საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - წმინდა ნინოს შემოსვლა იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2019-06-01

 --

წმინდა ნინოს შემოსვლა იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ფოკაში განაცხადა, სადაც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

მთავრობის მეთაურის თქმით, 300 წლის განმავლობაში ამ ადგილზე ქართული ლოცვა არ აღევლინებოდა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით 30 წლის წინ აქ ქართული წირვა-ლოცვა აღდგა, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო.


"მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. 1700 წლის წინ ამ წმინდა მიწაზე ფეხი დაადგა წმინდა ნინომ ვაზის ჯვრით და დაიწყო და გაგრძელდა მოქცევა ქართლისა. ეს იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის. ჩვენ რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ ჩვენი მთავარი დღესასწაული - 26 მაისი, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 1700 წელს მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო და დაიწყო ქადაგება ჭეშმარიტი რელიგიისა. ეს არის ის ძლიერი ფესვები, რომელზეც დგას ქართული სახელმწიფო, რითაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ამაყობს. ისტორიული ქარტეხილების გამო, თითქმის 300 წლის განმავლობაში ამ წმინდა ადგილებში ლოცვა არ აღევლინებოდა. ჩვენი უწმინდესის ძალისხმევით და ინიციატივით, 30 წლის წინ დაიწყო ქართულად ლოცვის აღვლენა ამ ულამაზეს კუთხეში და ესეც არის ეპოქალური მნიშვნელობის პერიოდი. აქ მოღვაწეობენ ბერ-მონაზვნები, რომელთა მიმართაც მე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დავაფიქსირო. თქვენ თქვენი ლოცვით, 24 საათიანი შრომით აძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს და ამისათვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ იგეგმება საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ტურისტების რაოდენობას ათჯერ გაზრდის.


"მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს ღირსეულ შვილებს. ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვან ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომ ახალი ეკონომიკური სიცოცხლე შემოვიტანოთ ამ ულამაზეს კუთხეში. ეს იქნება ახალი გზები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მინიმუმ ათჯერ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ამ ულამაზეს კუთხეში. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა საგანძურის მფლობელია ეს ულამაზესი კუთხე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა მღვდელმთავრებსა და ადგილობრივ მოსახლრობასთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღო საზეიმო მსვლელობაში, რომელიც ფარავნის ტბასთან დასრულდა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური