საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ერთიანი სულისკვეთებითა და ძალისხმევით ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია

2019-05-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სრულიად საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე ხაზი გაუსვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მნიშვნელობას, რომელიც დღეს ეკურთხა და აღნიშნა, რომ ეს ტაძარი არის მაგალითი იმისა, რომ ერთსულოვნებითა და ერთობლივი ძალისხმევით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. 

„სამწუხაროდ, მახათას მთაზე აუდიო და ვიდეო გადაცემისას შეიქმნა ტექნიკური პრობლემა. მე მაქვს გულითადი სურვილი, საზოგადოებას გადავცე ჩემი ემოცია და დამოკიდებულება ამ დღესთან დაკავშირებით. მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია ჩვენი ერის ისტორიაში. ჩვენ აღვნიშნავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს. ამასთან ერთად, დღეს აღევლინა ლოცვა ძალიან მნიშვნელოვან ტაძარში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, რომელიც აშენდა მთელი ერის მიერ. ამასთან ერთად, დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და იმედის დღეს. მსურს, საზოგადოებას, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული. დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ როდესაც ერს აქვს ერთიანი სულისკვეთება და ერთიანდება თითოეული ადამიანის ძალისხმევა, ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ უახლოეს პერიოდში, ჩვენ ამავე ტერიტორიაზე დავიწყებთ ახალი საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის, მუზეუმის მშენებლობას. ამავე დროს, ავაშენებთ სამეცნიერო-კვლევით ცენტრსაც. საგანმანათლებლო-კულტურულ მუზეუმში იქნება შესაძლებლობა, მოვახდინოთ ყველაზე დიდი სიმდიდრის - ჩვენი ეროვნული საგანძურის დემონსტრირება. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის რეალიზაციის შედეგად მახათას მთა გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობად და თითოეული ქართველისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი გახდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური