საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძისა და კრისტინ ლაგარდის ერთობლივი პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

 2019-05-20

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

მაქვს პატივი, საქართველოში ვუმასპინძლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს და საქართველოს ძალიან კარგ მეგობარს. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ დიდი ხანია, ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა გვაკავშირებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ქალბატონი ლაგარდის ხელმძღვანელობის პერიოდში გახდა განსაკუთრებით ნაყოფიერი ჩვენსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობა  და მინდა მას ამ თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. მე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ჩამომიყალიბდა კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობები და მისი დღევანდელი ვიზიტიც გახლავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება იმ რეფორმებისადმი, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ. როდესაც ვსაუბრობთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ მოქალაქეს, როდესაც ვსაუბრობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ინოვაციებზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, რაც შეიძლება მეტი ქალის ჩართვაზე სამეწარმეო საქმიანობაში, ნებისმიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ეს არის სწორედ ის წესრიგი, რომელსაც ქალბატონი ლაგარდი ყველგან ამკვიდრებს და მსურს, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.

ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გვაქვს ძალიან წარმატებული პროგრამა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა და მთლიანად ეყრდნობა ჩვენი მთავრობის რეფორმების გეგმას. ამ სამწლიანი პროგრამით გათვალისწინებული მიზნები მინდა გითხრათ, რომ უკვე შესრულებულია  ერთი წლის წინსწრებით შესრულდა - ეს გახლავთ მიმდინარე ხარჯების შემცირება, კაპიტალური ხარჯების დაჩქარება და დეფიციტის ნორმალიზაცია.

ძალიან კარგად მახსოვს ჩემი შეხვედრა რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდში, როდესაც  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ძალიან მძიმე ციფრები გვქონდა. ის თითქმის 13 პროცენტს უახლოვდებოდა. მაშინ მე ვთქვი და ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ გავატარებდით ისეთ რეფორმებს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, საქართველოში ჩაგვენაცვლებინა იმპორტი, გვქონოდა უფრო მეტი ექსპორტი და შეგვემცირებინა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ის თითქმის ორჯერ შევამცირეთ და აქაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ ვაპირებთ მეტად აქტიურ თანამშრომლობას კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამაზე და ჩვენ ამისთვის მოტივირებული ვართ.

ჩვენ ამავე დროს ვაფასებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას იმ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმაში, რომელსაც საპენსიო რეფორმა ჰქვია. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე რეფორმა, რომელიც ძალიან ბევრი პრობლემის და გამოწვევის  გადაჭრაში დაგვეხმარება, რომელიც საქართველოს წინაშე დგას დღეს და რომელიც მომავალში გვექნება.

ბოლოს, მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლაგარდს და ფონდს იმ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმაში მონაწილეობისთვის, რომელსაც ჩვენ ეროვნულ იდეას ვუწოდებთ - ეს არის განათლება, ადამიანური კაპიტალი და ყველა ის სიმდიდრე, რომელიც აქვს საქართველოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, აქ ჩვენ ველოდებით კონკრეტულ შედეგებს, ისეთ შედეგებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში. მსურს, კიდევ ერთხელ ქალბატონ ლაგარდს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის. მადლობას ვუხდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალი პროგრამა მომავალში ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც დღეს არსებული პროგრამა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი:


მოგესალმებით,

ბატონო პრემიერო, ფინანსთა მინისტრობის დროსაც, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის რანგში, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენთან მუშაობა, იმიტომ რომ თქვენ წარმოადგენთ საქართველოს, უმშვენიერესი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ქალთა და მამაკაცთა ინტერესებს თქვენი ქვეყნის სახელით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი გუნდის სახელით, რომელიც ამ დარბაზში შეიკრიბა, გვაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ შეგხვდეთ ბატონო პრემიერო თქვენ და მთელს თქვენს გუნდს, ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრებს და რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ჩემთვის ეს ვიზიტი მრავლისმთქმელია. მე ძალიან მახარებს საქართველოში პირველად ყოფნა. მისი სილამაზე, მისი ხალხი, რესურსები თვალწარმტაცია. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქართული ღვინოც დავაგემოვნე და ნამდვილად ვხედავ, რამხელა ხარისხი და კრეატიულობაა ამ ყველაფერში, შენობებსა და არქიტექტურაში. ძალიან დახვეწილია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა - სოფლის მეურნეობის პროდუქციაც. ფრანგი ვარ და კიდევ რას ვიტყოდი ღვინოზე და კულინარიაზე მეტს. ჩემი მიზანი ამ ვიზიტის ფარგლებში არის ის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქართველებისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის შეიმუშავა. ჩვენ გვაქვს დიდი პატივი, რომ ვართ პარტნიორები მთავრობის ამ პროგრამის ფარგლებში და ვეხმარებით ქვეყანას იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს გაიყვანს უკეთეს მაჩვენებლებზე. ეს მუშაობა, რაც საქართველოში ტარდება სხვებისთვის შესაშურია. ჩვენ ერთად შევეცდებით დეფიციტის შემცირებას და თქვენს გუნდთან ერთად, ჩვენი მხარდაჭერით გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ბევრი რეფორმა განხორციელდა საქართველოში და ბევრი რამ გაუმჯობესდა, ბევრი მაჩვენებელი არის გაზრდილი და ბევრი რამ არის აღიარებული, ბევრი უწყება დახვეწილია. მაგრამ, ჩვენი პარტნიორობა სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში პრიორიტეტების მიხედვით ყოველდღიური ურთიერთობა, ყველაფერი, რასაც ერთობლივად ვაკეთებთ, გათვლილია წარმატებაზე და მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება ეს ტერმინები ბევრისთვის დამაბნეველი იყოს, მაგრამ მაკროეკონომიკა არის ის სტიმული, რაც საქართველოში მეტ ინვესტორს ჩამოიყვანს. ის არის სტაბილურობის გარანტი.

ეს ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი და სამუშაო ადგილების შემქმნელი დარგები არის ის, რასაც განვითარებისგან ხალხი ელის.

თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა, ბატონო პრემიერო, სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, განათლების, ინკლუზიური ზრდის მიმართულებით.

უსასრულოდ შემიძლია ჩამოვთვალო ის ამოცანები, რაც თქვენს პროგრამაში შედის და რაც დასახული გაქვთ თქვენი ხალხისთვის, რათა მიღწეული იყოს სტაბილურობა და წინსვლა თქვენს საზოგადოებაში. ჩვენ კვლავ ვკისრულობთ გააზრებულ ვალდებულებას თქვენს წინაშე. მალე მეოთხე მიმოხილვა დასრულდება. მესამე მიმოხილვა გასული წლის დეკემბერში დასრულდა. კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანამ პროგრამა დაასრულოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივაც ძალიან დიდი წარმატება გექნებათ. მე დაგეხმარებით თქვენ და ქვეყნის ხელისუფლებას მომავალშიც, რომ რეფორმები განხორციელდეს თქვენს მიერ დასახული და ჩვენთან შეთანხმებული მიზნების შესაბამისად.

მინდა მოგილოცოთ, ძალიან შთამბეჭდავია განათლების რეფორმის პროგრამის ხარისხი, ბაღიდან უმაღლესი განათლების და მეცნიერების ჩათვლით. ხარისხი გადამწყვეტია და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით და ინვესტორებისთვის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, ქვეყნის განვითარებისთვის, სასამართლო სისტემის დახვეწისთვის, რაც არის დამოუკიდებლობის გარანტი, საქართველოში არსებობს რეფორმების განმაპირობებელი პლატფორმა. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, ბატონო პრემიერო.