძრაობის" მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. „ქართული ოცნების" ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის ხელწერა, რითაც ის ქართულ საზოგადოებას დაამახსოვრდა. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა დღესაც და წინ უსწრებდა დღევანდელ დღეს, საერთო პროვოკაციის ნაწილია.


მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული დემოკრატია, ქართული კონსტიტუცია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური