საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - „ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში ჩატარდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-23

თავისუფალი არჩევანი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შუალედური არჩევნები მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ‘'ქართული ოცნების'' ხელისუფლების პირობებში  კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

„ყველა ოლქში პირველსავე ტურში გაიმარჯვეს ჩვენს მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა. რაც შეეხება მთაწმინდას, აქ გვაქვს მეორე ტური, რაც, ბუნებრივია  დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გამოვლინებაა. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური ჩაივლის ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო პირველი ტური - მშვიდობიანად, დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტების დაცვით, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები მიიღებენ  გადაწყვეტილებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსის შეტანას ცდილობდნენ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საარჩევნო კომისიის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს, რომლებმაც მისი შეფასებით, პროფესიონალიზმის ძალიან  მაღალი ხარისხი აჩვენეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური