საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდი შეიქმნა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-10

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდი შეიქმნა, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინიციატივა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

მამუკა ბახტაძის თქმით, ინიციატივა დიასპორას მისცემს საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობას, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას ქმედითად შეუწყობს ხელს.

„დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. მეტიც, მოგეხსენებათ, რომ ახალი კონსტიტუციით ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ  საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენაში. სწორედ ამას ემსახურება დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მექანიზმი, რომელიც ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა და ჯერ საპილოტე რეჟიმში იმუშავებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საკონკურსო პროექტის შეტანა მოქალაქეებს 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება და ამ მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსება მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური