საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ფესტივალი „ევროპალია საქართველო“ კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, ჩვენი ქვეყანა წარსდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე ამოსაბეჭდი ვერსია

2019-06-17

 

ფესტივალი „ევროპალია საქართველო" კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, ჩვენი ქვეყანა წარსდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ფესტივალის ფარგლებში, საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც გაიმართება კულტურული ღონისძიებები. 4 თვის განმავლობაში, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით,  400-მდე ღონისძიება იგეგმება.
 
„მოეწყობა გამოფენები, კონცერტები, ლიტერატურული ღონისძიებები, კონფერენციები, სხვადასხვა ტიპის მხატვრული და კულტურული აქტივობები. ჩვენ ვართ ევროპის კულტურის სივრცის საერთო ნაწილი და „ევროპალია" არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი და ღონისძიება ევროკავშირის ფარგლებში, ევროპულ ოჯახში, რაც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. მე მსურს, ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური