საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ქვეყანაში არსეებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ესაუბრა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-06-12

---

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.


მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, ქვეყანაში არსებულ დაბალ გადასახადებსა და მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე, რომლებიც ინვესტორებს უდიდეს სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომას აძლევს.


პრემიერმა ექსპერტებსა და მსხვილი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ცენტრად გარდაქმნას ისახავს მიზნად.


ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის განმავლობაში არსებულ მიღწევებს და თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით.
შეხვედრაზე, მამუკა ბახტაძემ ასევე ყურადღება დაუთმო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და განსაკუთრებით აღნიშნა ამ გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო სადილი ამერიკის საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური