საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კურთხევას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-12

  ..  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კურთხევას და საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

საზეიმო წირვის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და მახათას მთაზე დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ აღმშენებლობითი პროცესი უნდა გაგრძელდეს.

"დღეს არის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე. დღესვე ეკურთხა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი. ასევე აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და იმედის დღეს. მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს ტაძარი არის მართლაც გამორჩეული. თითოეულმა ქართველმა, ჩვენმა ერმა, ერთობლივი ძალისხმევითა და სულისკვეთებით ავაშენეთ ეს ტაძარი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აღმშენებლობითი პროცესი. რამდენიმე დღის წინ მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ამავე ტერიტორიაზე აშენდება კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც განთავსდება ჩვენი უნიკალური ისტორიის არტეფაქტები, სხვადასხვა ნამუშევრები. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი ყველა ადამიანისთვის, ყველა ქართველისთვის საყვარელი გახდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური