საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კახათში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-11

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ კახათში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო. 

პრემიერმა შეწამვლის პროცესსა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სხვა საშუალებებზე ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისა და მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებისგან მოისმინა. 

აღინიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის რესურსი გაათმაგებულია და 2019 წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

მინისტრმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია "თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან" ერთად შემუშავებული „თხილის გადარჩენის პროგრამის" ფარგლებში მიმდინარე კომპლექსური ღონისძიებების შესახებაც. კერძოდ, სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლებიც ფერმერებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ. პარალელურად, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ტარდება მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები, რათა დროულად ჩატარდეს აგროსამუშაოები და მოსახლეობამ ნაკლებად იზარალოს. 

პრემიერმა მინისტრს და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებს დაავალა, მაქსიმალური დახმარება გაუწიონ მოსახლეობას მავნებელთან ბრძოლის პროცესში და არ დარჩეს ოჯახი, რომელსაც არ ექნება ინფორმაცია შესაწამლი საშუალებებისა და ბრძოლის მეთოდების შესახებ. 

სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად არის მობილიზებული ყველა რესურსი იმისათვის, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და შეუფერხებლად ჩატარდეს. 

დასავლეთ საქართველოში მოქმედებს მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრი.

2017 წელთან შედარებით, გაათმაგებულია ტექნიკური შესაძლებლობები და მობილიზებულია 250 -ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა.

ღონისძიებები,სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, მავნებლის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე მიმდინარეობს.

სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში სისტემატურად ტარდება მონიტორინგი და ყოველდღიურად იმართება შეხვედრები მოსახლეობასთან.

განთავსებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე" სადგური, რომელთა მეშვეობითაც ნადგურდება გამოსული მავნებელი.
მონიტორინგის შედეგად განსაზღვრულია პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები, სადაც კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაიწყება ფართობების დამუშავება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებსა და კერძო საკუთრებაში არსებულ ერთწლიანი კულტურების დიდ მასივებში.

მავნებელთან ბრძოლის პროცესში, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა
მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსახლეობის ინფორმირებულობა. ამ მიზნით, შექმნილია გზავნილების სისტემა და სპეციალური ვებგვერდი. ტარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია.

2019 წელს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.  

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური